წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მორიგ შეხვედრაზე იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ გააგრძელონ მუშაობა, რა ცვლილებებია შესატანი სამომავლო სტრატეგიაში.
საინიციატივო ჯგუფის ერთმა ნაწილმა მონაწილეობა მიიღო ტრენინგზე, რომლის თემა იყო „კონფლიქტების ადრეული პრევენცია გენდერული ასპექტების გათვალისწინებით.“
ჯგუფის წევრებმა გააანალიზეს ტრენინგიდან მიღებული ინფორმაციები: რას ნიშნავს კონფლიქტებზე ადრეული რეაგირების სისტემა, როგორ ხდება ინფორმაციის შეგროვება, გაახლება, ინდიკატორების განსაზღვრა, კონფლიქტების რისკებზე მუშაობა და სხვა.
ქალთასაინიციატივო ჯგუფის მიერ შექმნილი სტრატეგიის მონახაზში ადგილობრივ თვითმმართველობებთან სისტემატიური თანამშრომლობის აუცილებლობა იკვეთება.
ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები სოფელ კოკში(ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) შეიკრიბნენ. მონაწილეებმა სამოქმედო გეგმას გადახედეს და ადვოკატირების ეტაპებზე იმსჯელეს. ამ ეტაპზე საინიციატივო ჯგუფი სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ამბულატორიული ცენტრის გახსნას უწევს ადვოკატირებას. პრობლემა კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის თემის წევრებს შორის და ადრეული პრევენციის მიზნით ამ საკითხის დადებითად გადაჭრა განსაკუთრებითპრიორიტეტულია.
ჯგუფის მოდერატორმა მონაწილეებს გააცნო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრით მიღებული ინფორმაცია. მისი თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ამ საკითხს უკვე განიხილავს.
ქუთაისის, წყალტუბოს, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფები საინფორმაციო შეხვედრებს ატარებენ სხვადასხვა თემში არსებული კონფლიქტური სიტუაციების გამოსავლენად. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჯგუფის წევრები სიტუაციის ანალიზზე მუშაობენ. ანალიზისას გამოიკვეთა, რომ ხშირად მიზეზი სოციალური პრობლემაა, რომლის ადვოკატირებაში ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად არის ჩართული. რეაგირება შედეგიანია და რამდენიმე პრობლემა უკვე მოგვარდა.
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად აგრძელებს იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის კონკრეტულ თემებში. ჯგუფის მოდერატორი ყოველთვიურად ხვდება მოსახლეობას და ამ შეხვედრებზე იკვეთება კონფლიქტური სიტუაციების მიზეზები. ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემები, ძირითადად, სოციალურ სფეროს ეხება.
სოფელ ყუმისთავში სოფლის შიდა გზების მოწესრიგება, სოფელ ცხუნკურში სასმელი წყლის მილების რეაბილიტაცია - ეს ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით პრობლემების დადებითად გადაჭრის შედეგებია.
ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის საინიციატივო ჯგუფის წევრები მთელი თვეა მუშაობენ კონკრეტული პრობლემის ადვოკატირებაზე, რაც კონფლიქტური სიტუაციის დარეგულირებას ისახავს მიზნად. პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. სიტუაციის ანალიზმა აჩვენა, რომ პრობლემის დადებითად გადაჭრის შემთხვევაში მხარეებს შორის არსებული დაპირისპირების რისკი მინიმუმამდე შემცირდება.
სოფელ ხურჩაში ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ და პრობლემების იდენტიფიკაციაზე იმუშავეს.
- მოუგვარებელი სოციალური პრობლემები, ტრანსპორტის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა, სამედიცინო პუნქტის არარსებობა - ეს ის მიზეზებია, რომლებიც ხურჩის თემში (ხურჩა, კოკი) კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის.
შეხვედრის მონაწილეებმა პრობლემის ანალიზზე იმუშავეს: რა განაპირობებს კონფლიქტურ სიტუაციას, რამდენად არის შესაძლებელი მისი მოგვარება.
ჯგუფის წევრებმა ადგილობრივ თვითმმართველობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს მისი განსაკუთრებული როლი ადრეულ სტადიაში კონფლიქტების მოგვარებაში.
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები წყალტუბოში, ქუთაისსა და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) სისტემატიურად ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა თემში. მოსახლეობასთან შეხვედრებზე იკვეთება ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის სხვადასხვა დონეზე.
კონფლიქტების ადრეულ სტადიაში მოგვარება გულისხმობს შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან, მაჟორიტარი დეპუტატების ჩართულობას და საკითხის ლობირებას - ამ რესურსს საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად იყენებენ.
წყალტუბოში ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა. ჯგუფის წევრებმა მოდერატორის ინფორმაციები მოისმინეს: რა ტიპის კონფლიქტური სიტუაციები გამოიკვეთა საინფორმაციო შეხვედრებზე და რამდენად არის შესაძლებელი მათი ადრეულ სტადიაში მოგვარება.
ახალი პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ მონაწილეებმა სამოქმედო გეგმაზე იმუშავეს და ფუნქციები გაინაწილეს. ქალთა საინიციატივო ჯგუფს უკვე დაუგროვდა კონფლიქტებზე დროულად რეაგირების გამოცდილება. შეხვედრები თემის წევრებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მასმედიასთან - ეს აქტივობები სამოქმედო გეგმის ნაწილია, რაც ქალთა საინიციატივო ჯგუფის მიერ განხორციელდება.
ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფი ხურჩაში აქტიურად მუშაობს. ჯგუფის წევრები იმ აქტუალური პრობლემის ადვოკატირებას ცდილობენ, რომელიც მათ თემში კონფლიქტურ სიტუაციას ამძაფრებს.
პრობლემის ადვოკატირების პროცესში აქტიურად არის ჩართული სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც საკითხის ლობირებას საკრებულოში შეეცდება. მიღებული შედეგების მიხედვით განისაზღვრება, რა ცვლილებები შევა სამოქმედო გეგმაში, რა ნაბიჯებს გადადგამს საინიციატივო ჯგუფი პრობლემის მოსაგვარებლად.
მორიგ შეხვედრაზე ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამოქმედო გეგმას გადახედეს და შესრულებული სამუშაოები შეაფასეს. პრობლემა, რომელიც კონფლიქტურ სიტუაციას ქმნიდა კონკრეტულ თემში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით უკვე გადაიჭრა.
- ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი ინიციატივების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში წარმოქმნილი დაპირისპირების დაბალანსებას ადრეულ სტადიაში და შექმნის არაკონფლიქტურ გარემოს, - აღნიშნეს ჯგუფის წევრებმა.
საინიციატივო ჯგუფი მომდევნო თვეში იმ პრობლემების ადვოკატირებაზე იმუშავებს, რომელიც საინფორმაციო შეხვედრების დროს გამოიკვეთა სხვადასხვა თემში.
შეხვედრა ქუთაისში მე-17 ბიბლიოთეკაში გაიმართა.