- როდის ირღვევა თანასწორობა ოჯახში და როდის იღებს დისკრიმინაციის ფორმას - ამ საკითხებზე გამართეს დისკუსიები ახალგაზრდებმა ფოთში, ქუთაისში, სენაკში გამართულ ვორკშოპებზე.
მონაწილები თვლიან, რომ ოჯახური კონფლიქტების დიდი ნაწილი ფუნქციათა არათანაბარ განაწილებას უკავშირდება:
- თუ ოჯახში მხოლოდ ერთი სქესი იღებს გადაწყვეტილებას და მის ნება-სურვილზეა დამოკიდებული, დანარჩენმა წევრებმა როგორ იცხოვრონ, ეს უკვე ძალადობაა.
- სამწუხაროდ, ქალების უმრავლესობას არასწორად ესმის თანასწორობა. მათი აზრით, ის, რაც ოჯახში ხდება, ჩვეულებრივი მოვლენაა, ამიტომაც უჭირთ საზოგადოებაში საკუთარი თავის რეალიზება.
ახალგაზრდების თქმით, საზოგადოებასთან მეტი მუშაობაა ჩასატარებელი, რათა სწორად შეაფასონ, რას ნიშნავს თანასწორობა ოჯახში და გააანალიზონ ის ნეგატიური შედეგები, რომელთაც გენდერულ ძალადობამდე მივყავართ.
საინტერესო დისკუსიის ფონზე მიმდინარეობდა ვორკშოპი წყალტუბოში, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებთან.
პრობლემებზე განსაკუთრებული ემოციით ლაპარაკობდა თითოეული გამომსვლელი, მათ შორის დევნილი ქალები - სანატორიუმების კოლექტიურ ცენტრებში არსებულ უმძიმეს პირობებზე.
ადგილობრივ დონეზე გადასაჭრელ პრობლემებს შორის დასახელდა ის, რომ ქალაქში არ არსებობს საპირფარეშო და „სოკო“ წყლის დასალევად. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის ძალიან კარგი სპორტული სკოლა, ყველა სახეობა მხოლოდ ბიჭებისთვისაა. სასურველია დაემატოს ტანვარჯიში, რადგან მსურველები საკმარისად არიან. ქალები შეეხნენ არაინფორმირებულობის საკითხსაც, მათ არაფერი იციან იმ სახელმწიფო პროგრამებზე, რომელიც ბიზნესის ხელშეწყობას ემსახურება.
მონაწილეებს შორის გამოიყო საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პრობლემათა ადვოკატირებას შეეცდება ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით.
ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ფონდ „სოხუმში“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებისათვის ჩატარებული ვორკშოპი თემაზე „კრიზისული ოჯახების იდენტიფიკაცია და შემდგომი ინტერვენცია“. ვორკშოპს უძღვებოდა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი. მობილიზატორებს მიეწოდათ ინფორმაცია, თუ როგორ მოახდინონ კრიზისული ოჯახების იდენტიფიკაცია, როგორ დაძლიონ შესაძლო სირთულეები, როგორ მოიქცნენ, თუ ქალი ან ბავშვი ძალადობის მსხვერპლია? მობილიზატორებისათვის სპეციალურად მომზადდა გზამკვლევი და რჩევები.




კონფლიქტოლოგიაში ჩატარებული ვორკშოპები ქალთა უფლებებზე საუბრით დაიწყო. მონაწილეებმა აქტიურად განიხილეს, რამდენად არის ქალის უფლებები დაცული საქართველოში და ქართული სტერეოტიპები, მენტალიტეტი რა გავლენას ახდენს ოჯახურ კონფლიქტებზე.
განსაკუთრებით საინტერესო იყო სოფელ გოჩა ჯიხაიშში (ხონის რაიონი) ჩატარებული ვორკშოპი, მონაწილეებმა ღიად და გულწრფელად დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები, როგორც გაირკვა, ამ თემაზე სასაუბროდ პირველად შეიკრიბნენ, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები სოფლებს ნაკლებად სტუმრობენ. შეხვედრაზე დაფიქსირდა, რომ ოჯახური კონფლიქტები ქალის უფლებების დარღვევით იწყება და სწორედ ინფორმირებით, დისკუსიებით უნდა მოხდეს იმ მავნე სტერეოტიპების მსხვრევა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für dieWelt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)



წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ააიპ ბაღების გაერთიანებასთან თანამშრომლობით ფონდმა „სოხუმმა“ ჩაატარა ვორკშოპი თემაზე „გენდერი და გენდერული მიდგომა სკოლამდელი ასაკის ბავშვების აღზრდისა და განათლების სფეროში“.
ვორკშოპს ესწრებოდა 33 ადამიანი - 16 საბავშვო ბაღის მენეჯერები და პედაგოგები. განხილულ იქნა შემდეგი თემები: გენდერი, გენდერული მიდგომა, გენდერული მიდგომის მაჩვენებლები, გენდერული მოდელები ბაღებსა და სკოლებში. მუშაობა წარიმართა სხვადასხვა მეთოდით, აქტიური დისკუსიით.


საინტერესო დისკუსიის ფონზე წარიმართა ვორკშოპები კონფლიქტოლოგიაში ქალების ჯგუფთან სენაკში, წყალტუბოში და სოფელ კუხში (ხონის მუნიციპალიტეტი). მონაწილეთა დაინტერესება გამოიწვია განსახილველმა თემამ: „ქალთა მიგრაცია, ოჯახური კონფლიქტების მიზეზი თუ მართვის მექანიზმი“.
დასაწყისშივე გამოიკვეთა, რომ მიგრაციის საკითხი საკმაოდ აქტუალურია, რადგან ბევრ ოჯახს ეხება. ხშირად ოჯახური კონფლიქტების მიზეზი მცირე შემოსავალია და ქალები სამუშაოს საზღვარგარეთ ეძებენ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა გამოგზავნილ ფულს ქმრები სასმელში ფლანგავენ და ახალი კონფლიქტები იქმნება. თითქოს შეკრული წრეა, საიდანაც თავის დაღწევა ძნელია. მონაწილეების აზრით, სახელმწიფო პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, ქალებს მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ დასაქმების კუთხით, რათა ამ პრობლემის პრევენცია მოხდეს.