ორგანიზაციის პოტენციალის გაძლიერების სტრატეგიული გეგმის ფარგლებში, 15-16 მაისს ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებისათვის ბათუმში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „პროექტის დიზაინი და მართვა“. ტრენინგი აიგო პრაქტიკულ მუშაობაზე, რომლის მიზანი იყო მონაწილეთა მიერ საკუთარი რეგიონის, თემის დონეზე პრობლემების იდენტიფიცირება და საპროექტო წინადადებების მომზადება.

მონაწილეები გაეცნენ ფანდრაიზინგის ტექნოლოგიებს, პროექტის საბაზო ელემენტებს, დაწერის სტრუქტურას, ლოგიკური მატრიცის გამოყენებას.
ჯგუფური სამუშაოების მეშვეობით მონაწილეებმა შეძლეს პრობლემების გამოკვეთა და პროექტის მიზნები, ამოცანებისა და შედეგების ჩამოყალიბება. მიღებული ცოდნის შედეგად ისინი დამოუკიდებლად შეიმუშავებენ პროექტებს და შეეძლებათ ფინანსური მხარდაჭერის მოძიება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა შეხვედრები ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრებთან, რომლებიც ადგილობრივი სოციალური ჯგუფების გენდერულ საჭიროებათა კვლევას ატარებენ. კიდევ ერთხელ დაზუსტდა კვლევის გრაფიკი, განისაზღვრა ანგარიშის წარდგენის ვადები. საბჭოს წევრები იმედოვნებენ, რომ ისევე, როგორც შარშან, მოხერხდება პრობლემების იდენტიფიცირება და შემდგომში თვითმმართველობასთან თანამშრომლობა მათი ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვის კუთხით.
იურისტის საინფორმაციო შეხვედრას ქუთაისში, ყოფილი კოოპერაციული სასწავლებლის კოლექტიურ ცენტრში ესწრებოდნენ აფხაზეთიდან დევნილი ქალები და მამაკაცები. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მათი ინფორმირებულობა სხვადასხვა იურიდიულ საკითხზე, მათი პრობლემების გამოვლენა და მოგვარების გზების ერთობლივი ძებნა.
ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭო პრობლემის ადვოკატირების მიზნით საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები და ფონდი „სოხუმის“ ხელმძღვანელები.
გენდერული თანასწორობის თემა ახალგაზრდებმა განსაკუთრებული ინტერესით განიხილეს წყალტუბოში, სენაკსა და ხონში. აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა შემდეგ საკითხში: როგორ უნდა განაწილდეს როლები ოჯახში თანაბრად. ახალგაზრდების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართველი ქალი, ტრადიციულად, ქმრის მორჩილია, მამაკაცი კი მეპატრონეა. როცა ეს „ბალანსი“ ირღვევა, იწყება წინააღმდეგობა.
4 წელია, ვითარდება პარტნიორობა ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციასთან - დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობა - NESEHNUTI: ახალგაზრდული ფორუმ-თეატრების ფესტივალის მოწყობა; ქუთაისში გენდერული საკითხების ადვოკატირების პროცესის მხარდაჭერა; ქუთაისში გამართული BarCamp; ახალგაზრდული საერთაშორისო ჯგუფის მასპინძლობა ფონდ „სოხუმში“.

ეთიკის, ესთეტიკის, სქესობრივი აღზრდისა და ნაადრევი ქორწინების პრობლემებზე ახალგაზრდული კლუბების კიდევ სამი შეხვედრა ჩატარდა. ამჯერად - სენაკის მე-7 სკოლაში, ფოთისა და ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
ტრადიციულად, იურიდიული კონსულტაციები და საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ქუთაისის, სენაკის, ხონის, წყალტუბოს, ფოთის და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრები სხვადასხვა თემას მიეძღვნა: როგორია სასამართლო სისტემა, როგორ დაიცვას თავი მოქალაქემ, სესხი, სესხის ვალდებულება, ოჯახში ძალადობის კანონი, განქორწინება, ალიმენტის დანიშვნის პროცედურები.