ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება, სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.
სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა ფსიქოლოგის ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა თემაზე „კომუნიკაცია ძალადობის გარეშე“. ამას გარდა ჩატარდა სამი ინდივიდუალური კონსულტაცია სხვადასხვა თემაზე: დეპრესია განქორწინების შემდეგ, როგორ გავუმკლავდეთ სტრესს ავტოკატასტროფის შემდეგ. განსაკუთრებით საინტერესო იყო პასუხი პრობლემაზე „ვერ ვეუბნები ადამიანებს არას“. ფსიქოლოგის რჩევით, შეიძლება შემდეგი მეთოდის გამოყენება: „მინდოდა ამაზე ფიქრი. მოდი, ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდეთ“. ეს მოგცემთ დროს პასუხის მოსაფიქრებლად და შესაძლებლობას, მოვემზადოთ მყარი უარისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ყოფითი საკითხები, ბავშვების აღზრდა, ბიუჯეტი, სექსი - ყველა სფეროში შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა. ოჯახური კამათი - ის თემაა, რომელიც აბსოლუტურად ყველას აღელვებს.
ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრეს აპრილის შეხვედრებზე ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში.
რატომ კამათობენ ადამიანები? იმიტომ რომ გაიმარჯვონ და თავიანთი სიმართლე დაამტკიცონ. სინამდვილეში გაუთავებელი კამათი - არის გზა განქორწინებისკენ.
ოჯახური ცხოვრება ბედნიერი რომ იყოს, მეუღლეებს უნდა ახსოვდეთ, რომ ერთ უღელში იმყოფებიან. გულახდილობა და ერთმანეთზე ზრუნვა - ასეა შესაძლებელი ოჯახში ჰარმონიის შენარჩუნება.
აპრილში გაიმართა 12 ჯგუფური და 6 ინდივიდუალური შეხვედრა 82 ქალის მონაწილეობით.
ხონის, წყალტუბოსა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებშიფსიქოლოგის კონსულტაციებს დაესწრნენ დევნილი და ადგილობრივი ქალები, ზოგიერთი მათგანი - პირველად.
საუბარი შეეხო ქალთა სოლიდარობის მნიშვნელობას ძალადობის პრევენციისთვის. იყო აგრეთვე მსჯელობა თემაზე „მოტივაცია და ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი“.
უკუკავშირისას ქალებმა აღნიშნეს, რომ ფსიქოლოგის კონსულტაციები მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან განტვირთვისა და უარყოფითი ემოციებისაგან გათავისუფლებასთან ერთად ისინი იღებენ ინდივიდუალურ რჩევებს, თუ როგორ გაუმკლავდნენ ამა თუ იმ რთულ სიტუაციას ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებით.
1, 4 და 5 აპრილს ხონის, წყალტუბოსა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაცია.
ხონსა და ფოთში კონსულტაციები წინასწარ დაგეგმილი თემით წარიმართა: გენდერული როლების ათვისება ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის. ბენეფიციარმა ქალებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა განსაზღვრავს გენდერულ როლებს, რა ასაკიდან ხდება მათი ჩამოყალიბება და რა უნდა შევცვალოთ იმისთვის, რომ ოჯახში დავაბალანსოთ გენდერული როლები.
წყალტუბოში აგრეთვე გაიმართა 2 ინდივიდუალური შეხვედრა-კონსულტაცია სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებით.




5, 6 და 16 მარტს ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაციები წყალტუბოს, ფოთის და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში 24 ადამიანის მონაწილეობით.
შეხვედრის თემა იყო ტრადიციული კულტურის გავლენა ქალის ფსიქო-სექსუალურ ჯანმრთელობაზე, მიზანი კი - ქალთა ინფორმირებულობა და მათ ცნობიერებაზე მუშაობა ფსიქო-სექსუალური ჯანმრთელობისათვის.
ხონში ასევე გაიმართა ორი ინდივიდუალური შეხვედრა პირადი პრობლემების მოგვარებისა და რაციონალური გადაწყვეტილების მიღებისთვის.
3 წყალტუბოს დევნილთა კოლექტიურ ცენტრ „მედეაში“, ხოლო 6 ოქტომბერს ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაციები. შეხვედრებზე იმყოფებოდნენ ქალბატონები და გოგონები.
შეხვედრის თემას წარმოადგენდა: გენდერული მახასიათებლები ასაკობრივ ფსიქოლოგიაში ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ქალების დახმარებას გენდერული თავისებურებების ცოდნის კუთხით, რათა ოჯახში შეიქმნას დადებითი კომუნიკაციები.
ბენეფიციარებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრებზე ისინი საჭირო და პრაქტიკულ ინფორმაციას ისმენენ, რასაც შემდგომ ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ.
12 ოქტომბერს ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა ინდივიდუალური კონსულტაციები. ქალებთან ერთად კონსულტაციას საჭიროებდნენ მცირეწლოვანი ბავშვები. დაიგეგმა მომდევნო შეხვედრა, სადაც უნდა განისაზღვროს ინდივიდუალური მიდგომისა და ფსიქოლოგიური დახმარების მეთოდები.
12, 18 და 20 იანვარს წყალტუბოს, ფოთისა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა ფსიქოლოგის ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები. ინდივიდუალური ფსიქოკონსულტირების გაწევა მოხდა 4 ადამიანთან პირად ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელთაგან ერთ-ერთი მძიმე დეპრესიით გამოიხატება.
ჯგუფური შეხვედრის თემა იყო „თვითშეფასების ამაღლება ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის“.
- საკუთარი პიროვნების და მე-კონცეფციის სუბიექტური შეფასება მნიშვნელოვანია, რადგან დაბალი თვითშეფასება უმრავლეს შემთხვევაში კონფლიქტური ქცევის საფუძველს წარმოადგენს, - აღნიშნა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა. როგორც ითქვა, ქალები გაითვალისწინებენ მის რჩევებს.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებულ კონსულტაციებზე დამსწრეთა შორის იყვნენ დევნილი და ადგილობრივი, ახალგაზრდა და ხანდაზმული ქალბატონები.
გეგმის მიხედვით, შეხვედრის თემა იყო „პასუხისმგებლობა - ქცევის კონტროლის მექანიზმები ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის“, ხოლო კონსულტაციის მიზანი -ქალთა ინფორმირებულობა და პასუხისმგებლობის უნარების გამომუშავება.
კონსულტაციებმა ბენეფიციართა აქტიური ჩართულობით ჩაიარა. მათ გამოხატეს კეთილგანწყობა ორგანიზაციის უფასო ფსიქოლოგიური სერვისის მიმართ და აღნიშნეს, რომ ამ სახის შეხვედრები ერთადერთი საშუალებაა მათი ინფორმირებულობისა და რეაბილიტაციისთვის.


