18 ივნისს ქუთაისში შეიკრიბა ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ლოკალურ თემებში არსებული კონფლიქტური სიტუაციების ადრეულ პრევენციაზე იმუშავებს.
ჯგუფის წევრებმა გაიარეს სამდღიანი ტრენინგი, მიიღეს ინფორმაციები, როგორ ხდება კონფლიქტის ანალიზი, შეიძინეს უნარ-ჩვევები, რა მექანიზმები შეიძლება გამოიყენონ კონფლიქტების ადრეულ სტადიაში მოსაგვარებლად. შეკრებილებმა რამდენიმე კრიზისული სიტუაცია აირჩიეს და მისი ანალიზი გააკეთეს.
პროექტიდან გამომდინარე, გაიმართება ყოველთვიური საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა თემში. გამოვლინდება კრიზისული სიტუაციები და, შესაბამისად, გაგრძელდება მუშაობა პრობლემების ადრეული პრევენციის მიზნით.
პროექტის „კონფლიქტების ადრეული პრევენცია, თეორია და პრაქტიკა“ ფარგლებში ქუთაისის, წყალტუბოს, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა საკუთარ თემებში მუშაობა დაიწყეს.
პირველი შეხვედრა ხურჩის ჯგუფთან გაიმართა. ჯგუფის წევრებმა პრობლემების იდენტიფიცირებაზე იმუშავეს. შეირჩა მათი თემისთვის ყველაზე აქტუალური პრობლემა.
- ვისთვის არის ეს პრობლემა მნიშვნელოვანი, ვის ინტერესებში შედის მისი გადაწყვეტა, ვინ არიან მომხრეები, მოწინააღმდეგეები, ვის რა გავლენის მოხდენა შეუძლია - საინიციატივო ჯგუფმა პრობლემის ანალიზზე იმ მეთოდებით იმუშავა, რომლებიც მათ სპეციალურ ტრენინგზე შეისწავლეს.
პრობლემის ანალიზი საშუალებას მისცემს მონაწილეებს, ეფექტურად იმუშაონ კონფლიქტური სიტუაციების ადრეულ პრევენციაზე.
ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ქობულეთში სამდღიანი ტრენინგი გაიმართა თემაზე: „კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ანალიზი გენდერული ასპექტების გათვალისწინებით.“
ტრენინგში მონაწილეობდნენ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ქუთაისიდან, წყალტუბოდან, ხურჩა-კოკიდან (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
სამდღიანი პროგრამა შემდეგ საკითხებს მოიცავდა: კონფლიქტის ცნება, წყაროები, გენდერული დიფერენციაცია, კონფლიქტის ანალიზი და მისი მეთოდები, სტრატეგიული მიდგომები და ინსტრუმენტები კონფლიქტების ადრეულ სტადიაში მოსაგვარებლად.
პროგრამა დატვირთული იყო პრაქტიკული, როლური სავარჯიშოებით. მიღებული ინფორმაციებისა და შეძენილი უნარ-ჩვევების დახმარებით, საინიციატივო ჯგუფები ეფექტურად იმუშავებენ კონკრეტულ თემებში წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციების ნაადრევ პრევენციაზე.
პროექტის „კონფლიქტების ადრეული პრევენცია - თეორია და პრაქტიკა“ ფარგლებში 200 ბენეფიციარი გამოიკითხა ქუთაისში, წყალტუბოსა და ხურჩა-კოკში(ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). ირკვევა, რომ განსხვავებულია სამივე მუნიციპალიტეტში მიღებული მონაცემები. შესაბამისად, განსხვავებულია კონფლიქტის მიზეზებიც. ანკეტების ანალიზის შემდეგ შესაძლებელი იქნება კონკრეტული კრიზისული სიტუაციების მართვა.
- რამ გამოიწვია კონფლიქტი? ვინ არიან დაინტერესებული მხარეები? ვის ინტერესებში შედის პრობლემის მოგვარება? რა რესურსები, რა ალტერნატივები არსებობს მის მოსაგვარებლად? - ამ მეთოდების გამოყენებით იმ კონფლიქტური სიტუაციების ანალიზი გაკეთდა, რომელთა იდენტიფიცირება მოხდა ანკეტირების გზით.
აპრილში სულ 3 სიტუაციის ანალიზი ჩატარდა კონფლიქტურ მგრძნობელობაზე. ანალიზით გამოიკვეთა, რომ კონფლიქტის ძირითადი მიზეზები ძალიან რთულია. მაგრამ ნებისმიერ კონფლიქტურ სიტუაციას აქვს გამოსავალი, რომელიც მისი განვითარების რისკს შეამცირებს.
კონფლიქტური სიტუაციები სხვადასხვა შინაარსისაა: უკანონო გარიგებები თხილის და ფეიხოას მოსავალზე, პირუტყვი, რომელიც საფრთხეს უქმნის ქუჩის მცხოვრებლებს, უკანონო მიშენებები და სხვა.
ეს ინფორმაციები მნიშვნელოვნად დაეხმარება ქალთა საინიციატივო ჯგუფებს, პრაქტიკულად გამოიყენონ კონფლიქტების მოგვარების ალტერნატიული ვერსიები, რომლებიც კონკრეტული სიტუაციების ანალიზით გამოიკვეთა.
კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების იდენტიფიცირების მიზნით ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა ანკეტირება ჩაატარეს ქუთაისში, წყალტუბოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში: ხურჩასა და კოკში.
სულ გამოიკითხა 18-დან 68 წლამდე ასაკის 90 ბენეფიციარი ქალი. ანკეტირებით გამოიკვეთა, რომ მათ თემებში განსაკუთრებით აქტუალურია სოციალური კონფლიქტები, რომელთა მიზეზებიც არის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, გზები.
კონფლიქტის მიზეზებში მაღალი მაჩვენებელი აქვს სოციალური სტატუსის შეწყვეტას, სადაო ხელშეკრულებებს და ზეპირ გარიგებებს.
რაც შეეხება შეკითხვას, როგორ რეაგირებთ და რა საშუალებებს მიმართავთ თქვენს თემში შექმნილი კონფლიქტური სიტუაციების დროს? პასუხებში ფიქსირდება, რომ ყველაზე ხშირად თვითონ ეძებენ გამოსავლს, ან მიმართავენ იურისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. რამდენიმე რესპონდენტი პასუხობს, რომ ურეკავს ჟურნალისტებს.
ანკეტების ანალიზის შედეგად მოხერხდა ხუთი სხვადასხვა პრობლემის იდენტიფიცირება. პროცესში ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ჩაერთვებიან და კონფლიქტების პრევენციას შეეცდებიან.
ანკეტირებით მიღებული მონაცემებით მოხდა კონფლიქტური სიტუაციების იდენტიფიცირება. იდენტიფიცირებული პრობლემებიდან სამი კრიზისული სიტუაცია შეირჩა და ანალიზი გაკეთდა კონფლიქტურ მგრძნობელობაზე.
კონფლიქტების ანალიზი საშუალებას იძლევა გაირკვეს, რა არის კონფლიქტის ობიექტი, ვინ არიან დაპირისპირებული მხარეები, რა ინტერესები გააჩნიათ, რა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტის განვითარება და, რეალობიდან გამომდინარე, რა ალტერნატიული ვერსიები არსებობს პრობლემის დასაძლევად.
კონფლიქტური სიტუაციების ანალიზი ქუთაისის, წყალტუბოს, ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფებს შესაძლებლობას მისცემს, ადვოკატირების გეგმა შეადგინონ და ეფექტურად იმუშაონ კონფლიქტების ადრეულ პრევენციაზე.
ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს, რა მიღწევები აქვთ პრობლემათა ადვოკატირების და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის კუთხით. მონაწილეებმა გამგეობიდან მიღებული წერილების ანალიზის შემდეგ მიმდინარე პრობლემის ადვოკატირების გეგმას გადახედეს.
ჯგუფის მოდერატორმა ანგარიში წარმოადგინა, როგორ მუშაობს საინიციატივო ჯგუფის პროექტის ფარგლებში შექმნილი ახალგაზრდული კლუბი „გენდერული სათვალე“. მათი მოსაზრებით, მსგავსი ფორმატი ხონელი მოზარდებისთვის ახალია და შესაბამისად შეხვედრები საინტერესოდ მიდის.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ფონდი „სოხუმის“ ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად არის ჩართული ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში. გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან. დარიგდა საინფორმაციო ფურცლები. ადგილობრივი მთავრობა პროტესტს უცხადებს ქალთა მიმართ ძალადობას და მზადყოფნას გამოთქვამს, აქტიურად ითანამშრომლოს ფონდ „სოხუმთან“ ძალადობის პრევენციულ ღონისძიებებში.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
წყალტუბოში ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა. შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გადახედეს იმ პრობლემებს, რომელთა მოგვარებაც მათი ჩართულობით და ძალისხმევით უკვე მოხერხდა. საერთო შეფასებით, ჯგუფის წევრებს დაუგროვდათ ადვოკატირების კამპანიის ეფექტური წარმოების გამოცდილება, რაც მათ მუშაობაშიც კარგად აისახა.
ადვოკატირების გეგმიდან გამომდინარე, საინიციატივო ჯგუფი აპირებს მონიტორინგის განხორციელებას, რათა ადგილზე გაეცნოს სიტუაციას და ინფორმაცია მოაგროვოს, როგორ მიდის პროცესი და რა ვადებში შეიძლება დასრულდეს ადვოკატირება.
მონაწილეებმა სხვადასხვა ინსტანციაში გაგზავნილი წერილების პასუხებიც განიხილეს და, შესაბამისად, ადვოკატირების გეგმაში ცვლილებები შეიტანეს.