- რატომ არ  თანაუგრძნობს საზოგადოება მსხვერპლს, რა უნდა გააკეთოს თითოეულმა  ჩვენგანმა ძალადობის პრევენციისათვის - ამ თემაზე ქალთა ჯგუფებთან მორიგი ვორკშოპები ჩატარდა კონფლიქტოლოგიაში სენაკში, ქუთაისსა და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

- საზოგადოებაში სოლიდარობის დეფიციტია. ჩვენ ხშირად ვხედავთ ოჯახურ კონფლიქტებს, მაგრამ ხმას არ ვიღებთ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვეხება. ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ ხვალ შესაძლოა ჩვენი ახლობელი აღმოჩნდეს ასეთ დღეში და მისი დახმარება ვერ შევძლოთ.

მონაწილეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საზოგადოების ერთიანობა მნიშვნელოვანია. თუ მსხვერპლი დარწმუნებული იქნება, რომ მას საზოგადოება თანაუგრძნობს, რომ მას დაიცავს სახელმწიფო, კანონი, ის ბევრად უფრო ადვილად შეძლებს წინააღმდეგობების დაძლევას.

მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიაზე, რომელიც 25 ნოემბერს იწყება. ქალები მზად არიან, აქტიურად ჩაერთონ კამპანიაში და სოლიდარობა გამოხატონ ძალადობის წინააღმდეგ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 
რამდენად ვიცნობთ საკუთ თავს, რა ვიცით შინაგან, პიროვნულ კონფლიქტებზე, როგორ ვიქცევით, ან რა გავლენას ახდენს ჩვენი ნეგატიური ემოციები ოჯახური კონფლიქტების დინამიკაზე - ამ საკითხებზე იმსჯელეს ქალთა ჯგუფებმა წყალტუბოშო, სენაკში და ფოთში გამართულ ვორკშოპებზე.
-  ჩვენ განვსხვავდებით ერთმანეთისაგან. აქედან გამომდინარე, კონფლიქტურ სიტუაციებში სხვადასხვანაირად ვიქცევით.  ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რომ არასწორი ქცევით ხელს ვუწყობთ კონფლიქტების გაღრმავება, - აღნიშნეს ვორკშოპის მონაწილეებმა.
მათი აზრით, საკუთარი თავის შესწავლა, პიროვნული კონფლიქტების გარჩევა დაგვეხმარება სწორი სტრატეგიის არჩევაშიდა კონფლიქტების მართვაში, რაც შეამცირებს ძალადობის რისკს ოჯახებში.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

- როგორ დავეხმაროთ ძალადობის მსხვერპლს. ვინ შედის რეფერალურ სუბიექტებში, როგორ განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას კანონი - ამ საკითხებზე ჩატარდა ვორკშოპები  ახალგაზრდების  და ქალების ჯგუფებთან ქუთაისში, ხონში, სენაკში, წყალტუბოში, ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). 

- ძალადობასთან ბრძოლა საზოგადოების აქტივობით უნდა იწყებოდეს, ნებისმიერი ადამიანი უნდა გრძნობდეს სამოქალაქო პასუხისმგებლობას ძალადობის შემთხვევაში და დროულად ჩაერიოს მეზობლის, მეგობრის... ოჯახურ კონფლიქტებში, - აღნიშნავდნენ შეხვედრის მონაწილეები.

დისკუსიისას, რეფერალურ სუბიექტებზე საუბრისას განსაკუთრებით სკოლის დატვირთვაზე გააკეთეს აქცენტი.  მათი მოსაზრებით, სკოლა ერთ-ერთი სერიოზული რგოლია, რომელიც ძალადობის პრევენციაში აქტიურად უნდა იყოს ჩართული.

ვორკშოპების მონაწილეები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ 16-დღიან კამპანიას ქალთა ძალადობის წინააღმდეგ და საზოგადოების ინფორმირებას, პრობლემის მოგვარებაში ერთ-ერთ სერიოზულ ნაბიჯად მიიჩნევენ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

     

კიდევ ორი ვორკშოპი ჩატარდა პროექტის „ქალთა შესაძლებლობების განვითარება კონფლიქტის ტრანსფორმაციაში ახალი მიდგომების გამოსამუშავებლად“ ფარგლებში.

9 ივნისს ნინო ხუბულავამ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში შეკრებილ ახალგაზრდებთან ერთად იმუშავა კონფლიქტის ანალიზისა და ტრანსფორმაციის თემაზე. დაინტერესება ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებით დიდი იყო. მონაწილეებმა დააფიქსირეს სამშვიდობო ინიციატივები.

27 ივნისს ვორკშოპი გაიმართა ხონის 1-ლ საჯარო სკოლაში. თემა აქტუალური აღმოჩნდა მონაწილეებისთვის. ფასილიტატორმა მარი ჩარგალეიშვილმა ისაუბრა კონფლიქტის მიზეზებზე, ისტორიულ ფაქტებზე, დინამიკაზე.

 

ორივე ვორკშოპზე ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ ჯგუფურ მუშაობაში.  საინტერესო იყო მათი პრეზენტაციები, დისკუსია, კონფლიქტის მოგვარების გზების ძიება.

პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით
პროექტის „ქალები განსაზღვრავენ ადამიანური უსაფრთხოების ხარისხს ნდობისა და მდგრადი მშვიდობის შენებისთვის“ ფარგლებში დაიწყო ვორკშოპების ციკლი თემაზე „ადამიანური უსაფრთხოების გენდერული ასპექტები“.
პირველი ვორკშოპი ქუთაისში, ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა. აუდიტორია მრავალფეროვანი იყო: სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტი ქალები, სტუდენტები, პედაგოგები, იურისტები, ჟურნალისტები.
ვორკშოპებს უძღოდა კვლევები ადამიანური უსაფრთხოების საკითხებზე დასავლეთ საქართველოს ექვს ქალაქში: ქუთაისში,  ხონში, ხურჩა-ზუგდიდში, სენაკში, წყალტუბოსა და ფოთში. ვორკშოპი სწორედ ამ კვლევის შედეგების  პრეზენტაციით დაიწყო,  რასაც მოჰყვა ჯგუფური სამუშაოები -   რა უნდა გაკეთდეს ქალთა ადამიანური უსაფრთხოების  გასაუმჯობესებლად.
მონაწილეებმა წარმოადგინეს რეკომენდაციები ცალკეული კომპონენტების მიხედვით. შემუშავდა საერთო რეკომენდაციები, რომელიც  წარედგინება შესაბამის ორგანოებს, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ადამიანური უსაფრთხოების თემამ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარებულ ვორკშოპზე. მრავალფეროვანმა აუდიტორიამ მნიშვნელოვანი  რეკომენდაციები შეიმუშავა.
არანაკლებ საინტერესოდ წარიმართა ვორკშოპი წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. რეკომენდაციებში კარგად წარმოჩნდა, რომ გენდერულ ჭრილში უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება პრიორიტეტული უნდა იყოს სახელმწიფოსთვის, რადგან  ქალისთვის უსაფრთხო  გარემოს შექმნა სტაბილური, ჯანსაღი მომავლის გარანტიას იძლევა.
 
პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

  

6 მაისს წყალტუბოში, სანატორიუმ „მეგობრობის“ კოლექტიურ ცენტრში ჩატარდა ვორკშოპი დევნილთა უფლებებზე და ადვოკატირებაზე. 7 მაისს ამავე თემას მიეძღვნა  ვორკშოპი სანატორიუმ „მედეას“ კოლექტიურ ცენტრში.

შეხვედრას ატარებდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც შესაბამისი ტრენინგები გაიარეს და გამოიმუშავეს უნარ-ჩვევები, თუ როგორ ხდება ადვოკატირება და რა ეტაპები უნდა გაიარონ ადვოკატირებისათვის.

სანატორიუმ „მეგობრობაში“ შეხვედრის დროს დასახელდა შემდეგი პრობლემები: მოუწესრიგებელი გზა, ახლომდებარე ტერიტორიის დასუფთავება, განათების და  კანალიზაციის პრობლემა. აღინიშნა, რომ წყლის ონკანის მხოლოდ 1-ლ სართულზეა, აუცილებელია ქვეწარმავლების და მწერების სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება.

სანატორიუმ „მედეას“ კოლექტიურ ცენტრში მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ კორპუსი არის ნგრევადი და საცხოვრებლად საშიში, არის სახურავის და განათების პრობლემა, ხშირია სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნის ფაქტები, არის სკოლებსა და ბაღებში ბავშვების ტრანსპორტირების პრობლემა.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაშიმხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

        

კონფლიქტოლოგიის კურსდამთავრებულებმა 4 ვორკშოპი ჩაატარეს ფოთისა და ქუთაისის საჯარო სკოლებში თემებზე: „მასკულინურობისა და ფემინურობის კონცეფციები“ და „კონფლიქტის ტიპები, სახეები და მოგვარების მეთოდები“. ასევე ჩატარდა ფორუმ-თეატრის წარმოდგენები და დისკუსიები ქუთაისის და ხონის საჯარო სკოლებში.

ეს მუშაობა მომდინარეობს ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის არაძალადობრივად მოგვარების ხელშეწყობა ტრენინგების მეშვეობით დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება კანადის ადგილობრივი ინიციატივების  ფონდის -CFLI (კანადის საელჩო თურქეთში) მხარდაჭერით

   

გენდერული ძალადობა და ოჯახური კონფლიქტები - ამ საკითხებზე საინტერესო დისკუსიები გაიმართა ქალებთან წყალტუბოში, ზუგდიდსა და ხონში გამართულ ვორკშოპებზე.

უმრავლესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ ძალადობა ხშირია იმ ოჯახებში, სადაც არ არის გენდერული თანასწორობა, სადაც ქალს არა აქვს რეალიზების საშუალება და მუდმივად ქმრის არჩევანზეა დამოკიდებული.

განსაკუთრებით საინტერესო შეხვედრა გამოვიდა ზუგდიდში, სოფელ განმუხურში, სადაც ფონდი „სოხუმის“ ჯგუფი პირველად ჩავიდა. მონაწილეთა უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა გაგრძელდეს თანამშრომლობა, რადგან ძალადობის თემა მათთვის პრიორიტეტულია.   

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ქალთა მიგრაცია პირდაპირ კავშირშია ოჯახურ კონფლიქტებთან - ეს საკითხი წინა პლანზე წამოსწიეს მონაწილეებმა კონფლიქტოლოგიის ვორკშოპებზე, რომლებიც ჩატარდა ახალგაზრდების ჯგუფებთან ფოთში, კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ქუთაისში.

მონაწილეთა აზრით, ძალადობა ასოციაციას იწვევს ქალთა მიგრაციასთან, რადგან საქართველოში, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე,  ყოველი მეათე ქალი, ამ ტიპის ძალადობის პოტენციური მსხვერპლია.  

აღინიშნა, რომ საკითხი ყველასთვის მტკივნეულია, გამოსავალი ძალიან რთულია, რადგან მიზეზების გადაწყვეტა უახლოეს დროში შეუძლებელია. ამიტომ ქალს პირველ რიგში ოჯახის წევრების მხარდაჭერა სჭირდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ის ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებიც გაუცხოებას ახლავს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
პიროვნული ღირებულებები, მენტალიტეტი და მისი გავლენა ოჯახურ კონფლიქტებზე - ამ საკითხის გარჩევამ ცხარე დისკუსიები გამოიწვია ახალგაზრდებთან გამართულ კონფლიქტოლოგიის ვორკშოპებზე. მოსაზრებები, ძირითადად, ორ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ  ხშირად ქართული მენტალიტეტი ხელს უწყობს ოჯახებში ძალადობის განვითარებას. არგუმენტად დასახელდა ის, რომ ოჯახის უფროსობა მენტალიტეტით მამაკაცს აკისრია და ამ უფლების დაკნინებას ის  ვერ ეგუება - ეს შიში იმდენად ძლიერია, რომ ძალადობის  ყველა ფორმის გამოყენება ხდება.
ახალგაზრდების მეორე ნაწილის აზრით, მენტალიტეტი ყველაფერში დამნაშავე არ არის. ხშირად ოჯახის წევრები ცუდად იცნობენ ერთმანეთს, პატივს არ სცემენ ერთმანეთის ღირებულებებს - ეს ხელს უწყობს ძალადობის განვითარებას.
განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ახალგაზრდებმა დააფიქსირეს, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სწორი აზროვნების ჩამოყალიბებას და შეამცირებს ოჯახური კონფლიქტების განვითარების საფრთხეს.
ვორკშოპები ჩატარდა ხონში, ქუთაისში, ფოთში. სულ 41 მონაწილე ესწრებოდა.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები