





სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა განახორციელა პროექტი „ახალგაზრდები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სამი სოფლის - ნოსირის, ძველი სენაკის და ნოქალაქევის საჯარო სკოლებში ჩატარდა ვორკშოპები თემაზე „გენდერი და გენდერული ძალადობა“.
ვორკშოპების მონაწილეები იყვნენ მეათე-მეთერთმეტე კლასების მოსწავლეები. ბრეინშტორმინგის მეთოდით მოხდა ახალგაზრდების შეხედულებების და მათი დამოკიდებულებების განსაზღვრა გენდერისა და გენდერული ძალადობის საკითხებზე. ახალგაზრდებმა ისაუბრეს ძალადობის შედეგებზე,ზეგავლენაზე ქალებსა და ბავშვებზე.
შემდეგ მათ თვითონ გამოიჩინეს ინიციატივა და ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები თანატოლებთან. ნოსირსა და ძველ სენაკში მოსწავლეებმა აქციების ორგანიზებაც შეძლეს მოწოდებებით „არა - ძალადობას!“
მოვდივართ თუ არა წინააღმდეგობაში საკუთარ თავთან, როგორია ჩვენი ხასიათის ტიპები, ვინ როგორ მართავს საკუთარ ემოციებს - ეს საკითხები საინტერესოდ განიხილეს ქალთა ჯგუფებმა ხონში, სენაკში, ხურჩაში.
მონაწილეთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ არასოდეს შეუფასებიათ საკუთარი თავი, არ უფიქრიათ იმაზე, რომ მათი ხასიათი ხშირად ხელს უწყობს ოჯახური კონფლიქტების განვითარებას.
- იმპულსური ადამიანი ვარ, ემოციების მართვა არ შემიძლია, ვაღიარებ, რომ ხშირად ვერ ვახერხებ ოჯახური კონფლიქტების შეჩერებას. მერე ვნანობ ჩემს საქციელს, მაგრამ უკვე გვიანია - ასეთი გულახდილი მონოლოგის ფონზე საწინააღმდეგო მოსაზრებებიც დაფიქსირდა: გაწონასწორებული ხასიათის ადამიანებიც ვერ ახერხებენ კონფლიქტის მართვას. შესაძლოა მუდმივად ითმინონ, მაგრამ პრობლემა ვერ გადაჭრან.
მონაწილეთა საერთო შეფასებით, ქალებთან მეტია სასაუბრო, რათა საკუთარი თავი შეისწავლონ, რაც დაეხმარება მათ ოჯახური კონფლიქტების მართვაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
20 სექტემბერს, წყალტუბოს სასტუმრო „პრომეთეში“, ფონდი „სოხუმის“ ჯგუფი დაესწრო გამოცდილების გაზიარების ვორკშოპს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია PIN-მა გამართა პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ პარტნიორებისთვის.
მოწვეული ექსპერტის დახმარებით შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ჩეხეთის გამოცდილებას სოციალური ადვოკატირების კუთხით, ასევე ერთმანეთს გაუზიარეს, თუ რა საკითხების ადვოკატირებას ახორციელებენ ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე, რა გამოწვევებს აწყდებიან, როგორ ხედავენ სამომავლოდ მრჩეველთა საბჭოს სიცოცხლისუნარიანობის საკითხს.
პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და გამოთქვეს სურვილი, ასეთი ტიპის შეხვედრები მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრებისთვისაც გაიმართოს.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით
ბევრი ცოცხალი ისტორია გაიხსენეს ქალებმა კონფლიქტოლოგიის ვორკშოპზე. გამოიკვეთა, რომ არაერთხელ ჰქონიათ წარმატებული და წარუმატებელი მოლაპარაკების მაგალითი. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილება დაუგროვდათ:
- ჩავრეულვარ მეზობლებს შორის კონფლიქტში, გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა. დღემდე ვსწავლობ. ფასილიტატორობა ყველას არ შეუძლია, იმპულსური ადამიანი თუ ხარ, ჯობია არ ჩაერიო. შეიძლება კიდევ უფრო დაძაბო სიტუაცია.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, რას ნიშნავს ფასილიტაცია, მედიატორობა. როდის უნდა ჩაერიო, როგორ ჩაერიო, რომ კონფლიქტი დაარეგულირო. ერთობლივად ჩამოყალიბდა ეფექტური ფასილიტაციისთვის საჭირო პირობები.
ქალების შეფასებით, ვორკშოპზე მიღებული ინფორმაცია მათ უფრო მეტ სითამამეს შესძენს, რომ ჩაერიონ ოჯახურ კონფლიქტებში და საქმე ძალადობამდე არ მიიყვანონ.
ვორკშოპები ჩატარდა ქუთაისში, ხურჩასა და ხონში.
ვორკშოპები ქალთა ჯგუფებთან ჩატარდა ხონში, ქუთაისში, ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). თემის ირგვლივ დისკუსია ყველა ჯგუფში საინტერესოდ წარიმართა.
ცოცხალი, რეალური ისტორიების განხილვისას გამოჩნდა, რომ ჯგუფებს შორის იყვნენ ქალები, რომელთაც ფასილიტაციის გამოცდილება გააჩნიათ. მათ გულახდილად ისაუბრეს საკუთარ შეცდომებზეც.
დისკუსიისას ჩამოყალიბდა, რა თვისებები სჭირდება კარგ ფასილიტატორს. აღინიშნა, რომ კონფლიქტურ სიტუაციებში მედიატორი ვერ იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია მოსმენა, მოთმენა. რომელიც იმპულსური და ფეთქებადია.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციები: რას ნიშნავს მოლაპარაკება, მედიაცია, როდის უნდა ჩაერიოს მესამე მხარე. მათი შეფასებით, ისინი უკვე გარკვეულნი არიან, რომ კონფლიქტურ სიტუაციებში დროულად უნდა ჩაერიონ და შეძლონ მისი დარეგულირება.






მენტალიტეტი, პიროვნული ფასეულობები და მათი გავლენა ოჯახური კონფლიქტების განვითარებაზე - ამ თემაზე იმსჯელეს ფოთში, ქუთაისში და კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) გამართულ კონფლიქტოლოგიის ვორკშოპზე.
მონაწილეები - ახალგაზრდები - როლური თამაშით შეეცადნენ თემის გაანალიზებას: წარმოდგენილი სცენარით ქმარს ხშირად ავიწყდება ქორწინების დღე, მით უმეტეს იცის, რომ ამ თარიღს მისი მეუღლე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. დაპირისპირებაც სწორედ აქედან იწყება.
ახალგაზრდების აზრით, ადამიანებს განსხვავებული ფასეულობები გააჩნიათ, რაც ხშირად ხდება ოჯახში კონფლიქტების განვითარების მიზეზი. დისკუსიისას დაფიქსირდა, რომ ოჯახური ურთიერთობები ძირითადად ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, ამიტომ ის, რაც ერთი მხარისთვის უმნიშვნელო დეტალია, მეორისთვის შესაძლოა განსაკუთრებულად ღირებული იყოს. ამ თემაზე დისკუსია ეხმარება ახალგაზრდებს, სწორად იაზროვნონ და გაითვალისწინონ დეტალები, რომლებიც კონფლიქტების მართვას ხელს შეუწყობს პრაქტიკაში.