შეხვედრის თემა საკმაოდ აქტუალურია: ტოლერანტობის პრობლემა საზოგადოებაში.
ამიტომაც დიდი ინტერესით ჩაერთნენ ახალგაზრდები მუშაობაში, დისკუსიებში. დააფიქსირეს თავიანთი აზრი და ისაუბრეს პრობლემებზე, რომელთაც ყოველდღიურობაში აწყდებიან.
ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა გურიანთის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ნიგვზიანის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და ზედა სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში.
კიდევ სამი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდულ კლუბებში. ამჯერად - წყალტუბოს კერძო სკოლა „ოცნებაში“, ქუთაისის 33-ე და სოფელ ერგეტას (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში.
შეხვედრის თემამ - ტოლერანტობა - გააერთიანა მონაწილეები, თუმცა ყველა ჯგუფი განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. რაც განსაკუთრებით უნდა ითქვას, კლუბების წევრ ახალგაზრდებს არ გააჩნიათ აგრესია. მათ გამოავლინეს დიდი ინტერესი თემის მიმართ. აღნიშნეს, რომ ტოლერანტობის დეფიციტი კონფლიქტებისა და ძალადობის საფუძველია. ამიტომ ასეთ შეხვედრებს და დისკუსიებს დიდი მნიშვნელობა აქვს.
სოფელ გვიშტიბის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), სოფელ ორულუს (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგთან ერთად კონფლიქტურ სიტუაციებში ქცევის სტილზე იმსჯელეს. თვალსაჩინო პლაკატების, კონკრეტული მაგალითების მეშვეობით მათ გააანალიზეს სიტუაციები, შეიძინეს ახალი უნარ-ჩვევები.
„გავიგე, როგორ შეიძლება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება,“ „გავეცანი „ოქროს წესს“, „მინდა, რომ მუშაობა გაგრძელდეს“, - ასე შეაფასეს ვორკშოპები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა.
კონფლიქტურ სიტუაციებში ქცევის სტილი და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების უნარები - ეს იყო მოსწავლეებთან ჩატარებული ვორკშოპის თემა. სხვადასხვა მეთოდის გამოყენებამ მოსწავლეებისთვის თემა კიდევ უფრო საინტერესო გახადა.
ვორკშოპები ჩატარდა ქალაქ სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმში, სოფელ კონტუათის (ხონის მუნიციპალიტეტი) და ქალაქ ფოთის №1 საჯარო სკოლებში.
მონაწილეებმა ბევრი რამ გაიგეს, მათ შორის: რას ნიშნავს ადამიანზე იარლიყის მიკვრა, ემოციების კონტროლის მნიშვნელობა, კონფლიქტის ესკალაციის სტადიები, პრობლემის გადაჭრა მოლაპარაკების გზით.
მათ აღნიშნეს, რომ ეს ცოდნა და უნარ-ჩვევები არა მარტო თვითონ გამოადგებათ, არამედ თანატოლებსაც გაუზიარებენ.
კონკრეტული მაგალითების განხილვით კონფლიქტის ესკალაციასა და კონფლიქტის შესაძლო შედეგებზე ისაუბრეს სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმის, ქუთაისის №15 და სოფელ ორულუს (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგთან ერთად. ამ ჯგუფებთან მუშაობა გრძელდება.
აპრილში ტრადიციული შეხვედრები გაიმართა ვაჟებთან ფოთის, თერჯოლის, სენაკის, წყალტუბოს, ზუგდიდის, ოზურგეთის, ქუთაისის, ლანჩხუთის, ხონის მუნიციპალიტეტებში.
შეხვედრაზე განხილული იყო ვაჟკაცობის ცნება და გენდერული თანასწორობის საკითხი. ბიჭები აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო პროცესში: იყო როლური თამაშები, დისკუსიები. ვაჟების აზრით, ოჯახური კონფლიქტების გამომწვევი მიზეზი, უმთავრესად, ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. შეხვედრის ბოლოს, უკუკავშირის დროს მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ ძალადობას და უთანასწორობას ცოდნით, ინფორმირებით, სწორი სამართლებრივი მეთოდებით უნდა დავუპირისპირდეთ.
ამ ჯგუფებთან მუშაობა კიდევ გაგრძელდება.
კონფლიქტის ესკალაციის სტადიები და შესაძლო შედეგები განიხილეს ქვედა სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), კონტუათის (ხონის მუნიციპალიტეტი) და ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელთან ერთად.
მათ გაიგეს, როგორ შეიძლება, მცირე კონფლიქტი მასშტაბურ და საშიშ კონფლიქტში გადაიზარდოს და როგორ აიცილონ თავიდან. როგორც აღნიშნეს, ბევრისთვის ახალი იყო კონფლიქტის შესაძლო შედეგის - მოგება-მოგების შესახებ ინფორმაციის მიღება. მათ კარგი გამოცდილება მიიღეს და ინტერესით ელიან შემდგომ შეხვედრებს.
ფოთის კერძო სკოლაში, სოფელ ნახახულევის (ხონის მუნიციპალიტეტი) და სოფელ ზედა სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) სკოლებში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები თემაზე: ოჯახური ძალადობა, მიზეზები, სტატისტიკა და დაცვის მექანიზმები ძალადობის პრევენციისთვის.
ეს იყო ახალი შერჩეული ჯგუფები. გამოიკვეთნენ ლიდერები. ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ მუშაობაში, დისკუსიაში. ისინი აანალიზებდნენ ოჯახური ძალადობის მიზეზებს. როლურ თამაშებში საკუთარი პოზიციები გამოხატეს - ნაჩვენები იყო ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობის სცენები, ღალატი...
ყოველი სცენის შემდეგ ახალგაზრდები თამამად საუბრობდნენ პრობლემებზე. აღმოჩნდა, რომ ისინი ავლენენ პროტესტს იმის მიმართ, რაც არ მოსწონთ.
მარტში კიდევ 5 საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდულ კლუბებში - ქუთაისის, ხონის, ფოთის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.
ეს იყო შეხვედრები ახალ ჯგუფებში, სადაც მარტში ექვსთვიანი მუშაობა დაიწყო.
შეხვედრებით დაინტერესდნენ სკოლების ხელმძღვანელები და სამოქალაქო გაკვეთილის პედაგოგები. რაც მთავარია, მუშაობაში ინტერესით ჩაებნენ მოსწავლეები. იყო აქტიური ჩართულობა, დისკუსიები, როლური თამაშები, სადაც მოსწავლეებმა ცხოვრებისეული იმიტირებული სცენები წარმოადგინეს. ამ შეხვედრებით გამოჩნდა, რომ მოზარდებისთვის ეს სიახლე საინტერესოა, სახალისოა და აქტიურადაც აპირებენ მუშაობას.
წყალტუბოს, სენაკის, თერჯოლის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები.
ეს იყო ახალი გარემო, ახალი ჯგუფები, რომლებიც იწყებენ ხუთთვიანი სწავლების კურსს. აქტიურ, მოტივირებულ ახალგაზრდებს მოეწონათ თავისუფალი გარემო, როლური თამაშები, დისკუსია. მონაწილეებმა საინტერესო ისტორიები გაიხსენეს, გულწრფელად ისაუბრეს პრობლემებზე.
დიდი იყო დირექტორების და სამოქალაქო გაკვეთილის პედაგოგების ინტერესი და თანამშრომლობის სურვილი. გაჩნდა იმედი, რომ შეიქმნება აქტიური ჯგუფი, რომელიც სკოლის სავიზიტო ბარათი გახდება.