ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება, სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.
ძალადობის მონიტორინგის 7 ანკეტა შეივსო აგვისტოში ქუთაისის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის, ოზურგეთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მობილიზატორებმა ანკეტებში აღწერეს რეალური შემთხვევები - ძალადობა ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი ქმრის მხრიდან. მათ 4 ქალი კონსულტირებისათვის ფსიქოლოგთან გადაამისამართეს, ერთი კი იურისტის კონსულტაციას მიიღებს.
ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში აგვისტოს თვეში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა მერის წარმომადგენელთან სოფელ კახათში. ასევე საინფორმაციო შეხვედრა სოფელ კახათში და ორსანტიაში მცხოვრებ ქალბატონებთან.
შეხვედრებზე ისაუბრეს ქალთა მიმართ და ოჯახურ ძალადობაზე, გამომწვევ მიზეზებზე, შედეგებზე. შეკრებილები აქტიურად განიხილავდნენ თემას და კონკრეტულ ქეისებს.
ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა საქველმოქმედო აქცია გამართა სოფელ კახათში მცხოვრები დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის. მათ დაურიგდათ სათამაშოები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საოჯახო ნივთები.
სენაკში გაიმართა ფსიქოლოგის შეხვედრა ოჯახურ წყვილთან წყენისა და არარეალური მოლოდინების პრობლემის კუთხით, აგრეთვე - ინდივიდუალური თერაპია ახლობელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტრავმის გამო.
ფსიქოლოგიური საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდა ფოთშიც. ჯგუფურ შეხვედრაზე განიხილეს ფსიქოლოგიური პრესინგის თემა. ამას გარდა, ფსიქოლოგი შეხვდა ოჯახურ წყვილს - იმუშავეს ურთიერთობებში ემოციური უფლებებისა და მოვალეობების ტექნიკაზე. ჩატარდა აგრეთვე ინდივიდუალური კონსულტაცია დეპრესიის პრობლემასთან დაკავშირებით.
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის „ჰარმონიული გარემო პატარებისათვის“ ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა მე-16 ბაგა-ბაღის პედაგოგებთან და აღსაზრდელთა მშობლებთან. სექტემბერში გაიმართება ტრენინგი. მასზე განხილული იქნება სხვადასხვა აქტუალური საკითხი, რომელიც ბავშვების სწორ აღზრდას და მათთვის ჰარმონიული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.
„როცა ჩვენს შიგნით მიმდინარეობს კონფლიქტი, არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. ხშირად აგრესია გარეთ გამოგვაქვს და იმ ადამიანებთან ვაფუჭებთ ურთიერთობას, რომლებიც ჩვენთვის ძალიან ახლობელია, - ასეთი შინაარსის რეპლიკები ჰქონდათ ახალგაზრდებს ვორკშოპებზე, სადაც განიხილეს პიროვნული კონფლიქტები და მისი მართვა.
მონაწილეები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ინფორმირება კონფლიქტების მართვაზე, რადგან პიროვნული კონფლიქტები ნეგატიურად მოქმედებს ადამიანზე და ხელს უწყობს ოჯახში ძალადობის განვითარებას.
ვორკშოპები ჩატარდა წყალტუბოში, თერჯოლაში, ზუგდიდში, ხონსა და ფოთში. მასში 41-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
„ნუ მოითმენ, დაარღვიე დუმილი!“ - ასე ჰქვია ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალ მცირე პროექტს. პროექტის ფარგლებში სოფელ ორსანტიაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ქალთა ჯგუფთან. შეხვედრაზე ისაუბრეს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე. შეხვედრა გაიმართა მერის წარმომადგენელთან.
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა ახალ მცირე პროექტზე დაიწყო მუშაობა. პროექტის „ჰარმონიული გარემო პატარებისათვის“ ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა მე-16 ბაგა-ბაღის დირექციასთან და ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანთან.
შეხვედრების მიზანია ღონისძიებების დაგეგმვა და სექტემბერში საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის ჩანიშნული ტრენინგის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.
პროექტში ჩართულ ადამიანებს დაურიგდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მომზადებული საინფორმაციო ფურცლები პროექტის შესახებ.
ივლისში აქტიურად მუშაობდნენ ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგები. გრძელდება ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული კონსულტირება, რომელიც 5 ბენეფიციარმა გაიარა.
„ვმუშაობთ ქცევის მოდელის გამოსწორებაზე, უტერთოიბების კორექციის ტექნიკაზე. ერთმა ქალმა უკვე დაძლია დეპრესია,“ - ამბობს ერთ-ერთი ფსიქოლოგი.
ფსიქოლოგები ხვდებიან ოჯახურ წყვილებს და ქალებს რისკ-ჯგუფიდან. ისინი ერთად მუშაობენ კონფლიქტების მართვის და ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლების ტექნიკაზე.
კონსულტაციები ჩატარდა ქუთაისის,ხურჩა/კოკის, სენაკის, ფოთის, წყალტუბოს, ხონის, ოზურგეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. უკვე არის საგრძნობი შედეგები.
კრიზისულ ოჯახებთან მუშაობა - ერთ-ერთი პიორიტეტია პროექტში „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“. გრძელდება კონფლიქტოლოგისა და ფსიქოლოგის შეხვედრები ოჯახურ წყვილებთან. პერიოდული სეანსების შემდეგ წყვილების ურთიერთობაში ცვლილებები შეიმჩნევა. მხარეები ცდილობენ, შეცვალონ კომუნიკაციის ფორმები და სტაბილურობა დაამკვიდრონ. სტაბილურობის შენარჩუნებაში მათ ეხმარება ინდივიადუალური რჩევები, რომელთაც ყოველი სეანსის შემდეგ იღებენ.