სექტემბერში ონლაინ ჩატარდა 4 მუნიციპალიტეტის (თერჯოლა, ვანი, ქობულეთი, ჩოხატაური) ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის წევრების შეხვედრები. მონაწილეები გაეცნენ გზამკვლევს „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“ (გამოსცა ქალთა ევროპულმა ქსელმა WAVE).

ჯგუფების წევრებმა ინტერესით მოისმინეს ისტორიები იმის შესახებ, როგორ მუშაობენ ქალთა ორგანიზაციები ბოსნია-ჰერცოგოვინაში, უკრაინაში, სომხეთში, საქართველოში. განსაკუთრებით მოეწონათ ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმატებული გამოცდილების აღიარება, რაც გზამკვლევშია ასახული.

 

პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით

ხობის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა ქალთა ორგანიზაციების საქმიანობა ომის და ომის შემდგომ პერიოდში. მათ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ გამოცდილების მიმართ. აღინიშნა, რომ ეს ორგანიზაციის საერთაშორისო აღიარებაა და საამაყო ფაქტია.

საინფორმაციო შეხვედრას ხობში ესწრებოდნენ საბავშვო ბაღის პედაგოგები და აღსაზრდელთა მშობლები. მონაწილეები გაეცნენ  გზამკვლევს „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“, რომელიც მოამზადა ქალთა ევროპულმა ქსელმა -  WAVE.

 

პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით

ბევრი მადლობის მესიჯი მიიღო უკრაინელი ქალებისგან ჩვენმა ასისტენტმა სოფი წირღვავამ:

- მადლობა თქვენ და თქვენს გუნდს ამ დახმარებისთვის, ამ ვაუჩერებით ისეთი რამეები ვიყიდეთ, რის ფუფუნებასაც ადრე არ ვაძლევდით ჩვენს თავს.

- სასკოლო ნივთები შევიძინეთ ბავშვებისთვის.

- აქციები იყო ბევრ რამეზე, 1+1 და ბევრი სურსათი მოგვივიდა.

- ფასდაკლებებით და აქციებით საკმაოდ ბევრი რამ ვიყიდეთ. გაგახარათ ღმერთმა!

უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად ჩვენმა ორგანიზაციამ შეისყიდა სუპერმარკეტის ვაუჩერები და სურსათის და ჰიგიენის საშუალებების პაკეტის ნაცვლად სხვადასხვა ოდენობის ვაუჩერი დაურიგა  ბენეფიციარებს.

სექტემბერში გაიცა 100-ლარიანი 180 ვაუჩერი - ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით უკრაინელებმა მიიღეს ერთი, ორი თუ სამი ვაუჩერი. დახმარება გაეწია 110 ოჯახს  (15 ოჯახს - ხელმეორედ).

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასტუმრო „თბილისი რუმსში“ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორ ორგანიზაციების - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“, ქალთა საინფორმაციო ცენტრის და ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით გაიმართა იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გადაუდებელი საჭიროებების მოგვარების თაობაზე ადვოკატირების გაფართოებული შეხვედრა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახალხო დამცველი; საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია; ადგილობრივი ხელისუფლება სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან; გარდა ამისა, შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოში მოქმედი დონორი ორგანიზაციები, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი - ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიები, ქალთა ადგილობრივი ორგანიზაციები, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტი შედეგად დაზარალებული ქალები - თემის ლიდერები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ასახულ ძირითად აქტივობებზე და იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობაზე, რომლებიც ცხოვრობენ გამყოფ ხაზთან და დევნილთა დასახლებებში.

საქართველოს პარლამენტში გაიმართა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს პრეზენტაცია - „საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელება“. ანგარიში მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროექტის - „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისათვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის (CSSF) მიერ არის დაფინანსებული.

მოხსენება საბჭოს წევრმა, თეონა აქუბარდიამ წარადგინა. პრეზენტაცია სიმბოლურად სწორედ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დაამთხვიეს.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მოაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ:პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. აღნიშნულ შეხვედრაში ქალთა ფონდი „სოხუმიდან“ მონაწილეობდა თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია.

სენაკის ქალთა სამუშაო ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლა იმ საკითხებზე, რომლებიც მათ მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების ადვოკატირებას შეეხება. ისევ დგას დღის წესრიგში სახურავების და საწვიმარი არხების პრობლემები.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს პრობლემების ცენტრალურ დონეზე გადაწყვეტის აუცილებლობაზე. ისინი გაეცნენ თვის ბოლოს თბილისში დაგეგმილი კონფერენციის დღის წესრიგს.

- კონფერენციაზე სწორედ ის სამინისტროები იქნებიან წარმოდგენილნი, რომელთაც აღნიშნული საკითხები პირდაპირ ეხებათ. ამიტომაც ჩვენი პრობლემების გაჟღერებით მათი მოგვარების ახალი შესაძლებლობები  გაჩნდება, - მიაჩნიათ ჯგუფის წევრებს.

 პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

გზამკვლევი „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“ გამოსცა ქალთა ევროპულმა ქსელმა ძალადობის წინააღმდეგ (WAVE). ამ პუბლიკაციაში საქართველოს მაგალითად ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმატებული პრაქტიკაა მოყვანილი. სწორედ ამ პუბლიკაციაზე და ჩვენი ორგანიზაციის გამოცდილებაზე ისაუბრა ფონდის წარმომადგენელმა კოკის და დიდინეძის სკოლებში. შეხვედრებს ესწრებოდნენ  პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები და ჩვენი აქტივისტი ქალები. მათი თქმით, ისინი კარგად იცნობენ ფონდ „სოხუმს“, ეს მართლაც წარმატებული ორგანიზაციაა და კარგია, რომ ამის შესახებ მსოფლიო მასშტაბითაც გაიგებენ.

პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით

„ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის მოვალ მეცადინეობაზე. ეპოქსიდზე ვმუშაობ, ვქსოვ. თიხასთან შეხება პირველი იყო და კარგად გამომივიდა“, - ამბობს რუსუდან გვეტაძე.

ირმა კლდიაშვილმა ფეისბუქზე ნახა მასწავლებლის მაკა ჯიშკარიანის შემოქმედება და ძალიან დაინტერესდა. კურსებზე შემოიტანა განაცხადი და, როგორც ამბობს,  გაკვეთილებმა მოლოდინი გაამართლა.

თამუნა ნანავა ის გოგოა, ზამთარში, ფეისბუქზე ეზოს თოვლის ბაბუების „კონკურსის“ და ერთგვარი ბუმის დროს  ქალი რომ „გამოძერწა“ თოვლისგან. დედა მხატვარია. თავადაც ნიჭიერია:

- ხელოვნების ყველა სფეროს ვაფასებ. ვქსოვ სათამაშოებს, რემონტიც მეხერხება, ხეზე კვეთაც მინდა დავიწყო. პოლიმერულ თიხაზე მუშაობა ვისწავლე, მთელი პროცესი მომწონს, განსაკუთრებით კესანების კეთება, თოჯინების  დამზადება.

ასე ამბობდნენ კურსის მონაწილეები ცოტა ხნის წინ...

ხშირად  ფიქრებით ჩვენ ვიმყოფებით ან წარსულში ან მომავალში, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ხდება მხოლოდ „აქ და ამჟამად“. მაინდფულ ადამიანი ყურადღებას აქცევს ამჟამინდელ მომენტს და სრულიად მინაწილეობს ცხოვრებაში.

მაინდფულნესი (Mindfulness) ნიშნავს ყურადღების სრულ კონცენტრაციას „აქ და ამაჟამად“.

სწორედ ამ მეთოდიკით გაიმართა ბათუმში ტრენინგი და მასში მონაწილეობის მისაღებად ჩვენი დახმარებით ქუთაისიდან 6 უკრაინელი ქალი გაემგზავრა.

ტრენინგის განმავლობაში მათ იმუშავეს საინტერესო საკითხებზე: როგორ დაძლიონ შფოთვა, როგორ დაიმშვიდონ და შეიყვარონ თავი და ა.შ. ქალებმა ისწავლეს არაერთი სავარჯიშო. ისინი კმაყოფილები დარჩნენ ტრენინგით, რადგან ეს ყველაფერი სჭირდება თითოეულ მათგანს და მათი ოჯახის წევრებს, სანამ საკუთარ სახლებში დაბრუნდებიან.

ასეთი ტიპის ტრენინგები კიდევ ჩატარდება სხვა ჯგუფებთან.

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სექტემბერში აქტიურად მიმდინარეობდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერა. ორგანიზაციამ დახმარების ახლებური მეთოდი შეიმუშავა. გამზადებული პაკეტის (სურსათი, ჰიგიენის და საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებები) ნაცვლად შეისყიდა სუპერმარკეტის ვაუჩერები და სხვადასხვა ოდენობის ვაუჩერი დაურიგა  ბენეფიციარებს.

ამ თვეში 8 ახალი ადამიანი დაემატა ჩვენს საინფორმაციო ბაზას (სულ 331 ადამიანია ბაზაში). მათთვის შეძენილ იქნა 180 ვაუჩერი და დახმარება გაეწია 110 ოჯახს  (15 ოჯახს - ხელმეორედ).

უკრაინელ ლტოლვილებს, თავიანთი საჭიროებების მიხედვით სხვა დახმარებაც გაეწიათ: 6 ოჯახს გადავუხადეთ საცხოვრებლის ქირა; სამმა მიიღო თანხა კომუნალური გადასახადებისთვის; ერთ-ერთ ონკოპაციენტს დაუფინანსდა 647 ლარის ანალიზები  მეორემ კი ჩვენი დახმარებით შეიძინა 286 ლარის წამლები.

ჩვენი მხარდაჭერის სამსახური ზრუნავს უკრაინელთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც: ერთ-ერთი ბენეფიციარი დღის სარეაბილიტაციო ცენტრში ესწრება პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსებს და ძალიან მოსწონს მეცადინეობების ფორმატი.  6 ქალი მონაწილეობდა ბათუმში გამართულ ფსიქოლოგიურ ტრენინგზე. ჩვენი ორგანიზაციის ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე კი თვის მანძილზე კვლავინდებურად უტარებდა მსურველებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები