


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარეობს ვორკშოპების სერია გენდერსა და ოჯახში ძალადობის თემაზე გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენცია სენაკის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში (ფონდი ,,სოხუმის“ და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით).
ვორკშოპებს ატარებენ მწვრთნელები, რომლებმაც ივნისის დასაწყისში გაიარეს ტრენინგი. მწვრთნელთათვის საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლების შემდეგ საზოგადოების წარმომადგენლები თავიანთ ცოდნას გადასცემენ სოფლის მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს: მისწავლეებს, საბავშვო ბაღებისა და სკოლების პედაგოგებს, სოფლის მცხოვრებლებს...
- რატომ არ თანაუგრძნობს საზოგადოება მსხვერპლს, რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ჩვენგანმა ძალადობის პრევენციისათვის - ამ თემაზე ქალთა ჯგუფებთან მორიგი ვორკშოპები ჩატარდა კონფლიქტოლოგიაში სენაკში, ქუთაისსა და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
- საზოგადოებაში სოლიდარობის დეფიციტია. ჩვენ ხშირად ვხედავთ ოჯახურ კონფლიქტებს, მაგრამ ხმას არ ვიღებთ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვეხება. ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ ხვალ შესაძლოა ჩვენი ახლობელი აღმოჩნდეს ასეთ დღეში და მისი დახმარება ვერ შევძლოთ.
მონაწილეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საზოგადოების ერთიანობა მნიშვნელოვანია. თუ მსხვერპლი დარწმუნებული იქნება, რომ მას საზოგადოება თანაუგრძნობს, რომ მას დაიცავს სახელმწიფო, კანონი, ის ბევრად უფრო ადვილად შეძლებს წინააღმდეგობების დაძლევას.
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიაზე, რომელიც 25 ნოემბერს იწყება. ქალები მზად არიან, აქტიურად ჩაერთონ კამპანიაში და სოლიდარობა გამოხატონ ძალადობის წინააღმდეგ.


- როგორ დავეხმაროთ ძალადობის მსხვერპლს. ვინ შედის რეფერალურ სუბიექტებში, როგორ განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას კანონი - ამ საკითხებზე ჩატარდა ვორკშოპები ახალგაზრდების და ქალების ჯგუფებთან ქუთაისში, ხონში, სენაკში, წყალტუბოში, ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
- ძალადობასთან ბრძოლა საზოგადოების აქტივობით უნდა იწყებოდეს, ნებისმიერი ადამიანი უნდა გრძნობდეს სამოქალაქო პასუხისმგებლობას ძალადობის შემთხვევაში და დროულად ჩაერიოს მეზობლის, მეგობრის... ოჯახურ კონფლიქტებში, - აღნიშნავდნენ შეხვედრის მონაწილეები.
დისკუსიისას, რეფერალურ სუბიექტებზე საუბრისას განსაკუთრებით სკოლის დატვირთვაზე გააკეთეს აქცენტი. მათი მოსაზრებით, სკოლა ერთ-ერთი სერიოზული რგოლია, რომელიც ძალადობის პრევენციაში აქტიურად უნდა იყოს ჩართული.
ვორკშოპების მონაწილეები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ 16-დღიან კამპანიას ქალთა ძალადობის წინააღმდეგ და საზოგადოების ინფორმირებას, პრობლემის მოგვარებაში ერთ-ერთ სერიოზულ ნაბიჯად მიიჩნევენ.
კიდევ ორი ვორკშოპი ჩატარდა პროექტის „ქალთა შესაძლებლობების განვითარება კონფლიქტის ტრანსფორმაციაში ახალი მიდგომების გამოსამუშავებლად“ ფარგლებში.
9 ივნისს ნინო ხუბულავამ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში შეკრებილ ახალგაზრდებთან ერთად იმუშავა კონფლიქტის ანალიზისა და ტრანსფორმაციის თემაზე. დაინტერესება ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებით დიდი იყო. მონაწილეებმა დააფიქსირეს სამშვიდობო ინიციატივები.
27 ივნისს ვორკშოპი გაიმართა ხონის 1-ლ საჯარო სკოლაში. თემა აქტუალური აღმოჩნდა მონაწილეებისთვის. ფასილიტატორმა მარი ჩარგალეიშვილმა ისაუბრა კონფლიქტის მიზეზებზე, ისტორიულ ფაქტებზე, დინამიკაზე.
ორივე ვორკშოპზე ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ ჯგუფურ მუშაობაში. საინტერესო იყო მათი პრეზენტაციები, დისკუსია, კონფლიქტის მოგვარების გზების ძიება.

6 მაისს წყალტუბოში, სანატორიუმ „მეგობრობის“ კოლექტიურ ცენტრში ჩატარდა ვორკშოპი დევნილთა უფლებებზე და ადვოკატირებაზე. 7 მაისს ამავე თემას მიეძღვნა ვორკშოპი სანატორიუმ „მედეას“ კოლექტიურ ცენტრში.
შეხვედრას ატარებდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც შესაბამისი ტრენინგები გაიარეს და გამოიმუშავეს უნარ-ჩვევები, თუ როგორ ხდება ადვოკატირება და რა ეტაპები უნდა გაიარონ ადვოკატირებისათვის.
სანატორიუმ „მეგობრობაში“ შეხვედრის დროს დასახელდა შემდეგი პრობლემები: მოუწესრიგებელი გზა, ახლომდებარე ტერიტორიის დასუფთავება, განათების და კანალიზაციის პრობლემა. აღინიშნა, რომ წყლის ონკანის მხოლოდ 1-ლ სართულზეა, აუცილებელია ქვეწარმავლების და მწერების სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება.
სანატორიუმ „მედეას“ კოლექტიურ ცენტრში მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ კორპუსი არის ნგრევადი და საცხოვრებლად საშიში, არის სახურავის და განათების პრობლემა, ხშირია სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნის ფაქტები, არის სკოლებსა და ბაღებში ბავშვების ტრანსპორტირების პრობლემა.
კონფლიქტოლოგიის კურსდამთავრებულებმა 4 ვორკშოპი ჩაატარეს ფოთისა და ქუთაისის საჯარო სკოლებში თემებზე: „მასკულინურობისა და ფემინურობის კონცეფციები“ და „კონფლიქტის ტიპები, სახეები და მოგვარების მეთოდები“. ასევე ჩატარდა ფორუმ-თეატრის წარმოდგენები და დისკუსიები ქუთაისის და ხონის საჯარო სკოლებში.
ეს მუშაობა მომდინარეობს ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის არაძალადობრივად მოგვარების ხელშეწყობა ტრენინგების მეშვეობით დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის -CFLI (კანადის საელჩო თურქეთში) მხარდაჭერით
გენდერული ძალადობა და ოჯახური კონფლიქტები - ამ საკითხებზე საინტერესო დისკუსიები გაიმართა ქალებთან წყალტუბოში, ზუგდიდსა და ხონში გამართულ ვორკშოპებზე.
უმრავლესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ ძალადობა ხშირია იმ ოჯახებში, სადაც არ არის გენდერული თანასწორობა, სადაც ქალს არა აქვს რეალიზების საშუალება და მუდმივად ქმრის არჩევანზეა დამოკიდებული.
განსაკუთრებით საინტერესო შეხვედრა გამოვიდა ზუგდიდში, სოფელ განმუხურში, სადაც ფონდი „სოხუმის“ ჯგუფი პირველად ჩავიდა. მონაწილეთა უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა გაგრძელდეს თანამშრომლობა, რადგან ძალადობის თემა მათთვის პრიორიტეტულია.