ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება, სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.
სენაკში გრძელდება მუშაობა ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტში „ჯანსაღი ახალგაზრდები - უკეთესი მომავლისათვის“. მარტში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თეკლათის გამგებელთან და ვორკშოპი თეკლათის სკოლის უფროსკლასელებთან ალკოჰოლის მავნე ზეგავლენის თემაზე.
შეხვედრამ ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის ფონზე ჩაიარა. მათ დააფიქსირეს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის მნიშვნელობა. ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას.
ახალგაზრდებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მცირედი აქციაც მოაწყვეს.
დასახული აქტივობების გაცნობის და ერთობლივი მუშაობის დაგეგმვის მიზნით ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ხელმძღვანელი შეხვდა ბაღების გაერთიანების ფსიქოლოგს, საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორს, სოციალური სააგენტოს იურისტს და სოციალურ მუშაკს, თვითმმართველობის წარმომადგენლებს. მათი მხრიდან დაფიქსირდა საპროექტო აქტივობებში ჩართვის მზადყოფნა. აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობისთვის და ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას.
მარტში სამ კრიზისულ წყვილთან გაიმართა ფსიქოლოგისა და კონფლიქტოლოგის შეხვედრა/კონსულტაცია. კონფლიქტების გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა: სოციალური საკითხები, ფსიქოლოგიური დაძაბულობა, შეუთანხმებლობა.
წყვილები ცდილობენ შექმნილი სიტუაციის გაანალიზებას, მოსალოდნელი რისკების განსაზღვრას და ფიქრობენ გამოსავალზე. კონსულტაციის შემდეგ მხარეებმა ინდივიდუალურად მიიღეს რჩევები კრიზისის დასაძლევად.
აქტიურ ეტაპზეა წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი „გენდერული ცნობიერება ახალგაზრდებში.“ მეორე საჯარო სკოლაში ჩატარდა ვორკშოპი ახალგაზრდებთან და საინფორმაციო შეხვედრა სკოლის დირექციასთან.
შეხვედრის თემა იყო - გენდერის არსი, გენდერული პოლიტიკის მნიშვნელობა. მუშობაში აქტიურად ჩაერთნენ წყალტუბოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი მზია კიკალიშვილი და გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი ლელა ბერძენიშვილი.
მონაწილეთა დაინტერესება გამოიწვია მუნიციპალური გენდერული პოლიტიკის კუთხით მიმდინარე ცვლილებებმა. ბავშვებმა და პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ გენდერული თემატიკა დღითიდღე აქტუალური ხდება. ასეთი სახის შეხვედრები ხელს უწყობს მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების ურთიერთობების გამყარებას, რაც საზოგადოებაში ჯანსაღი კლიმატის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ფაქტორია.
მონაწილეების აქტიური ჩართულობის ფონზე ჩაიარა ვორკშოპებმა თემაზე „სქესობრივი განათლების მნიშვნელობა მოზარდებში“. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ამ კუთხით არაფორმალური განათლების მიღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვორკშოპების ბოლოს შეიქმნა ახალგაზრდული ჯგუფები, რომლებიც განაგრძობენ თანატოლთა ინფორმირებას.
მუშაობა ჩატარდა გოჩა ჯიხაიშისა და ნახახულევის სკოლებში ხონის ქალთა მხარდაჭერის მცირე პროექტის ფარგლებში.
ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრები შეუერთდნენ ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ საყოველთაო კამპანიას. ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და აქტიურ ქალბატონებთან. შეხვედრებზე საუბარი იყო ქალთა უფლებების დაცვაზე, მათი სტატუსის გაზრდაზე ოჯახსა და საზოგადოებაში, ადგილობრივ პროგრამებზე, ეკონომიკურ ხელშეწყობაზე.
თებერვალში შვიდმა ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა ჩაატარა ძალადობის ფაქტების მონიტორინგი - იდენტიფიცირებულ იქნა 7 შემთხვევა.
ქეისების უმრავლესობაში აღწერილია ისეთი ფაქტები, რომლებსაც აშეივსო შესაბამისი დოკუმენტები, რომელთა საფუძველზე, მსხვერპლთა ნებართვით, ორი გადამისამართდა იურისტთან და ერთი - ფსიქოლოგთან.
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „გოგონების რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვა“ ფარგლებში ორ სოფელში - გოჩა ჯიხაიშსა და ნახახულევში ჩატარდება საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობა გოგონების და ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
თებერვალში ორივე სოფლის სკოლაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები რეპროდუქტოლოგის ჩართულობით. შეხვედრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მოსწავლეებში, ასევე პედაგოგებში.
ლანჩხუთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა დაიწყო მცირე პროექტის „მედპერსონალი - ძალადობის წინააღმდეგ“ განხორციელება. პროექტის მიზანია ქალაქისა და მუნიციპალიტეტის 16-ვე თემის ამბულატორიის ოჯახის ექიმებისა და ექთნების აქტიური ჩართვა ოჯახში ძალადობის გამოვლენასა და ადგილობრივ კოორდინაციაში. რეფერალური მექანიზმის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით მოხდება მედპერსონალის განათლება კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებში და საჭირო უნარების შეძენა-გამყარება, რაც ხელს შეუწყობს ოჯახური ძალადობის ფაქტების გამოვლენას.
თებერვალში ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები - საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მათი აქტიური ჩართვისთვის საპროექტო ღონისძებებში.
სამ კრიზისულ ოჯახთან გაიმართა ფსიქოლოგისა და კონფლიქტოლოგის შეხვედრა ქუთაისში, ხონსა და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). ოჯახში შექმნილი კრიზისული სიტუაციების დასაძლევად მუშაობა ინდივიდუალური სქემით გაიმართა. კონსულტაციები შეეხო კომუნიკაციის გაუმჯობესებას, ქცევის კორექციას.
კრიზისის დასაძლევად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად მუშაობა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.