ოლიმპიური ცეცხლის „გენდერული ნათება“

ტელეკომპანია „რიონის“ ტელეჟურნალი „7 დღე“ ოლიმპიურ ცეცხლის ქუთაისში შემოტანას  აშუქებს. ცეცხლს 14 მეჩირაღდნე გაუძღვება, მათ შორის 2 ქალი.
სიუჟეტი ეხება ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტს „ოლიმპიადა თანაბარ შესაძლებლობებს იძლევა“, რომელიც თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მიზანია,  საზოგადოებას დაანახოს, რომ სპორტი არის ის სახეობა, სადაც ქალიც და კაციც შეიძლება, თანაბრად  იყოს ჩართული.
„გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს მხოლოდ პოლიტიკურ სარბიელს“, - მიიჩნევს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი ირმა პეტრიაშვილი.
„ჩვენ გენდერული აქცენტი გვაქვს. გვინდა გავამახვილოთ  საზოგადოების ყურადღება იმაზე, რომ სპორტი მხოლოდ მასკულინური კულტურა არ არის. ამისთვის პროექტის ფარგლებში დამზადდა მაისურები, საინფორმაციო მასალა, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობაში ქალების თანაბარ წარმატებებს უსვამს ხაზს და მიუთითებს მათ თანაბარ ღვაწლზე“, - აცხადებენ პროექტის მონაწილეები.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

რადიო „თავისუფლების“ სიუჟეტი - ახალგაზრდულ პროექტზე, ოზურგეთის გამოცდილებაზე

„თავისუფლების“ ეთერში გავიდა რადიოსიუჟეტი, რომელიც ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ახალგაზრდულ პროექტზე მოგვითხრობს.
სიუჟეტი ხაზს უსვამს თემის აქტუალობას:  საზოგადოებრივი დისკუსიების ინიცირება - არაძალადობრივი ცნობიერების დამკვიდრება და სტერეოტიპების მსხვრევა, ჯანსაღი კომუნიკაციების ხელშეწყობა, რასაც პროექტი ითვალისწინებს, პასუხობს ჩვენი საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს.
ახალგაზრდებთან გენდერული განათლების კუთხით მუშაობის აუცილებლობას აღნიშნავენ ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, რომლებიც სხდომაზე იმყოფებოდნენ ბათუმში.
როგორ უნდა ჩაერთონ გენდერული საკონსულტაციო საბჭოები საზოგადოებისათვის მტკივნეული საკითხების გადაჭრაში, რა სტრატეგია უნდა დაისახოს თვითმმართველობასთან თანამშრომლობისათვის - ამ საკითხებზე საუბრობენ სიუჟეტში ბათუმის და ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წევრები.
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

ტელეგადაცემა სენაკის „ეგრისის“ ეთერში

ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში გასულ გადაცემაში სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ისაუბრეს გენდერულ პოლიტიკაზე და შეაფასეს საბჭოს თითქმის ორწლიანი მუშაობა.

ითქვა, რომ პირველი ხელშესახები შედეგი იყო თვითმმართველობაში ახალგაზრდობისა და გენდერის განყოფილების შექმნა, რომელსაც მართალია მცირე, მაგრამ ბიუჯეტი გამოეყო. დასახელდა რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც თვითმმართველობამ გაითვალისწინა, განსაკუთრებით - ახალგაზრდებთან მიმართებაში.
საბჭოს წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ თვითმმართველობის მხრიდან ნდობის გამოხატულება იყო პროექტები, რომლებიც დაფინანსდა და წარმატებით განხორციელდა კიდეც. მათ აღნიშნეს ადგილობრივ მედიასთან თანამშრომლობა, რამაც უზრუნველყო პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მისი პოპულარიზაცია.
სიუჟეტში ნათქვამია - გენდერული საკონსულტაციო საბჭო, როგორც შუამავალი რგოლი საზოგადოებასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, მაღალ პასუხისმგებლობას გრძნობს. მისი წევრების დიდი სურვილია, მომავალი წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად აისახოს ის გენდერული საჭიროებები, რომლებიც ახლახან ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ტელესიუჟეტი- „გურიას“ ეთერში

ოზურგეთის „გურიას“ ეთერში გასული ტელესიუჟეტი ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განხილულ საკითხებს შეეხო. რა გამოიკვეთა ჩატარებული საჭიროებათა კვლევის შედეგად; რა კონკრეტული წინადადებები აქვთ სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლებს; რომელია მოქალაქეთა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების პირველი რიგის საჭიროებები, რაც, საბჭოს წევრების აზრით, ადგილობრივ ბიუჯეტში აუცილებლად უნდა აისახოს.

როგორც საბჭოს წევრები აცხადებენ, ისინი მზად არიან, მაქსიმუმი გააკეთონ იმისათვის, რომ კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების მოგვარების გზები იპოვონ და დასახონ სტრატეგია, რათა მომავალ ბიუჯეტში გამოინახოს შესაბამისი რესურსები. მათი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებაში არსებობს პოლიტიკური ნება კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

რეკომენდაციიდან - ადგილობრივი ბიუჯეტის კონკრეტულ მუხლამდე

  
 
შეხვედრის ბოლოს ტელეკომპანია „გურიამ“ ინტერვიუები ჩაიწერა სიუჟეტისთვის.
მანამდე კი ოზურგეთელი ჟურნალისტები დაესწრნენ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომას, რომელიც მიეძღვნა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის შედეგებს. ჟურნალისტებისთვის მნიშვნელოვანია კვლევა, რადგან მის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები აუცილებლად აისახება მომავალი წლის ბიუჯეტში.
მედიის წარმომადგენლები მიადევნებენ თვალს პროცესს - გენდერული საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციიდან - ადგილობრივი ბიუჯეტის კონკრეტულ მუხლამდე...
 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები