კანადის თანასწორობის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტი გაგრძელდა.
პროექტის მთავარი მიზანია, უზრუნველყოს ძალადობის მსხვერპლი/პოტენციური მსხვერპლი ქალების და სხვა დაინტერესებული მხარეების ხელმისაწვდომობა ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ფართო სპექტრზე (ოჯახში/ქალთა მიმართ ძალადობის სამართლებრივი მექანიზმები, მსხვერპლთა დახმარების სერვისები, რეფერირების სისტემის აქტორები და სხვ.) ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და სათანადო რეაგირების მიზნით.
პროექტი 3 წლის განმავლობაში განხორციელდება დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში (ვანი, ბაღდათი, სამტრედია, ტყიბული, თერჯოლა, წალენჯიხა, სენაკი, ზუგდიდი, ქობულეთი, ჩოხატაური).
პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებას განაგრძობს ვებგვერდი „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურს ცენტრი“ https://sosfsokhumi.ge/
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების ჯგუფის ინიციატივით და მოდერაციით გაიმართა შეხვედრა დასავლეთ საქართველოს 17 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, წყალტუბო, ვანი, თერჯოლა, ბაღდათი, სამტრედია, სენაკი, ტყიბული, ჩოხატაური, ქობულეთი, წალენჯიხა, ზუგდიდი, ოზურგეთი, ფოთი, ლანჩხუთი, ხონი, ხობი) წარმომადგენლების მონაწილეობით.
შეხვედრის თემა იყო „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ადგილობრივი პროგრამები - არსებული პოზიტიური გამოცდილების გაზიარება“. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ადგილობრივი პროგრამების შესახებ ისაუბრეს ჩოხატაურის, ფოთის, ზუგდიდის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელებმა. დისკუსიის ფორმატი ეფექტიანი გამოდგა კარგი პრაქტიკის და წარმატებული გამოცდილების გაზიარებისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სასიამოვნო ამბავი გვაქვს - უკრაინელმა მარია დობროვოლსკაიამ ქუთაისში ჯანმრთელი ბიჭი გააჩინა. ისინი უკვე გაწერეს, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
კიდევ ერთი სიახლე: მოგვმართა პროგრამა „სონიაშნიკის“ მოხალისემ. ამ პროგრამით, 15-დან 18 წლამდე 5 უკრაინელი მოზარდი საზაფხულო ბანაკში საინტერესოდ გაატარებს დროს. ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ უკვე შეკრიბა ჯგუფი უფასო ბანაკისთვის.
ამჟამად ჩვენს მონაცემთა ბაზაში 523 ადამიანია. მაისში 43 ადამიანი დაემატა.
ამ თვეში ჩვენი მხარდაჭერა სხვადასხვანირად გამოიხატა:
- პროდუქტებით დახმარება გაეწია 30 ოჯახს (63 ადამიანი)
- 6-მა ოჯახმა მიიღო დახმარება ქირის გადახდაში
- კომუნალური გადასახადების გადახდაში 6 ოჯახს დავეხმარეთ
- ერთ-ერთ უკრაინელს ოპერაციის ღირებულების ნაწილი გადავუხადეთ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა
ფორუმ-თეატრი გასულ თვეს გეგუთში N14 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდა. ამ ვიზიტმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მსახიობები ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მიიწვიეს. მათ აქ 4 წარმოდგენა აჩვენეს. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი სანახაობა იყო და ყოველი წარმოდგენის შემდეგ აქტიური დისკუსიაც იმართებოდა მაყურებლის ჩართულობით... უჩვეულო აუდიტორიასთან მუშაობამ ფორუმ-თეატრს ახალი გამოცდილება შესძინა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ, ევროპის საბჭოს ხილვადობის კვირეულში 27-28 აპრილს, ევროსაბჭოს კონგრესის და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თანამშრომლობით გამართულ ორდღიან სემინარში მიიღო მონაწილეობა. სემინარი ჩატარდა „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში და მის ძირითად თემას ინკლუზიური კომუნიკაციის გაძლიერება წარმოადგენდა.
სემინარის ერთ-ერთი სესია, „ცოცხალი ბიბლიოთეკის“ მეთოდით, ადგილობრივი თვითმმართველობის მონაწილეებისთვის სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების პირადი ისტორიების, მათ წინაშე არსებული გამოწვევების და პრობლემების გადაწყვეტის საკუთარ ხედვების გაცნობას დაეთმო.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი - ეკატერინე გამახარია, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების წინაშე დევნილი ქალების გამოწვევებით წარსდგა და ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების პროცესში დევნილი მოსახლეობის, მათ შორის ქალთა და გოგონათა, მონაწილეობის აუცილებლობაზე და მათ წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მუნიციპალური სერვისების და სოციალური პროგრამების დანერგვის საჭიროებაზე ისაუბრა.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია, გენდერული თემატური ჯგუფის - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა. შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამების ანალიტიკოსი თამარ ლობჯანიძე და Kvinna till Kvinna-ს სამხრეთ კავკასიის პროგრამების უფროსი ოფიცერი რეგინა ეგოროვა-ასკეროვა.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ორივე მხარეს კონფლიქტით დაყოფილი მოსახლეობის გადაადგილების პრობლემებზე, გამყოფ ზოლში მოსახლეობისთვის ტვირთის გადაზიდვისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე, ნდობის აღდგენის მიმართულებით ჩართული სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენელთა კონფლიქტ-სენსიტიური პრინციპების მიმართულებით ინფორმირებულობის, უნარების და კომპეტენციების გაზრდის აუცილებლობაზე.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა - ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო ორდღიან კონფერენციაში, რომელიც მოაწყო ქალთა ასოციაცია „თანხმობამ“. კონფერენცია თემაზე „ქალები და ახალგაზრდები პოზიტიური ცვლილებებისთვის“ 24-25 აპრილს გაიმართა.
ღონისძიების პირველი დღე მიეძღვნა ქალთა და ახალგაზრდების პოზიტიურ როლს მშვიდობის მშენებლობის პროცესში, ხოლო მეორე დღე დევნილთა მდგომარეობას და საჭიროებებს დაეთმო.
კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც სამთავრობო და ადგილობრივი თვითმმართველობების, ასევე მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე და დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია მოხსენებით გამოვიდა კონფერენციის პანელურ დისკუსიაში, რომელიც დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებს ეძღვნებოდა. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის შესასრულებლად მიღებულ საქართველოს რიგით მეოთხე სამოქმედო გეგმაში (2022-2024 წწ.) სახელმწიფოს მხრიდან აღებულ ვალდებულებებზე სამშვიდობო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, ასევე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო პროგრამებში დევნილ ქალთა მონაწილეობის მიმართულებით. მან ყურადღება გაამახვილა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ეკონომიკურ პროგრამებში დევნილ ქალთა ქმედითი მონაწილეობის პრობლემებზე, მათი მოწყვლადი მდგომარეობისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ბარიერებზე და სხვ.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელი ეკატერინე გამახარია, პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრის, ანა ნაცვლიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებული თემატური მოკვლევის - „ქალებისა და გოგოებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა.
თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა, ანა ნაცვლიშვილმა ექსპერტთან ერთად მოკვლევის შედეგები და ძირითადი მიგნებები წარადგინა. მან ხაზი გაუსვა მოკვლევაზე მუშაობის მულტისექტორულ ფორმატს და აღნიშნა, რომ ქალთა გაძლიერებას სჭირდება სისტემური მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან, ასევე - ერთიანი მკაფიო ხედვა და პოლიტიკა.
მოკვლევის ფარგლებში შეხვედრები სახელმწიფო ინსტიტუტების, საბანკო-საფინანსო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა. მოკვლევის ჯგუფმა ჩაატარა თემატური შეხვედრები საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში მეწარმე ქალებთან, ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომელშიც ასევე თბილისის ოფისის ხელმძღვანელიც მონაწილეობდა და მოკვლევის ჯგუფს დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების გამოწვევებზე გაუზიარა ინფორმაცია.
მოკვლევის ანგარიში ხელმისაწვდომია აქ:
მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება - ეს არის ექვს მუნიციპალიტეტში ჩატარებული რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის სისტემატიზებულ მონაცემთა ანგარიში.
კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის დამოკიდებულების შეფასება მათი ადამიანური უსაფრთხოების საკითხების მიმართ საზოგადოებრივი და პირადი უსაფრთხოების სფეროებში.
კვლევის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები გამოყენებული იქნება ადამიანური უსაფრთხოების სფეროში ადვოკატირების კამპანიებისთვის ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ზუგდიდის, წალენჯიხის და სენაკის მუნიციპალიტეტებში.
ქუთაისი ხონი სენაკი წყალტუბო წალენჯიხა ზუგდიდი
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
სამტრედიის, წალენჯიხის, ჩოხატაურის, ვანის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა სხვადასხვა სამიზე ჯგუფებთან. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაციები ქალთა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობაზე და იმ ძირითად შედეგებზე, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით არსებობს. ისაუბრეს მსხვერპლთა დახმარების სერვისებსა და ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებზე.
მონაწილეებმა აქტიური დისკუსიის ფონზე საკუთარი პოზიციები გამოკვეთეს: მიაჩნიათ, რომ გახშირებული ოჯახური ძალადობის ფაქტების საპირისპიროდ აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება, რაც გულისხმობს ახალგაზრდების ინფორმირებას და მსხვერპლთა სერვისების გაუმჯობესებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)