სამოქალაქო ინიციატივების ფარგლებში ზუგდიდის, წყალტუბოს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები მიგრაციის თემაზე.
მონაწილეებს - ქალებს და ახალგაზრდებს - მიეწოდათ ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის კვლევის შესახებ და დაურიგდათ გზამკვლევი: იცოდე და დაიცავი შენი თავი!
გზამკვლევის მიზანია ქალებს, თემის ლიდერებსა და საზოგადოების აქტიურ წევრებს გააცნოს, რა სახის სერვისებია ხელმისაწვდომი და სად შეუძლიათ დახმარების მიღება. მათ ასევე მიიღეს ბროშურა, როგორ დავეხმაროთ სამშობლოში დარჩენილ ბავშვებ, როდესაც მშობელი საზღვარგარეთ მიდის,
შეხვედრებზე გაიმართა დისკუსიები მიგრაციის და ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
იანვრის ცივი დღეებია, სარებილიტაციო ცენტრში კი თბილა. ბუხრის ცეცხლი კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს აძლევს აქაურობას.
იამზე გუმბერიძე ერთ-ერთ სტუმარს იურიდიულ კონსულტაციას უტარებს. ლელა უზარაშვილი ბავშვებს ართობს.
ფსიქოლოგი ეკატერინე ქვაჩაკიძე თვის ემოციებს გვიზიარებს: „გვინდოდა სტუმრებისთვის შეგვექმნა სადღესასწაულო გარემო ძველით ახალ წელს, რაც ძალიან კარგად გამოგვივიდა. იყო მხიარულება, მუსიკა, თერაპია და ერთმანეთისთვის კეთილი სურვილების გაზიარება. განსაკუთრებით გამხიარულდა ოთხი წლის ლუკა... სარეაბილიტაციო ცენტრში მოსულებს სჭირდებათ ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სოციალური მხარდაჭერა. მათ ოჯახებს აქვთ რთული მატერიალური მდგომარეობა, ჩვენი მუშაობა მიმართულია ბენეფიციარების ფსიქოსოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, მათი ემოციური სტაბილურობის აღდგენისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობისკენ. პროცესში გამოიყენება ინდივიდუალური მიდგომა, რაც ითვალისწინებს თითოეულის საჭიროებების და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასებას“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული პუბლიკაცია ეფუძნება 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებულ რაოდენობრივ კვლევას, რომელშიც დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტიდან - წყალტუბო, ქუთაისი, ხონი, თერჯოლა, ვანი, ჩოხატაური, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა და ხობი - 540 ქალი რესპონდენტი მონაწილეობდა. კვლევა ეხება ქალების უსაფრთხოების მდგომარეობას, ოჯახში და ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობის გამოცდილებას, ასევე მხარდაჭერის სერვისების შესახებ ინფორმირებულობას, ხელმისაწვდომობასა და ნდობას.
კვლევამ გამოკვეთა, რომ ქალთა უსაფრთხოებაზე ყველაზე მეტად მოქმედებს უმუშევრობა, სამუშაოს დაკარგვის საფრთხე, სიღარიბე, მიგრაცია და სერვისებზე არასაკმარისი წვდომა. მნიშვნელოვანი პრობლემაა ოჯახში ძალადობის თემის მიმართ არსებული სტიგმაც, რაც ხშირად აფერხებს ქალების მხრიდან პირადი გამოცდილების ღიად აღიარებას და დახმარებისთვის მიმართვას. მონაცემებმა ასევე აჩვენა, რომ მიუხედავად სერვისების შესახებ ინფორმირებულობის ზრდისა, ქალების დიდ ნაწილს კვლავ არ აქვს ზუსტი ცოდნა, ვის და როგორ უნდა მიმართოს ძალადობის ან საფრთხის შემთხვევაში.
პუბლიკაციის ერთ-ერთი ძირითადი მიგნებაა, რომ ძალადობის პრევენცია და ქალთა დაცვა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებით ვერ იქნება საკმარისი. აუცილებელია სანდო, კონფიდენციალური, გეოგრაფიულად და ფინანსურად ხელმისაწვდომი სერვისების გაძლიერება, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის: დევნილი ქალებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის და შშმ პირებზე ან ხანდაზმულებზე მზრუნველებისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა აქტუალობას არ კარგავს. თემებში ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრებიც ამას ადასტურებს. მონაწილეები აღნიშნავენ, რომ გაზრდილია იმ ოჯახების რაოდენობა, სადაც ძალადობის განვითარების რისკები მაღალია:
„სამწუხაროდ, ფსიქოლოგიური ძალადობა დღემდე არ არის აღიარებული. ბევრი ქალი მიიჩნევს რომ ეს ნორმალურია. ასეთი განწყობა ხელს უშლის პრობლემის ამოცნობას. შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა ხშირად ამ თემაზე საუბარს ერიდებიან.“
„როცა მეუღლეებს შორის კონფლიქტი ვერ გვარდება თვეების განმავლობაში, იქ ნებისმიერ დროს შეიძლება მივიღოთ ფიზიკური ძალადობა.“
შეხვედრის მონაწილეები პრობლემებზე საუბრის პარალელურად გამოსავალზე მსჯელობენ. მიაჩნიათ, რომ ქალთა მხარდაჭრა უნდა გაგრძელდეს. ამიტომ შეხვედრებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.
„ინფორმაციები სულ უნდა შევთავაზოთ ქალებს, ყველამ უნდა იცოდეს, თავი როგორ დაიცვას საჭიროების დროს, ვის მიმართოს, ვის დაურეკოს. რა სახის დახმარებები არსებობს.“
შეხვედრები ჩატარდა ქუთაისის, სენაკის, ზუგდიდის და ხობის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სენაკის სათემო ცენტრში მანიკურის კურსდამთავრებულებმა მოაწყვეს მასტერკლასი ქალებისთვის. ეს იყო აქტივობა სამოქალაქო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც სენაკის დევნილთა დასახლებაში განხორციელდა ნოემბერ-იანვარში.
მასტერკლასის მონაწილე: სპეციალისტთან ამ პროცედურის ჩატარების პირველი პრაქტიკა იყო ჩემთვის. ძალიან კარგი ინიციატივაა, არა მარტო დავინახეთ, რა ისწავლეს ჩვენმა გოგოებმა, არამედ ჩვენც გავიხალისეთ ეს დღე.
ერთ-ერთი კურსდამთავრებული: საუკეთესო შესაძლებლობაა ჩემთვის და როგორც დამწყებ სპეციალისტს ძალიან მახარებს, რომ ქალებმა დაინახეს, რა შემიძლია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მშობლების და შვილების ურთიერთობა, ნარკომანია, მიგრაცია - ეს და სხვა აქტუალური თემები წარმოადგინა ფორუმ-თეატრმა ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში.
თანატოლების წინაშე გამოსვლა განსაკუთრებით საინტერესო და სასიამოვნოა ახალგაზრდა მსახიობებისთვის. მაყურებელი აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა სცენაში, თავისებურად „შეცვალა“ სიტუაციის მიმდინარეობა და თავისი აზრი გამოხატა დისკუსიის დროსაც.
ასე დაიწყო ახალი სამუშაო წელი ჩვენმა ფორუმ-თეატრმა. დაიგეგმა თებერვალში ჩვენებები რაოდენობრივად უფრო დიდ აუდიტორიასთან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისში, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე „ბიზნესის დაგეგმარება და მცირე/მაკრო ბიზნესის მართვა“.
როგორც წესი, მეწარმეებს კარგი ბიზნესიდეები ისე უბრალოდ თავში არ მოსდით. ეს გულმოდგინე მუშაობის, ძალისხმევის, კვლევების, დისკუსიების, გამოკითხვების და ხშირად მეწარმის შემოქმედებითი აზროვნების შედეგია.
ამიტომაც ქალები ყურადღებით უსმენდნენ ტრენერს: რა შეიძლება იყოს კარგი ბიზნესიდეის ინსპირაციის წყარო? როგორ შევიმუშავოთ წარმატებული ბიზნესიდეა?
ტრენინგის აქტიური მონაწილეები იყვნენ ჩოხატაურის, სენაკის, თერჯოლის და ქუთაისის დღის ცენტრების კურსდამთავრებულები. ისინი საკუთარ პროექტებზე ფიქრობდნენ, ბიუჯეტს ანგარიშობდნენ, ერთმანეთის გამოცდილებას იზიარებდნენ, მომავალი ბიზნესის პერსპექტივაზე მსჯელობდნენ...
შემდეგ ეტაპზე მათი ბიზნეს იდეების განხილვა იქნება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
დეკემბერში აქტიურად იმუშავა ფორუმ-თეატრმა. წარმოდგენები გაიმართა დარბაზში, ღია ცის ქვეშ, პარკებში...
ყველა წარმოდგენის დროს გაიმართა დისკუსია, შეკრებილებმა ისაუბრეს საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობაზე, რაც ხელს უწყობს ძალადობის ფაქტების შემცირებას...
ახალგაზრდა მსახიობები ჩაერთნენ 16-დღიან კამპანიაში და ყველაზე ხმამაღლა, თეატრალურად დაგმეს ძალადობა, მაყურებელს მოუწოდეს პრევენციისკენ.
ახალ წელს ახალი გეგმები აქვს ჩვენი ორგანიზაციის ფორუმ-თეატრს. ძველ წარმოდგენებს ახლები შეემატება, ჩვენებები გაიმართება ახალ აუდიტორიებთან კონფლიქტის და ძალადობის სერიოზულ პრობლემებზე - ისევ ისე, თეატრის ენით...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ზუგდიდის, სენაკის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები მიგრაციის თემაზე ქალებთან და ახალგაზრდებთან.
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის კვლევის შესახებ. დაურიგდათ საინფორმაციო გზამკვლევი: იცოდე და დაიცავი შენი თავი!
ასევე მათ მიიღეს ბროშურა - როცა მშობელი საზღვარგარეთ მიდის, როგორ დავეხმაროთ სამშობლოში დარჩენილ ბავშვებს.
ამ საინფორმაციო მასალების მიზანია ქალებს, თემის ლიდერებსა და საზოგადოების აქტიურ წევრებს გააცნოს, სად შეუძლიათ დახმარების მიღება და რა სახის სერვისებია ხელმისაწვდომი.
დისკუსიების დროს ასეთი ფრაზები ისმოდა:
„ძალადობაგამოვლილი ქალები ცდილობენ, თავი მიგრაციას შეაფარონ. ურჩევნიათ, იქედან აგზავნონ თანხები და არჩინონ ოჯახი და მეტად დაცულად იყვნენ, მოძალადისგან შორს. სამწუხარო რეალობაა, რომ ქალებმა დაცვისთვის მიგრაციას მიმართეს“.
„ყველა ადამიანი ცოდოა, როცა ის ოჯახს ტოვებს და იძულებულია, მიგრაციას მიმართოს, თუმცა ორმაგად რთულია, როცა დედა ტოვებს მცირეწლოვან შვილებს და წლებით მიდის უცხოეთში“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
როგორ ავუხსნათ ბავშვს მშობლის მიგრაციასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ცვლილებები, რამდენად მნიშვნელოვანია ემოციური მხარდაჭერა, რამდენად აუცილებელია რეგულარული კომუნიკაცია მშობელსა და ბავშვს შორის.
ამ თემებს შეეხო ფსიქოლოგი ჩოხატაურში სამოქალაქო ინიციატივის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ „ბებიების კლუბის“ წევრები - აქტიური და ენერგიული ბებიები, რომლებმაც კარგად იციან, რა გავლენას ახდენს მშობლების მიგრაცია ბავშვებზე.
შეხვედრა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. ფსიქოლოგმა ყველა წამოწეულ პრობლემაზე რეკომენდაცია გასცა. შეხვედრამ მიზანს მიაღწია - ბებიები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
