ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფმა განაგრძო საინფორმაციო შეხვედრების ციკლი მოწყვლად ჯგუფებთან. შეხვედრები ჩატარდა ხონის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.
შეხვედრის მონაწილეებს გავაცანით მექანიზმები, რომლებიც არსებობს ქვეყანაში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების და გაძლიერების კუთხით.
მათთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ინფორმაცია მუნიციპალურ და ცენტრალურ დონეზე არსებული პროგრამების, განსაკუთრებით კი ოჯახების გაძლიერების პროგრამის შესახებ, ასევე ძალადობის მსხვერპლთა იმ სერვისების შესახებ, რომელთაც არასამთავრობო ორგანიზაციები სთავაზობენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდ „სოხუმი“ დასავლეთ საქართველოს 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში 6 თვის მანძილზე წარმატებით ახორციელებდა სატრენინგო კურსს: „კონფლიქტის მართვა და ძალადობის პრევენცია“. პროექტი ახალგაზრდებს თანასწორობის და ტოლერანტობის საკითხებს, კონფლიქტის მოგვარების და ძალადობის პრევენციის გზებს ასწავლიდა.
მეექვსე თვე დაეთმო შეჯამებას. ახალგაზრდა ლიდერებმა პრეზენტაციების საშუალებით წარმოაჩინეს პოზიტიური ცვლილებები:
- ამ გარემოში ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ვუსმენდი, მისმენდნენ და თავდაჯერებულობა მემატებოდა;
- დავძლიე კომპლექსები;
- თანატოლებს ვურჩევ, მიიღონ არაფორმალური განათლება, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას და წარმატებების მიღწევას;
- ვისწავლეთ, როგორ გავხადოთ საზოგადოება ემპათიური ძალადობისა და კონფლიქტის საკითხების მიმართ.
შემაჯამებელი ღონისძიებები ჩატარდა წალენჯიხის, წყალტუბოს, სენაკის, სამტრედიის, ვანის მუნიციპალიტეტებში და სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
განსხვავებული ფორმატით აღნიშნეს მშვიდობის საერთაშორისო დღე საინიციატივო ჯგუფის წევრებმა წყალტუბოში. სამშვიდობო სტრატეგიიდან გამომდინარე ქართული, აფხაზური და ოსური კერძების გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაში ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებიც იყვნენ ჩართული. სპეციალურად ამ დღისთვის, ახალგაზრდებმა, შეკრებილებს ის კერძები წარუდგინეს, რომელიც ქართული, აფხაზური და ოსური სამზარეულოსთვის იყო დამახასიათებელი. ღონისძიების მონაწილეებმა მოისმინეს პრეზენტაცია მშვიდობის მიმართულებით შესრულებული აქტივობების შესახებ. მონაწილეთა მხრიდან სულ უფრო მეტად ისმოდა მშვიდობის, ნდობის აღდგენის აუცილებლობა და მნიშვნელობა.
ქუთაისში, ფონდი „სოხუმის“ ოფისში ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებთან ტრენინგი გაიმართა. სამუშაო ფორმატი მიზნად ისახავდა ცენტრების მუშაობის სტრატეგიის შემუშავებას.
- ქალთა მხარდაჭერა და გაძლიერება, ოჯახში ძალადობის შემთხვევების მონიტორინგი, პრობლემების იდენტიფიცირება და ადვოკატირება - მონაწილეებმა იმსჯელეს, რა სიახლეები შეიძლება დაინერგოს, როგორ გაიზარდოს პროდუქტიულობა ამ მიმართულებით, რათა რაც შეიძლება მეტმა ქალმა მიიღოს სარგებელი არსებული სერვისებისგან.
მონაწილეთა შეფასებით, სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა და თემებში არსებული პრობლემების ადვოკატირება მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობაში. ფსიქოლოგისა და იურისტის ჩართულობა ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას და გაზრდის მსხვერპლთა დახმარების ეფექტიანობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საზაფხულო არდადეგების მიუხედავად, აგვისტოში ჩატარდა ტრენინგები ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში. დასრულდა მუშაობის ხუთი თვე - გაიმართა ხუთი ტრენინგი სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. მუშაობა ათივე ცენტრში წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით, დისკუსიებით.
ახლა ახალგაზრდები ემზადებიან მეექვსე - შემაჯამებელი შეხვედრებისთვის, სადაც მათ სატრენინგო კურსის დროს მიღებული ცოდნა უნდა წარმოაჩინონ და გამოცდილება გაუზიარონ სხვა მონაწილეებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფსიქოლოგი ეკატერინე ქვაჩაკიძე აგვისტოში ჩატარებულ მუშაობაზე გვიამბობს:
კოკის, წყალტუბოს, ხობის, ვანის და თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გავმართე შეხვედრები ჯგუფური და ინდივიდუალური ფორმატით. შეხვედრის თემა კვლავ ეხებოდა ზაფხულს, რადგან მცხუნვარე დღეებში გონება მიმართულია დასვენებისკენ.
ქალებმა ისაუბრეს იმ პრობლემების შესახებ, რაც ხელს უშლით ოჯახის წევრებთან ერთად დასვენებაში - ეს ზოგიერთისთვის წარმოუდგენელ ფუფუნებად იქცა. უმრავლესობამ დასვენების ნაცვლად შვილებთან ერთად იმუშავა თხილის პლანტაციებში. ბავშვებმა საუბარში აღნიშნეს, რომ ისინი სიხარულით ელოდნენ თხილის შეგროვების სეზონს, რაც მათ ფულის გამომუშავების საშუალებას აძლევთ.
ქალები აქედანვე ფიქრობენ სექტემბერზე, სკოლის დასაწყისზე, რაც დაკავშირებულია ბავშვების ჩაცმასთან და სასკოლო ნივთების შეძენასთან. ასეთია სოფლის მცხოვრებთა საზაფხულო არდადეგები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მოქალაქეთა ინფორმირება მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე, პრობლემათა იდენტიფიცირება და მართვა - ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
- ინფორმაცია მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე ქალებს მისცემს საშუალებას, სწორი გადაწყვეტილება მიიღონ და არსებული სერვისებით ისარგებლონ, - ასე ფიქრობენ საინფორმაციო შეხვედრების მონაწილეები.
თვის განმავლობაში შეხვედრებში 150-ზე მეტი ქალი იყო ჩართული. 10-ზე მეტი კრიზისული ოჯახის იდენტიფიცირება მოხდა. მათთან მუშაობას ფსიქოლოგი და იურისტი აგრძელებენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფორუმ-თეატრმა აგვისტოში გეგმით გათვალისწინებული შეხვედრები გამართა მაყურებლებთან. ერთი იყო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მცირე დარბაზში, მეორე კი - ქალაქის ცენტრალურ პარკებში.
შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ წარმოდგენები საინტერესოა, კარგი ფორმატით ხდება აქტუალური პრობლემების წარმოჩენა. თუმცა ისინი დისკუსიაში ნაკლებად იღებენ მონაწილეობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდ „სოხუმში“ ფრჩხილის მოწესრიგების ორთვიანი სრული საბაზისო კურსი დასრულდა. მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ. სწავლების მთავარი მიზანი ქალების ეკონომიკური გაძლიერების რეალური პერსპექტივაა, რაშიც მათ ახალი პროფესიის ათვისება უწყობს ხელს.
მიუხედავად იმისა, რომ დღის სარეაბილიტაციო ცენტრს მსგავსი სასწავლო პრაქტიკის გამოცდილება აქვს, უკრაინელი ტრენერის მასტერკლასი მაინც საუკეთესო გამონაკლისი იყო. კურსდამთავრებულებმა აღნიშნეს:
„მანამდეც მისწავლია ფრჩხილის მოვლის ტექნიკა, მაგრამ შედარებაც არ შეიძლება ამ ხარისხთან, რაც თქვენთან ვნახე“.
„პედაგოგის საერთაშორისო სერთიფიკატი განაპირობებდა იმას, რომ ახალი პროფესია მეცნიერების დონეზე შევისწავლეთ.“
„მადლობა ქალთა ფონდს - საუკეთესოები ხართ!“
სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების შესახებ.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლსა და პოზიტიურ გავლენაზე, ასევე გაეცნენ ჩვენი ორგანიზაციის სერვისებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)