ივნისში ქალთა მხარდაჭერის ცენტრების სამობილიზაციო შეხვედრების თემა იყო ბავშვთა დაცვა. შეხვედრებში მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები ახალგაზრდები, პედაგოგები და მშობლები. ისაუბრეს ბავშვთა საერთაშორისო დღეზე, ბავშვთა უფლებების კონვენციაზე.
შეხვედრებმა აქტიური დისკუსიების ფონზე ჩაიარა. თემა საინტერესო და აქტუალური გამოდგა მონაწილეებისთვის. ბენეფიცარებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია მუნიციპალიტეტების ახალგაზრდულ პროექტებზე. გამოვლინდა ახალგაზრდული ჯგუფების საჭიროებები, რათა რეკომენდაციებად მიეწოდოს ადგილობრივ თვითმმართველობას.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა ორგანიზება გაუკეთეს ფონდი „სოხუმის“ იურისტის ჯგუფურ და ინდივიდუალურ შეხვედრებს ხონში (3 ივნისი), ოზურგეთში (4 ივნისი), წყალტუბოში (5 ივნისი), თერჯოლაში (11 ივნისი), სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში (10 ივნისი). შეხვედრების თემა ტრადიციული იყო - ოჯახში ძალადობა და მსხვერპლის დაცვის მექანიზმები. დაისვა შეკითხვები და შეხვედრების მონაწილეებმა მიიღეს პასუხები თავიანთ კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით.
ხონის, სენაკის, ოზურგეთის, თერჯოლის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრები, სადაც ესწრებოდა 58 ბენეფიციარი, მათ შორის 17 მამაკაცი. წყალტუბოს, ხონის და სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მუშაობა დასრულდა ოჯახურ წყვილებთან, რომელთაც ოჯახში შეძლეს კონფლიქტური სიტუაციის დაძლევა, ნეგატიური ემოციების კონტროლირება და მართვა.
ქუთაისში ფსიქოთერაპიულ კონსულტირებას განაგრძობს 10 ბენეფიციარი. შვიდმა ადამიანმა კი ინდივიდუალური კონსულტაცია გაიარა. დასრულდა ერთი ქალბატონის ფსიქოლოგიური თერაპია. ის უსაზღვროდ მადლიერია დახმარებისა და მხარდაჭერისათვის.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელზეც შეჯამდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის შედეგები. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლების დირექტორები, მოსწავლეები, ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები. მონაწილეებმა ისაუბრეს ოჯახში ძალადობაზე, ბულინგზე, ნაადრევ ქორწინებასა და გენდერულ თანასწორობაზე. ასევე განიხილეს სასწავლო გარემოს ადაპტირების საკითხი, გენდერულად მიუკერძოებელი სწავლების პრაქტიკა და სასწავლო მასალები. აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელების შედეგად სკოლებში საკმაოდ ამაღლდა ახალგაზრდების, მშობლების და პედკოლექტივის ინფორმირების დონე ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე.
სამი ღონისძიება გაიმართა ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში - ტრენინგი და ჩრდილების თეატრის წარმოდგენები.
თანასწორობა, ძალადობა, ბავშვის მიმართ ძალადობა, პრევენციული მექანიზმები - ეს და სხვა თემები განიხილეს 1-ლ საბავშვო ბაღში ჩატარებული ტრენინგის მონაწილეებმა: საბავშვო ბაღების გამგეებმა, პედაგოგებმა, მშობლებმა.
ფოთის 1-ლ და მე-3 საჯარო ბაღებში გაიმართა ჩრდილების თეატრის წარმოდგენა „თალგამი“, რომელიც პატარებს ასწავლის თანასწორობას, ჰარმონიულ ურთიერთობებს, მეგობრობას, ერთად ყოფნას და გამარჯვებას...
მონაწილეთა თქმით, სამივე აქტივობა სასარგებლო და ნაყოფიერი იყო.
- როგორია ძალადობის მასშტაბები სოფლებში, საზოგადოება რამდენად არის გახსნილი ამ თემებზე სასაუბროდ, როგორია სოფლის ხელმძღვანელების როლი მსხვერპლთა დახმარების საქმეში - ამ საკითხებს მიეძღვნა ტრენინგი ოზურგეთში. ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში მიმდინარე მუშაობაში აქტიურად ჩაერთნენ მერის წარმომადგენლები სოფლებში.
პრობლემის პრევენციული მექანიზმების განხილვისას გამოიკვეთა, რომ მათი ჩართულობა მინიმალურია. აღინიშნა, რომ სოფლის ხელმძღვანელი ყველაზე კარგად იცნობს კონფლიქტურ ოჯახებს, ამიტომ მათი ჩართულობა თემში კონფლიქტების მოგვარების მიზნით უნდა გაიზარდოს.
კონფლიქტების მართვა ოჯახში, რისკების შემცირება და კრიზისის დაძლევა - ამ საკითხებზე გაიმართა შეხვედრები კრიზისულ ოჯახებთან. ეს შეხვედრები ოჯახში შექმნილი კრიზისული სიტუაციების დაძლევას და კონფლიქტების ადრეულ პრევენციას ისახავს მიზნად. ივნისის განმავლობაში ორ ოჯახთან გაიმართა ინდივიდუალური შეხვედრა, სატელეფონო კონსულტაცია კი ერთმა ოჯახმა გაიარა. მუშაობა მიჰყავდათ ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგსა და კონფლიქტოლოგს.
საინტერესო აქტივობა გაიმართა სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში - ეს იყო ჭადრაკის ტურნირი, რომლის ორგანიზატორები იყვნენ თეკლათისა და ნოსირის სკოლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები. მაისში ტურნირი თეკლათის სკოლაში ჩატარდა, ამჯერად კი - ნოსირის სკოლაში. ტურნირის ბოლოს გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ.
სპორტული აქტივობის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რაც ხელს უწყობს ძალადობის პრევენციას.
ხონის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვის დღე აღინიშნა. ქალთა მხარდაჭერის მცირე პროექტის ფარგლებში ნახახულევისა და გოჩა ჯიხაიშის სკოლებში შექმნილმა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აქცია მოაწყვეს. აქციაში ჩართულები იყვნენ პედაგოგები და დირექტორები. აქციის მონაწილეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს. როგორც სკოლების დირექციების მხრიდან დაფიქსირდა, მნიშვნელოვანია მოზარდების ჩართვა მსგავს ღონისძიებებში, რათა მათ გაიაზრონ გარემოს დაბინძურების მწვავე შედეგები და იზრუნონ მის დაცვაზე.
აქტიურად წარიმართა ფსიქოლოგის საკონსულტაციო შეხვედრები და სესიები ხონის, სენაკის, ფოთის, წყალტუბოს, ოზურგეთის და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მუშაობა მიმდინარეობდა 41 ბენეფიციართან, მათგან 11 მამაკაცია. რეგიონში ფსიქოლოგი 10 ოჯახურ წყვილთან მუშაობდა, რომელთაგან სამი ახალია. ოზურგეთსა და კოკში ჯგუფური შეხვედრები გაიმართა ბულინგის და სკოლამდელი ასაკის ბავშვების ფსიქოლოგიური განვითარების თემაზე.
შეხვედრები მიმდინარეობდა ქუთაისშიც. აქ ფსიქოთერაპიულ კონსულტაციებს იღებს 10 ბენეფიციარი, 7-თან კი ჩატარდა ინდივიდუალური კონსულტაციები. მთელი ეს მუშაობა ხელს უწყობს შეხვედრების მონაწილეთა ოჯახური კლიმატის გაუმჯობესებას.