4 ივლისს სენაკში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ ჟიული შარტავას მუზეუმის, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, სამხატვრო სკოლის და კულტურის სახლის წარმომადგენლები.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს დეპუტატმა ელისო ცაგურიამ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ეკა ყურაშვილმა.
კულტურის სამსახურის მუშაკები ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებაზე არიან. მათ მოკრძალებით აღნიშნეს დაბალი ხელფასების შესახებ და ითხოვეს, რომ იფიქრონ მათ მომატებაზე.
გარდა ამისა, ისაუბრეს სოციალურ პრობლემებზე. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მათ საკითხებში გარკვევას და, შეძლებისდაგვარად, დახმარებას შეპირდნენ.





საინფორმაციო შეხვედრას სენაკის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ესწრებოდნენ საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარე, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე ნანა ალანია და საბჭოს წევრები ალექსი დემურია და დინა გიორგაძე.
შეხვედრაზე ქალბატონებმა მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის და საკრებულოს სოციალური პროგრამების შესახებ.
განხილულ იქნა საჯარო ბიბლიოთეკაში არსებული პრობლემებიც. აქტიური ქალბატონები მოწვეულ იქნენ ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე პრობლემების ადვოკატირებისა და მოგვარებისათვის.





ქ. ოზურგეთის მე-4 საბავშვო ბაღში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საკრებულოს დეპუტატები ირინა საჯაია და ნინო ტაბატაძე. ბაღის თანამშრომლების ძირითადი მოთხოვნა შენობის სრული რეაბილიტაციაა, რადგან საშინელ პირობებში უწევთ მუშაობა. ისაუბრეს დაბალი ხელფასების შესახებაც და ითხოვეს, რომ გაითვალისწინონ მათი შრომა დაპასუხისმგებლობა.
საკრებულოს დეპუტატები შეპირდნენ შეხვედრის მონაწილეებს, რომ ქალაქის მერს შეხვდებიან და განიხილავენ რემონტის საკითხს, ხელფასების თემა კი ჯერჯერობით გაურკვეველია.
ამჯერად ფონდი „სოხუმი“ ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლას ეწვია. 125 წლის სკოლაში 630 მოსწავლე და 59 პედაგოგია. ქართულენოვან სკოლაში (ადრე ორენოვანი იყო) არიან სხვა ეროვნების (სომხები, უკრაინლები, რუსები, ასირიელები) წარმომადგენლებიც. აქ რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა - სკოლაში არ არის შემოყვანილი სასმელი წყალი, არა აქვს სპორტული დარბაზი, ე.წ. „ჭკვიანი დაფა“, სკოლა საჭიროებს ეზოს მოპირკეთებას და სტადიონის საფარს.
პრობლემების პაკეტი ადვოკატირებისა და მოგვარების მიზნით ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს და ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებს გადაეცემა.
საინფორმაციო შეხვედრას ოზურგეთის №5 საჯარო სკოლაში პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.
მშობლების უმეტესობას არ ჰქონდა ინფორმაცია ქალაქის ბიუჯეტის პროგრამების შესახებ. მათ გაუჩნდათ მოტივაცია, მეტი ინფორმაცია მიიღონ და გამოიყენონ ბიუჯეტით არსებული მხარდაჭერა.
პედაგოგებმა ისაუბრეს რიგ პრობლემებზე - სკოლა არ არის გაზიფიცირებული. სკოლამდე მისასვლელად პედაგოგებს უწევთ ორი ტრანსპორტით მგზავრობა. აღნიშნეს, რომ პირდებოდნენ უფასო მგზავრობის მოწმობებს, მაგრამ არ მიუღიათ. სწორედ ამ საკითხის ადვოკატირება გადაწყდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ სხდომაზე.