ახალგაზრდებთან ჩატარებულ ვორკშოპზე პიროვნული კონფლიქტების ანალიზი ფსიქოლოგიური ტესტით დაიწყო, რამაც საშუალება მისცა მონაწილეებს დაედგინათ, ხასიათის მიხედვით რომელ ტიპებს მიეკუთვნებიან და რა მახასიათებლებით გამოირჩევიან.

ამ დავალებას მოჰყვა ოჯახური სცენების იმიტაცია. მონაწილეებმა კარგად მოირგეს აგრესიული ქმრისა და მორჩილი ცოლის როლები, გაითვალისწინეს ხელშემწყობი გარემოებები და კონფლიქტების განვითარების დინამიკა ასახეს. წარმოდგენებში კარგად გამოჩნდა, რომ ოჯახში კონფლიქტების ესკალაცია ხშირად ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული.

როგორ ვმართოთ კონფლიქტები, ისე რომ არ გავხდეთ არც მსხვერპლი და არც მოძალადე  - ამ საკითხზე ინტერაქტიული მუშაობა წარიმართა.

სხვადასხვა მოსაზრების დაფიქსირების შემდეგ საერთო შეფასებაც გაჩნდა: უნდა შეგვეძლოს კონფლიქტის ანალიზი, ემოციის მართვა, რათა სწორად ვიმოქმედოთ და სიტუაციის განეიტრალება შევძლოთ.

 

  პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

„ჩემი მშობლები და მეც, მორწმუნეები ვართ და მარხვას ვიცავდით. ახალ წელს  სამარხვო კერძებს ვამზადებდით. როცა გავთხოვდი, ჩემი ქმრის ოჯახში  რადიკალური სიტუაცია დამხვდა. გამომიცხადეს, რომ ახალი წელი მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო და სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო გოჭი, ინდაური, მწვადები და ასე შემდეგ. როცა მოკრძალებით გამოვაცხადე, რომ ამდენი სურსათი არ იყო საჭირო, შეურაცხმყოფელი სიტყვები მომაყარეს. ახლა მივხვდი, რომ არასწორი პოზიცია მქონდა. სხვის ფასეულობებს პატივი უნდა სცე,“ - მსგავსი რეალური ისტორიების ანალიზის ფონზე გაიმართა ვორკშოპები ქალების ჯგუფთან წყალტუბოში, სენაკში, ხონში. 

მონაწილები მიიჩნევენ, რომ  კონფლიქტების მართვაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვების ფასეულობების გათვალისწინება, რომ ეს დაპირისპირების მიზეზად არ იქცეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

ახალგაზრდების ჯგუფებთან ფოთში, სენაკსა და წყალტუბოში აქტიურად წარიმართა ვორკშოპები კომუნიკაციის თემაზე. მონაწილეებმა იმჯელეს კომუნიკაციის ვერბალურ და არავერბალურ მხარეებზე.

როგორც აღინიშნა, კომუნიკაცია პირდაპირ კავშირშია კონფლიქტებთან. ინფორმაციის მიწოდებისას ვერბალურთან ერთად არავერბალური მხარეც უნდა იქნეს გასათვალისწინებელი, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა კონფლიქტის გამწვავება. ვორკშოპების მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მიღებული ინფორმაციები, პრაქტიკული სავარჯიშოები დაეხმარება მათ ეფექტურად მართონ კონფლიქტები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ოჯახური კონფლიქტების მართვაში - ამ საკითხზე გაიმართა ვორკშოპები ქალების ჯგუფებთან ხონში, ქუთაისსა და ხურჩაში.

მუშაობისას მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშო შეასრულეს, ამ მეთოდის გამოყენებით გააკეთეს ანალიზი და დაასკვნეს, რომ კონფლიქტების განვითარების ძირითადი მიზეზი არასწორი კომუნიკაციაა. ვორკშოპების მონაწილეებმა ცხოვრებისეული მაგალითები განიხილეს, რამაც შეხვედრები განსაკუთრებით ეფექტური გახადა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

   

ვინ როგორ ფლობს და რამდენად ეფექტურად იყენებს კომუნიკაციის ტექნიკას, რა კავშირშია კომუნიკაცია კონფლიქტებთან - ახალგაზრდებმა ამ საკითხებზე გამართეს დისკუსიები კონფლიქტოლოგიის ვორკშოპზე ფოთში, კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ქუთაისში.

მუშაობისას გამოყენებული იყო იმიტირებული წარმოდგენები, ახალგაზრდებმა წარმოაჩინეს, რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახური კონფლიქტის მართვაში კომუნიკაცია.

გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება:

- კომუნიკაცია მხოლოდ საუბარი არ არის, კომუნიკაციის ეფეტურობა ნიშნავს აზრის სწორად მიწოდებას და მიღებას.

-არასწორად გაგებული აზრი ხშირად ხდება დაპირისპირების მიზეზი, ხელს უწყობს კონფლიქტების განვითარებას.

მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებამ უნდა მიიღოს ინფორმაცია ეფექტური კომუნიკაციის შესახებ, რადგან ეს საუკეთესო მექანიზმია ოჯახური კონფლიქტების პრევენციისთვის.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 
რას ნიშნავს თვითშეფასება და რა კავშირშია ოჯახური კონფლიქტების განვითარებასთან. როგორ უნდა ვმართოთ კონფლიქტები, რომ ძალადობა თავიდან ავიცილოთ - ამ მიმართულებით წარიმართა დისკუსიები ქალების ჯგუფთან ხონში, ქუთაისში, ხურჩაში (ზუგდიდი) გამართულ  კონფლიქტოლოგიის ვორკშოპებზე.
-კონფლიქტების მართვა შეუძლებელია  თვითშეფასების გარეშე. წლების განმავლობაში მე ვიყავი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. ასე მეგონა, რადგან შვილი არ მიჩნდებოდა,  ყველაფერი უნდა მომეთმინა. როცა შეხვედრებს დავესწარი, მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, რომ საკუთარი თავი მსხვერპლად ვაქციე. ახლა სულ სხვა ადამიანი ვარ, ოჯახში კონფლიქტიც არ არსებობს,  მეტი პატივისცემით მექცევიან, - მსგავსი რეალური ისტორიების გარჩევის ფონზე არაერთი საინტერესო მოსაზრება დაფიქსირდა.  
მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მოთმენა, თავის დახრა ყოველთვის არ არის სწორი სტრატეგია და ვერც კონფლიქტებს არეგულირებს, კონფლიქტების მართვაში ერთ-ერთი სერიოზული კომპონენტია სწორი თვითშეფასება. ფონდი „სოხუმის“ ვორკშოპი  სწორედ ამას უწყობს ხელს.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

       

 

კონფლიქტის ანალიზი, კონფლიქტის ტრანსფორმაცია, ქალთა სამშვიდობო ინიციატივები - ამ თემამ გააერთიანა დასავლეთ საქართველოს 6 რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები. მათ პროექტის „ქალთა შესაძლებლობების განვითარება კონფლიქტის ტრანსფორმაციაში ახალი მიდგომების გამოსამუშავებლად“ ფარგლებში გაიარეს სამდღიანი ტრენინგი ამ საკითხებზე, დაეუფლნენ ფასილიტატორის უნარ-ჩვევებს და შემდგომ თავად დაიწყეს ვორკშოპების ჩატარება.

პირველი ვორკშოპი ჩაატარა თამარ იაკობაშვილმა 3 ივნისს თერჯოლაში.  ფასილიტატორის შესავალი სიტყვის შემდეგ გაიმართა მსჯელობა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიზეზებზე და მისი მოგვარების გზებზე.

შეხვედრა თითქმის 3 საათი გაგრძელდა, მაგრამ მონაწილეებს დროის გასვლა არ უგრძვნიათ, რადგანაც აქტიურად ჩაერთნენ მუშაობაში.

ქეთი ჩებანმა და მარიამ ზირაქაძემ 7 ივნისს ჩაატარეს ვორკშოპი ფოთის მე-5 და  მე-7 საჯარო სკოლაში. დასაწყისში მათ აუდიტორიას გააცნეს ინფორმაცია პროექტის შესახებ. შემდეგ კი გაიგეს, რა იციან ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ, როგორია მათი დამოკიდებულება. მონაწილეები სამ ჯგუფში მუშაობდნენ და საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს. უკუკავშირის დროს აღინიშნა, რომ ვორკშოპის დროს მათ შეძლეს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა.

8 ივნისს თეა მეძველიამ სოფელ ნახახულევში (ხონის მუნიციპალიტეტი) მცხოვრები გოგონები ჩართო ვორკშოპში. მათ ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში გამართული მუშაობის შესახებ.

ფასილიტატორმა შეძლო აუდიტორიის სრულად ჩართვა მუშაობაში. განსაკუთრებული იყო გოგონების აქტიურობა ქალთა სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებით. მოდულში წარმოდგენილი ყველა პუნქტი წარმატებით განხორციელდა.

პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით

 

მარტში სამი ვორკშოპი ჩატარდა ქალების ჯგუფებთან ხონში, ქუთაისში, ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). მონაწილეობდა 39 ქალი.  მათ იმსჯელეს თემაზე: რა იწვევს თაობათა კონფლიქტებს და როგორ გავაუმჯობესოთ ურთიერთობა შვილებთან.

ქალების უმრავლესობამ აღნიშნა: ურთიერთობები უნდა ისწავლებოდეს, არაერთხელ ყოფილან ისეთ სიტუაციაში, როცა არ იციან, როგორ განმუხტონ შვილებთან დაძაბული ურთიერთობა.

- ის მეთოდები, რომელთაც ჩემი მშობლები იყენებდნენ ჩემს აღზრდაში, მე არ გამომადგა შვილებთან მიმართებაში, რადგან დროსთან ერთად იცვლება დამოკიდებულებები.

მონაწილეების აზრით, კონფლიქტების მართვა რთული პრობლემაა. ასეთი შეხვედრები იძლევა შესაძლებლობას, ერთმანეთის გამოცდილება გაიზიარონ, ანალიზი გააკეთონ და სხვისი შეცდომები არ გაიმეორონ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

- როგორია მშობლებისა და შვილების ურთიერთობები, რატომ ხდება კონფლიქტები თაობათა შორის - ამ საკითხის განხილვამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ახალგაზრდებში.

- მშობლები შვილებისგან ყოველთვის მაქსიმუმს მოითხოვენ. მაგალითად, ჩემი უფროსი და წარმატებული მოსწავლეა. დედა ჩემგანაც იგივეს მოითხოვს, მე კი არ შემიძლია და ეს ვერ გავაგებინე.

- მშობლები ყოველთვის მათი საზომიდან ხედავენ ყველაფერს. არ უნდათ, ჩვენ შეცდომები დავუშვათ. ხშირად ეს გამაღიზიანებელია და აქედან იწყება დაპირისპირება.

ასეთი იყო ახალგაზრდების მოსაზრებები. მათ შვილების ვალდებულებებზეც გაამახვილეს ყურადღება. მიაჩნიათ, რომ უნდა გაუმჯობესდეს კომუნიკაცია მშობლებთან, ისწავლონ ურთიერთობების მართვა, რათა თავიდან აიცილონ კონფლიქტები.

ვორკშოპები ჩატარდა წყალტუბოში, ფოთში, სენაკში. მუშაობისას გამოყენებული იყო როლური თამაშები, ინდივიდუალური სავარჯიშოები, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა აქტიურად ჩართულიყვნენ პროცესში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

თაობათა კონფლიქტები: მშობლები, შვილები და მათი ურთიერთობები - ამ საკითხებზე იმსჯელეს ახალგაზრდებმა ხონში, ფოთში, წყალტუბოში გამართულ ვორკშოპებზე. 

მათი მოსაზრებით, მარადიული თემაა თაობებს შორის კონფლიქტი, რასაც ხშირად განაპირობებს განსხვავებული შეხედულებები.

კონფლიქტის მოგვარების გზებში ახალგაზრდებმა დააფიქსირეს, რომ მშობლები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა მოქმედებდნენ შვილებთან ურთიერთობისას გარდატეხის ასაკში, უნდა გაითვალისწინონ, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და ის მეთოდი, რომელიც ვთქვათ, უფროს შვილთან გამოუყენებიათ, შესაძლოა მეორესთან ეფექტური არ გამოდგეს. 

გამოსავალზე საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ შვილებმა უნდა გააუმჯობესონ  კომუნიკაცია უფროს თაობასთან, მათ კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ მშობლები მათთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები არიან და მათგან წამოსულ წინააღმდეგობას პროტესტით არ უნდა ხვდებოდნენ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები