თერჯოლის, სენაკის, ქუთაისის, ფოთის, ოზურგეთის, ზუგდიდის, სამტრედიის, წალენჯიხის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში გაიმართა მორიგი შეხვედრები ვაჟებთან.
მუშაობა - საუბრები თუ როლური თამაშები, ძირითადად, შეეხებოდა ოჯახში ძალადობას და ბულინგს. აღინიშნა, რომ როცა საზოგადოების წევრები ბედნიერები არიან, საზოგადოებაც ბედნიერია. აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ კომუნიკაციის დროს ვაჟებმა არ უნდა გამოხატონ აგრესია, პრობლემები და კონფლიქტები ძალადობის გარეშე უნდა მოაგვარონ.
ეთიკა, ესთეტიკა, სქესობრივი აღზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესი - როგორც ძალადობის პრევენციის ინსტრუმენტები - ეს აქტუალური თემები იყო განსახილველად ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრებზე. მოზარდებმა გულახდილად ისაუბრეს ნაადრევი ქორწინების, ნარკომანიის და კლუბური ცხოვრების პრობლემებზე, ხაზი გაუსვეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის აუცილებლობას.
შეხვედრები გაიმართა სოფელ ოზურგეთის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), სოფელ ნიგვზიანის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში და ფოთის 21-ე საჯარო სკოლაში.
ზედა სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), სენაკის №3 და ქუთაისის №11 საჯარო სკოლებში გაიმართა ვორკშოპები თემაზე „კონფლიქტის შესაძლო შედეგები და კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის სახეები“. დეკემბრის დასაწყისში ჩატარებული ვორკშოპები მიეძღვნა საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.“
მოსწავლეებმა თავიანთი ნახატები წარმოადგინეს. ასევე იმუშავეს „უფლებების კედლის“ შედგენაზე. ზედა სიმონეთში ფონდი „სოხუმის“ მოხალისე სოფია ვაგნერიც იმყოფებოდა. მონაწილეებმა ჯგუფებში იმუშვეს კონკრეტულ სავარჯიშოებზე და როლებში განასახიერეს ქცევის სახეები.
ვორკშოპების მონაწილეებმა დამოუკიდებლად ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები კონფლიქტის თემაზე სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლაში და ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები. ამჯერად მსჯელობის თემები იყო: ეთიკა, ესთეტიკა, სქესობრივი აღზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესი - როგორც ძალადობის პრევენციის ინსტრუმენტები.
შეხვედრების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სკოლებში ნაკლები ყურადღება ექცევა ამ საკითხებს, ინფორმაციის დეფიციტი კი იწვევს პრობლემებს, მათ შორის - ნაადრევ ქორწინებას. ამიტომ საჭიროა მსგავსი თემების განხილვა როგორც მოზარდებთან, ისე მშობლებთან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ვორკშოპზე კონფლიქტის ესკალაციის სტადიები და კონკრეტული ნაწარმოებები განიხილეს კონფლიქტის მართვის სწავლების ჯგუფის წევრებმა ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) №1, გურიანთის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) და მელაურის (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში. მათთვის საინტერესო აღმოჩნდა ეს საკითხები და ეს ფიდბეკის დროს გაკეთებულმა ჩანაწერებმაც დაადასტურა:
„ასეთი შეხვედრები მასწავლის, ვიყო არაკონფლიქტური და შემდეგში ძალადობაც ნაკლები იქნება.“
„კონკრეტული მაგალითების განხილვით მივხვდი, რომ კონფლიქტის დარეგულირება შესაძლებელია.“
„ერთი სიტყვით - „ბოდიში“ - შესაძლებელია კონფლიქტის შეჩერება.“
„მინდა, მე თვითონ ჩავატარო ასეთი შეხვედრა“.
ქუთაისის №11, ლესის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და განმუხურის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში კონფლიქტის მართვის სწავლების ჯგუფებისთვის ჩატარდა ვორკშოპები კონფლიქტის ესკალაციის სტადიებზე. მონაწილეებმა მოიფიქრეს და გაითამაშეს პატარა სცენები და ამ გზით უკეთ გაიაზრეს პრობლემა. უკუკავშირის დროს მათ აღნიშნეს ამგვარი სწავლების მნიშვნელობა და გამოხატეს თავიანთი ემოციები.
1 ნოემბერს დაიწყო და 24 ნოემბერს დასრულდა ვაჟებთან მორიგი შეხვედრები ფოთის, სენაკის, თერჯოლის, ლანჩხუთის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ოზურგეთის, სამტრედიის, ქუთაისის მუნიციპალიტეტებში.
შეხვედრაზე განხილული იყო მამაკაცის როლი ოჯახსა და საზოგადოებაში. ბიჭები ამბობდნენ, რომ მათ გააჩნიათ დამცველის, ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფის ფუნქცია. მამაკაცის როლზე ბავშვის აღზრდაში და სხვა საოჯახო საქმეებში ნაკლებად ამახვილებდნენ ყურადღებას. ამიტომ სწორედ ამ საკითხებზე გაკეთდა აქცენტი. ბოლოს აღინიშნა, რომ 25 ნოემბერს იწყება კამპანია „16 აქტიური დღეა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ და დაიგეგმა აქტივობები ყველა ჯგუფისთვის.
ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა ნიგვზიანის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და ორსანტიის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში. ტოლერანტობის თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია ახალგაზრდებში.
ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდა მოხალისე, რომელიც გერმანიიდანაა ჩამოსული, აქტიურად ჩაერთო მუშაობაში ღვანკითის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში. მას ძალიან მოეწონა ახალგაზრდების დამოკიდებულება, როდესაც როლური თამაშის დროს დასვეს პრობლემა - მუსულმანი გოგონას გათხოვება სამეგრელოში. საინტერესო იყო მონაწილეების ანალიზი და დასკვნა: „ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გინდა, რომ მოგექცნენ შენ.“
ფოთის, სოფელ ნოსირის (სენაკის მუნიციპალიტეტი) და ქუთაისის საჯარო სკოლებში ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა აქტუალურ თემაზე „ტოლერანტობის პრობლემა ახალგაზრდებში“.
კლუბები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ მოზარდებს აერთიანებთ პრობლემის მოგვარების სურვილი. ისინი მიიჩნევენ, რომ საზოგადოებაში დღეს ტოლერანტობის დეფიციტია და თავისებურად ხსნიან მიზეზებს. მათი აზრით, პატივი უნდა ვცეთ ყველა ადამიანის თვითმყოფადობას, ვიყოთ ტოლერანტულები. ამისთვის არ კმარა არაფორმალური განათლების საათები, არამედ საჭიროა სკოლის, მასწავლებლების მაქსიმალური ჩართულობა.
1, 4 და 7 ნოემბერს ფოთის შპს „თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიაში“, სენაკის №3 საჯარო სკოლასა და ზედა სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში კონფლიქტის მართვის სწავლების ჯგუფებთან ჩატარდა ვორკშოპი თემაზე „კონფლიქტის ესკალაციის სტადიები“. მონაწილეებმა კონკრეტული ნაწარმოებების განხილვით და როლური თამაშებით დაასკვნეს, რომ უმნიშვნელო მიზეზმაც კი შეიძლება გამოიწვიოს დიდი კონფლიქტი.
მონაწილეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ვორკშოპებს:
„ჩემთვის ახალი იყო სიტყვა „ესკალაცია“, გავიგე ამ სიტყვის მნიშვნელობა და ძალიან მომეწონა აქტივობებიც.“
„უკვე ვიცი, კონფლიქტის რომელ სტადიაზე ჯობს შეჩერება.“
„რჩევებს, რაც დღეს მოვისმინე, გამოვიყენებ მომავალშიც.“