ძალადობის თემაზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება და აქტიური დიკუსია გაიმართა თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში.
ასევე მოეწყო შეხვედრა-დიალოგი მშობლებთან ფონდი „სოხუმის“ იურისტის, კონფლიქტოლოგისა და ფსიქოლოგის ჩართულობით. მშობლები გულახდილას საუბრობდნენ არსებულ პრობლემებზე. მათი სურვილია, ასეთ შეხვედრებს სისტემატიური ხასიათი მიეცეს და მშობელთა რაოდენობაც გაიზრდოს. საერთო შეხვედრის გარდა ინდივიდუალური კონსულტაციებიც ჩატარდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა სამიზნე ბაღების გამგეებთან და საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. განხილულ იქნა ოჯახში ძალადობის თემატიკა, პრობლემაზე რეაგირების მექანიზმები. მონაწილეთა მხრიდან აღინიშნა, რომ აუცილებელია ხელშეწყობა რეფერალურ სუბიექტებს შორის კოორდინაციის სისტემის დასანერგად. ეს მნიშვნელოვანი იქნება ძალადობის პრევენციისთვის.
ორი ღონისძიება გაიმართა ლანჩხუთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში.
ერთი იყო შეხვედრა საბავშვო ბაღში - ფონდი „სოხუმის“ იურისტის, ფსიქოლოგის და კონფლიქტოლოგის მონაწილეობით. შეკრებილები გაეცნენ რეფერირების პროგრამას. ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა გამოავლინონ ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვი.
აგრეთვე ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის ხუთ თემში, სპეციალიტები და სოციალური მუშაკი. მათ მიიღეს ინფორმაციები ძალადობის ფაქტების გამოვლენისა და რეაგირების კუთხით.
თეკლათის (სენაკის მუნიციპალიტეტი) საბავშვო ბაღის აღმზრდელებთან და მშობლებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც დაიგეგმა სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „მშობლები ჯანსაღი თაობისათვის“ ფარგლებში. ფონდი „სოხუმის“ იურისტმა და ფსიქოლოგმა აღნიშნეს, რომ აღმზრდელები უნდა ჩაერთონ ძალადობის ფაქტების გამოვლენაში. მშობლებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას სტრესულ სიტუაციაში ყოფნამ. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
„ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა“ - ამ თემას მიეძღვნა მრგვალი მაგიდა ოზურგეთში. შეხვედრა ითვალისწინებდა რეფერირების ადგილობრივი სუბიექტების კოორდინაციის ხელშეწყობას და მასში მონაწილეობდნენ სამართალდამცავი ორგანოების, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, სკოლებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს და დაინახეს თანამშრომლობის აუცილებლობა. მთავარ როლს თავის თავზე აიღებს გენდერული თანასწორობის საბჭო - საბჭო, რომელსაც დიდი პრაქტიკა აქვს ადგილობრივი გენდერული საჭიროებების შესწავლის, უამრავი პრობლემის ადვოკატირებისა და მოგვარების კუთხით.
სექტემბრიდან ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში პოლიმერულ თიხაზე ქალთა ახალმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა. გაკვეთილებზე ისწავლება სხვადასხვა ნაკეთობის შესრულება. მოსწავლეებმა პოლიმერული თიხისგან უკვე თავად შექმნეს არაერთი საინტერესო კომპოზიცია. ისინი კმაყოფილები არიან სასწავლო პროცესით და თავიანთი შედეგებით.
მუშაობა მიმდინარეობს პოლონური ორგანიზაციის Human Doc Foundation პარტნიორული პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლის მხარდაჭერის და მოძალადესთან თერაპიული მუშაობის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის ხელშეწყობით.
წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ახორციელებს მცირე პროექტს „ახალგაზრდები გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ“. პროექტის ფარგლებში საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა. ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს დისკუსიის ფორმატის ორი შეხვედრა. ისაუბრეს გენდერსა და ოჯახში ძალადობაზე, რეფერალურ მექანიზმებზე, ძალდობის მსხვერპლთათვის არსებულ სერვისებზე. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო ფილმი ძალადობის თემატიკაზე, რამაც მონაწილეებს გაუადვილა პრობლემის გააზრება და დისკუსიაში ჩართვა.
გრძელდება ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი „ძალადობის ჯაჭვი“. პროექტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სამართალდამცავები და პრობაციის ბიუროს წარმომადგენლები. მონაწილეებმა მოისმინეს ქალაქში არსებული ოჯახში ძალადობის სიტუაციური ანალიზი. როგორც ითქვა, თემის აქტუალიზაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. კოორდინირებული მუშაობის პასუხისმგებლობას პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ქალთა კლუბი იღებს.
ასევე გაიმართა შეხვედრა-დისკუსია მშობლებთან პედიატრების ჩართულობით. განხილულ იქნა თემები: ოჯახში ძალადობა, თანამედროვე ტექნოლოგიების, როგორც გასართობი საშუალების, გამოყენება და მისი უარყოფითი შედეგები. მშობლებმა აღნიშნეს, რომ ეს საკითხი ასეთ ჭრილში არასოდეს განუხილავთ.
ფოთის სამაუწყებლო კომპანია მე-9 ტალღამ გააკეთა სიუჟეტი ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის შესახებ.
https://www.facebook.com/iamze.gorgotadze.1/videos/944247122598791/
სენაკის, ქუთაისის, ხონის და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა სექტემბერში სამობილიზაციო შეხვედრები მშვიდობის საერთაშორისო დღეს დაუკავშირეს (21 სექტემბერს აღინიშნება). ისაუბრეს მშვიდობის აუცილებლობაზე, თითოეული ადამიანის წვლილზე სამშვიდობო საქმეში. შეხვედრები დევნილთა დასახლებებში და კონფლიქტის ზონასთან ახლომდებარე სოფლებში ჩატარდა. დაფიქსირდა: აუცილებელია, რომ სამშვიდობო აღზრდა ბავშვობიდან დაიწყოს.
სამობილიზაციო შეხვედრებზე ბენეფიციარებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია მუნიციპალიტეტებში არსებულ სერვისებზე. ამას გარდა, შეხვედრებზე წამოიჭრა პრობლემები, რომელთა მოსაგვარებლად ადვოკატირების ჯგუფებმა დაიწყეს მუშაობა.
სალათები, ბოსტნეული ნიგვზით, ცომეული - სხვადასხვა გემრიელი კერძი მზადდება ფონდი „სოხუმის“ სამზარეულოში. დღის ცენტრში, კულინარიის კურსებზე, 10 ქალი ეუფლება ერთ-ერთი საჭირო პროფესიის საიდუმლოებებს.
მუშაობა მიმდინარეობს პოლონური ორგანიზაციის Human Doc Foundation პარტნიორული პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლის მხარდაჭერის და მოძალადესთან თერაპიული მუშაობის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის ხელშეწყობით.