ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურად ჩაერთნენ 16-დღიან კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

მობილიზატორების ინიცირებით, აქტიური დისკუსიები მიმდინარეობდა აქტუალურ საკითხებზე: გენდერული სტერეოტიპები, გენდერული ძალადობა, ნაადრევი ქორწინება და მისი ნეგატიური შედეგები, ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისები, ოჯახური კონფლიქტები და პრევენციული გზები...

ათივე ქალთა მხარდაჭერის ცენტრში დარიგდა საინფორმაციო ფურცლები და პოსტერები. ჩატარდა აქციები ადგილობრივი სტრუქტურების ჩართულობით.

ფილმების ჩვენება, დისკუსიები, ვორკშოპები, საინფორმაციო შეხვედრები, დებატ-კლუბები, ნახატების გამოფენები, აქციები - კამპანიის ფარგლებში 34 სხვადასხვა ფორმატის აქტივობა ჩატარდა.  16-დღიანმა კამპანიამ 40-ზე მეტი ქალაქი თუ სოფელი მოიცვა -  ჩაერთო 300-ზე მეტი ადამიანი.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ ოჯახში ძალადობა საყოველთაო პრობლემაა და მის მოსაგვარებლად ერთიანი ძალისხმევა და  კომპლექსური მიდგომებია საჭირო.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ადვოკატირების ჯგუფმა თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალურ ცენტრში ჩაატარა შეხვედრა ორგანიზაციის ბენეფიციარებთან, რომელთაც მიეწოდათ ინფორმაცია სიახლეებზე, რაც მუნიციპალიტეტის  2024 წლის ბიუჯეტში იგეგმება.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების პროგრამებზე და იმ პროგრამებზე, რომლებიც გათვლილია ძალადობის მსხვერპლთათვის - ეს არის ერთჯერადი დახმარება და ბინის ქირა. აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამებზე მეტი იცოდეს საზოგადოებამ, რომ ინფორმაციაც გამოიყენონ და მისი მიზნობრიობაც კარგად დაინახოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ.  

გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომდგენელმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა კარგი სიახლე - 2024 წელს საბჭოს ექნება თავისი ბიუჯეტი, რომელშიც გაიწერება ქალებისთვის მნიშვნელოვანი ბევრი მიზნობრივი სერვისი.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ომი ყველაზე სასტიკი ძალადობაა ქალების მიმართ - ეს კარგად ვიცით აფხაზეთიდან დევნილმა და უკრაინიდან ლტოლვილმა ქალებმა. ამიტომაც ჩაერთნენ ჩვენი უკრაინელი სტუმრები კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

ისინი დაესწრნენ კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებას, მოისმინეს ინფორმაცია ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.

უკრაინელები სამადლობელი სიტყვითაც გამოვიდნენ. აღნიშნეს, რომ განუზომელია ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერა მათი ოჯახებისთვის. ეს გამოიხატება ჰუმანიტარულ დახმარებაში, ფსიქოლოგიურ კონსულტაციებში თუ გადამზადებაში - მაგალითად, რამდენიმემ გაიარა პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსები დღის სარეაბილიტაციო ცენტრში.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებთან და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან გატარებული დღე სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დასრულდა უკრაინელი სტუმრებისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

16-დღიან კამპანიაში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ფორუმ-თეატრის გეგმიურ ჩვენებებთან ერთად გაიმართა თოჯინების თეატრის წარმოდგენაც.

შეხვედრა ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში შედგა. მაყურებლები იყვნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები. ახალგაზრდა მსახიობებმა ბავშვებს უჩვენეს სპექტაკლი „გვრიტი“. პატარები დიდი ინტერესით უყურებდნენ წარმოდგენას, რომელიც ეძღვნება მეგობრობას, თანადგომას, თანასწორობას. სკოლის ხელმძღვანელობამ მადლიერება გამოხატა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლების მიმართ და იანვრის ბოლოს კიდევ სთხოვა თოჯინების თეატრს ჩვენების ჩატარება სკოლაში - ამჯერად სხვა კლასებისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი წელსაც, როგორც შარშან, აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

ქალთა ფონდი „სოხუმმა“ მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით ჩაატარა ოთხი ტრენინგი საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის თემაზე „გენდერი, გენდერული სტერეოტიპები, გენდერული ძალადობა.“

გენდერის არსი, სტერეოტიპები, რომლებიც გვესმის პატარა ასაკიდან, გენდერული დისბალანსი, რაც იწვევს ძალადობას და ძალადობის აღმოფხვრის გზები - ამ საკითხებზე ისაუბრეს შეკრებილებთან ტრენერებმა: ლარისა შენგელიამ, ხათუნა გოგუამ, ანჟელა ჩიხლაძემ და ლალი შენგელიამ.

ტრენინგების ციკლი აქტიურად, საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა.

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ხობის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა შეხვედრა სამეგრელო ზემო-სვანეთის 8 მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან თემაზე „გენდერული მეინსტრიმინგი - გენდერული გავლენები.“ თემა წარადგინეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მოწვეულმა ტრენერმა ელენე ბერიაშვილმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კულტურის სახლის მცირე დარბაზში გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმოდგენები.

ღონისძიებებს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ხახუბია, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გრეტა წიწავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია.

ფორუმ-თეატრის გამოსვლებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შეკრებილებზე. მათ მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ მუშაობაზე, ორგანიზაციის აქტიურ მონაწილეობაზე 16-დღიან კამპანიაში და ახალგაზრდებთან მუშაობის ფორმატზე, რაც საინტერესო იყო შეხვედრის მონაწილეებისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრის გამოსვლები ზუგდიდში მიეძღვნა 16-დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

ახალგაზრდა მსახიობებმა ხუთი სცენა გაითამაშეს  და ყოველ სცენას საინტერესო დისკუსიაც მოყვა. მაყურებლებმა აღნიშნეს, რომ ეს ურთულესი თემაა ასეთი ფორმით ადამიანებს უკეთესად მიეწოდება ინფორმაცია.

ქალებმა აღნიშნეს:

„თვალნათლივ დავინახეთ, რა შეცდომებს ვუშვებთ შვილების აღზრდაში“.

„ჩვენ უფრო მკაცრად გვზრდიდნენ და უკვე შევცვალეთ დამოკიდებულება შვილების მიმართ“. 

ფორუმ თეატრის სცენები დევნილთა თემში გენდერული ძალადობის საკითხებზე  ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

კამპანია ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, EU4Dialogue პროექტის ფარგლებში.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში სპექტაკლ „ლივ შტაინზე“ დასწრება გლობალური კამპანიის ერთ-ერთი შთამბეჭდავი აქტივობა გახდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებისთვის. სპექტაკლის შემდეგ Art Cafe Martini-ს სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მთავარი როლის შემსრულებელ ენდი ძიძავასთან გაიმართა შეხვედრა.

მსახიობმა ენდი ძიძავამ, მისივე იუბილეზე ნათამაშები „ლივ შტაინი“ მიუძღვნა  საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, რომლის სლოგანია: „დაარღვიე დუმილი, აღკვეთე ძალადობა“.

დიალოგში „ჩაისთან ერთად“ ესწრებოდნენ მესხიშვილის თეატრის მსახიობები: ნინო ჭოლაძე, მაგდა გერაძე და ირინა გუბელაძე, ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლები და აქტივისტები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.

ქალთა ფონდ „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ დიდი მადლობა გადაუხადა მსახიობებს და ისაუბრა თეატრის მნიშვნელობაზე ფასეულობების პოპულარიზაციისთვის.

შეკრებილები სამომავლო ურთიერთობის სურვილით დაემშვიდობნენ ერთმანეთს.

კამპანია ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, EU4Dialogue პროექტის ფარგლებში.

16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდის დევნილთა დასახლებებში (ლაღიძის და ბარამიას ქუჩებზე) ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ექიმების ჯგუფი ჩაიყვანა. თერაპევტმა, გინეკოლოგმა და მამოლოგმა უფასო კონსულტაციები გაუწიეს ქალებს. აქციაში მონაწილეობა მიიღეს გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებმა ქალებმაც.

შეკრებილებს დაურიგდათ საინფორმაციო ფურცლები, კალენდრები და ბროშურები „ოჯახში ძალადობის პრევენცია“. მათ ყურადღებით მოისმინეს ექიმებთა რჩევები, რომ საჭიროა ზრუნვა საკუთარ თავზე, რომ ძალადობის ფაქტების დამალვა უარყოფითად მოქმედებს ქალების ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე.

სასიამოვნოა აქციაში ჩართული ქალების უკუკავშირი:

„ძალიან საჭირო აქციაა, მადლობა ორგანიზატორებს.“

„მოვედი პროფილაქტიკის მიზნით და მივიღე იმაზე მეტი მომსახურება, ვიდრე ველოდი.“

„ქუთაისში რომ ჩავსულიყავი, ფინანსურად ბევრი დამეხარჯებოდა, აქ კი სრულიად უფასოდ გამიწიეს დახმარება.“

კამპანია ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, EU4Dialogue პროექტის ფარგლებში.

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმოდგენები გაიმართა ხონში. გათამაშდა სცენები ძალადობის თემატიკაზე, რამაც აქტიური  დისკუსია გამოიწვია. მაყურებლებზე იმოქმედა ნანახმა და დააფიქრა იმაზე, თუ რა იწვევს ძალადობას და როგორ შეიძლება მისი პრევენცია.

კამპანია ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, EU4Dialogue პროექტის ფარგლებში.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები