ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის საინიციატივო ჯგუფის წევრები მთელი თვეა მუშაობენ კონკრეტული პრობლემის ადვოკატირებაზე, რაც კონფლიქტური სიტუაციის დარეგულირებას ისახავს მიზნად. პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. სიტუაციის ანალიზმა აჩვენა, რომ პრობლემის დადებითად გადაჭრის შემთხვევაში მხარეებს შორის არსებული დაპირისპირების რისკი მინიმუმამდე შემცირდება.
სოფელ ხურჩაში ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ და პრობლემების იდენტიფიკაციაზე იმუშავეს.
- მოუგვარებელი სოციალური პრობლემები, ტრანსპორტის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა, სამედიცინო პუნქტის არარსებობა - ეს ის მიზეზებია, რომლებიც ხურჩის თემში (ხურჩა, კოკი) კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის.
შეხვედრის მონაწილეებმა პრობლემის ანალიზზე იმუშავეს: რა განაპირობებს კონფლიქტურ სიტუაციას, რამდენად არის შესაძლებელი მისი მოგვარება.
ჯგუფის წევრებმა ადგილობრივ თვითმმართველობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს მისი განსაკუთრებული როლი ადრეულ სტადიაში კონფლიქტების მოგვარებაში.
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები წყალტუბოში, ქუთაისსა და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) სისტემატიურად ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა თემში. მოსახლეობასთან შეხვედრებზე იკვეთება ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის სხვადასხვა დონეზე.
კონფლიქტების ადრეულ სტადიაში მოგვარება გულისხმობს შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან, მაჟორიტარი დეპუტატების ჩართულობას და საკითხის ლობირებას - ამ რესურსს საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად იყენებენ.
წყალტუბოში ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა. ჯგუფის წევრებმა მოდერატორის ინფორმაციები მოისმინეს: რა ტიპის კონფლიქტური სიტუაციები გამოიკვეთა საინფორმაციო შეხვედრებზე და რამდენად არის შესაძლებელი მათი ადრეულ სტადიაში მოგვარება.
ახალი პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ მონაწილეებმა სამოქმედო გეგმაზე იმუშავეს და ფუნქციები გაინაწილეს. ქალთა საინიციატივო ჯგუფს უკვე დაუგროვდა კონფლიქტებზე დროულად რეაგირების გამოცდილება. შეხვედრები თემის წევრებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მასმედიასთან - ეს აქტივობები სამოქმედო გეგმის ნაწილია, რაც ქალთა საინიციატივო ჯგუფის მიერ განხორციელდება.
ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფი ხურჩაში აქტიურად მუშაობს. ჯგუფის წევრები იმ აქტუალური პრობლემის ადვოკატირებას ცდილობენ, რომელიც მათ თემში კონფლიქტურ სიტუაციას ამძაფრებს.
პრობლემის ადვოკატირების პროცესში აქტიურად არის ჩართული სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც საკითხის ლობირებას საკრებულოში შეეცდება. მიღებული შედეგების მიხედვით განისაზღვრება, რა ცვლილებები შევა სამოქმედო გეგმაში, რა ნაბიჯებს გადადგამს საინიციატივო ჯგუფი პრობლემის მოსაგვარებლად.
მორიგ შეხვედრაზე ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამოქმედო გეგმას გადახედეს და შესრულებული სამუშაოები შეაფასეს. პრობლემა, რომელიც კონფლიქტურ სიტუაციას ქმნიდა კონკრეტულ თემში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით უკვე გადაიჭრა.
- ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი ინიციატივების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში წარმოქმნილი დაპირისპირების დაბალანსებას ადრეულ სტადიაში და შექმნის არაკონფლიქტურ გარემოს, - აღნიშნეს ჯგუფის წევრებმა.
საინიციატივო ჯგუფი მომდევნო თვეში იმ პრობლემების ადვოკატირებაზე იმუშავებს, რომელიც საინფორმაციო შეხვედრების დროს გამოიკვეთა სხვადასხვა თემში.
შეხვედრა ქუთაისში მე-17 ბიბლიოთეკაში გაიმართა.
აგვისტოში პროექტის „კონფლიქტების ადრეული მოგვარება - თეორია და პრაქტიკა“ ფარგლებში ქალთა საინიციატივო ჯგუფების საქმიანობის მონიტორინგი ჩატარდა.
ქუთაისის ქალთა საინიციატივო მუშაობის შეჯამებისას გამოიკვეთა პირველადი შედეგები. სანაგვე ურნების სანიტარული დეზინფექციის საკითხი, რაც კონფლიქტურ სიტუაციას ქმნიდა ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ თემში, უკვე გადაჭრილია. კონფლიქტი ადრეულ სტადიაში მოგვარდა ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურის ჩართვით.
შეხვედრები თემის წევრებთან კონფლიქტური სიტუაციების იდენტიფიცირების მიზნით - ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. საინიციატივო ჯგუფის წევრები სისტემატიურად ხვდებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კონფლიქტური სიტუაციების გასანეიტრალებლად.
საინიციატივო ჯგუფი ამ ეტაპზე მუშაობს პრობლემაზე, რომელიც სოფელ ხურჩის მოსახლეობისთვის საკმაოდ აქტუალურია და ტრანსპორტის გაუმართავ მუშაობას ეხება.
შეხვედრები მოსახლეობასთან, თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მასმედიის წარმომადგენლებთან ხელს უწყობს კონფლიქტური სიტუაციების გამოვლენას და მათ მოგვარებას ადრეულ სტადიაში.
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა, რომელიც სასაფლაოს ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის ბოძის გამაგრებას ეხებოდა, უკვე გადაწყვეტილია.
ჯგუფის წევრები აქტიურად აგრძელებენ შეხვედრებს მოსახლეობასთან სხვა კონფლიქტური სიტუაციების გამოვლენისა და მოგვარების მიზნით.
ქუთაისის, წყალტუბოს, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფების მოდერატორებმა კონფლიქტური სიტუაციების შესწავლის მიზნით შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ლოკალურ თემში.
საინიციატივო ჯგუფები აქტიურად მუშაობენ კონკრეტული სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად. სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან. ხელისუფლების მხრიდან არსებობს მხარდაჭერა, აქტიურად ჩაერთონ პროცესებში და ხელი შეუწყონ თემებში არსებული კონფლიქტების ადრეულ სტადიაში გადაწყვეტას.