დასრულდა ვორკშოპების ციკლი სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმში, სოფელ ორულუს (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ფოთის №1 საჯარო სკოლებში. მოსწავლეების თქმით, კონფლიქტოლოგიის საკითხებზე ჩატარებული ვორკშოპები საჭირო და აუცილებელია მათთვის. ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ ინფორმაცია მიწოდებული იყო მარტივ და გასაგებ ენაზე, მუშაობა საინტერესოდ და ხალისიანად მიმდინარეობდა.
ვორკშოპებს პედაგოგებიც ესწრებოდნენ. მათ აღნიშნეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ხელს უწყობენ მოსწავლეთა ჯანსაღი ცნობიერების ჩამოყალიბებას, მათ ინფორმირებას და გააქტიურებას. ვორკშოპებიც ამის დასტურია და საუკეთესო შესაძლებლობა - ადრიდანვე ისწავლონ კონფლიქტების მართვა.
კონფლიქტოლოგიის საკითხებზე შემაჯამებელი ვორკშოპები ჩატარდა კონტუათის (ხონის მუნიციპალიტეტი), გვიშტიბის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) და ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლებში. ვორკშოპებს მოსწავლეები, დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ. აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ძალიან საჭიროა, რადგან კონფლიქტების მართვა საკმაოდ აქტუალურია.
პედაგოგების თქმით, არასამთავრობო სექტორი სკოლებს ეხმარება, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ ემოციების მართვა და ადამიანებთან ურთიერთობა კონფლიქტების გარეშე. მათ აქვთ შესაძლებლობა, იყვნენ ლიდერები - უფრო განვითარებულები, თამამები, სამართლიანები - და იცხოვრონ არაძალადობრივ გარემოში.
სენაკის (სოფელ თეკლათში), ხონის (სოფელ ნახახულევში) და ფოთის ახალგაზრდულ კლუბებში გაიმართა შეხვედრები ტოლერანტობის თემაზე.
მონაწილეთა ინტერესი დიდი იყო. ეს გამოიხატა აქტიურ დისკუსიებში, როლურ თამაშებში. ყველას ჰქონდა საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება. კლუბის წევრები ამ თემაზე შეხვედრების ჩატარებას აპირებენ თანატოლებთან.
ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგთან ერთად ჩატარებული ვორკშოპების შემდეგ „კონფლიქტის მართვის“ ჯგუფის წევრებმა დაიწყეს საინფორმაციო შეხვედრები თავიანთ სკოლებში.
ქალაქ ფოთის №1, სოფელ ნიგვზიანის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და სოფელ გვიშტიბის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) ჯგუფების წევრებმა უკვე ჩაატარეს რამდენიმე ასეთი შეხვედრა, რომელსაც დირექტორი და პედაგოგები ესწრებოდნენ.
მოსწავლეთა თქმით, ძალიან საინტერესოა წამყვანის როლში ყოფნა, ცოდნის გაზიარება, გამოცდილების შეძენა...
მამაკაცის როლი ოჯახსა და საზოგადოებაში - ეს იყო ძირითადი სასაუბრო თემა ვაჟებთან გამართულ მორიგ შეხვედრებზე. მოზარდები საზოგადოების ნაწილად მიიჩნევენ თავს და ყურადღებას ამახვილებენ საკუთარ როლზეც... მათი აზრით, მამაკაცმა ოჯახი უნდა დაიცვას, მონაწილეობა მიიღოს ყველა პროცესში, მათ შორის - შვილების აღზრდაში. ასევეა საზოგადოებაშიც - ქალები და მამაკაცები თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდნენ და ხელი შეუწყონ ჰარმონიულ ურთიერთობებს, არაძალადობრივი გარემოს შექმნას.
მაისში შეხვედრები გაიმართა სენაკის (1 მაისი), ხონის (2 მაისი), ლანჩხუთის (3 მაისი), წყალტუბოს (6 მაისი), ფოთის (7 მაისი), ზუგდიდის (8 მაისი,) თერჯოლის (10 მაისი), ოზურგეთის (14 მაისი), ქუთაისის (15 მაისი) მუნიციპალიტეტებში. მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს ჯგუფებში, სადაც მხოლოდ ბიჭები არიან...
სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ჩატარდა ვორკშოპები ნიგვზიანის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), ქვედა სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) და ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.
მოსწავლეების შეფასებები ასეთია:
„შევიტყვე, როგორ მოვიქცე კონფლიქტურ სიტუაციებში“, „ხანდახან ბრაზი იმდენად მიტევს, რომ ვერ ვაკონტროლებ ემოციებს, მაგრამ ამ შეხვედრების შემდეგ უფრო მშვიდი გავხდი“, „გავიგე, რომ ცხელ გულზე არ მივიღო გადაწყვეტილება“, „ძალიან კარგია ასეთი სახის შეხვედრები. უკეთესია, უფრო ხშირად ვხვდებოდეთ ერთმანეთს“.
შეხვედრის თემა საკმაოდ აქტუალურია: ტოლერანტობის პრობლემა საზოგადოებაში.
ამიტომაც დიდი ინტერესით ჩაერთნენ ახალგაზრდები მუშაობაში, დისკუსიებში. დააფიქსირეს თავიანთი აზრი და ისაუბრეს პრობლემებზე, რომელთაც ყოველდღიურობაში აწყდებიან.
ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა გურიანთის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ნიგვზიანის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და ზედა სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში.
კიდევ სამი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდულ კლუბებში. ამჯერად - წყალტუბოს კერძო სკოლა „ოცნებაში“, ქუთაისის 33-ე და სოფელ ერგეტას (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში.
შეხვედრის თემამ - ტოლერანტობა - გააერთიანა მონაწილეები, თუმცა ყველა ჯგუფი განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. რაც განსაკუთრებით უნდა ითქვას, კლუბების წევრ ახალგაზრდებს არ გააჩნიათ აგრესია. მათ გამოავლინეს დიდი ინტერესი თემის მიმართ. აღნიშნეს, რომ ტოლერანტობის დეფიციტი კონფლიქტებისა და ძალადობის საფუძველია. ამიტომ ასეთ შეხვედრებს და დისკუსიებს დიდი მნიშვნელობა აქვს.
სოფელ გვიშტიბის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), სოფელ ორულუს (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგთან ერთად კონფლიქტურ სიტუაციებში ქცევის სტილზე იმსჯელეს. თვალსაჩინო პლაკატების, კონკრეტული მაგალითების მეშვეობით მათ გააანალიზეს სიტუაციები, შეიძინეს ახალი უნარ-ჩვევები.
„გავიგე, როგორ შეიძლება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება,“ „გავეცანი „ოქროს წესს“, „მინდა, რომ მუშაობა გაგრძელდეს“, - ასე შეაფასეს ვორკშოპები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა.
კონფლიქტურ სიტუაციებში ქცევის სტილი და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების უნარები - ეს იყო მოსწავლეებთან ჩატარებული ვორკშოპის თემა. სხვადასხვა მეთოდის გამოყენებამ მოსწავლეებისთვის თემა კიდევ უფრო საინტერესო გახადა.
ვორკშოპები ჩატარდა ქალაქ სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმში, სოფელ კონტუათის (ხონის მუნიციპალიტეტი) და ქალაქ ფოთის №1 საჯარო სკოლებში.
მონაწილეებმა ბევრი რამ გაიგეს, მათ შორის: რას ნიშნავს ადამიანზე იარლიყის მიკვრა, ემოციების კონტროლის მნიშვნელობა, კონფლიქტის ესკალაციის სტადიები, პრობლემის გადაჭრა მოლაპარაკების გზით.
მათ აღნიშნეს, რომ ეს ცოდნა და უნარ-ჩვევები არა მარტო თვითონ გამოადგებათ, არამედ თანატოლებსაც გაუზიარებენ.