ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა (203)
ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა – გულისხმობს საქმიანობას ახალგაზრდობასთან მათი გაძლიერებისა და ლიდერული თვისებების ჩამოყალიბებისთვის. მუშაობა მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში - ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ხურჩა/კოკი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთი, ოზურგეთი. ტარდება საინფორმაციო შეხვედრები გენდერულ და ოჯახში ძალადობის თემაზე ახალგაზრდულ კლუბებში, კონფლიქტოლოგის ვორკშოპები ახალგაზრდებთან, ეწყობა შეხვედრები ვაჟებთან, ჩამოყალიბდა ახალგაზრდა ტრენერთა ჯგუფი, იმართება ტრენინგები და სხვადასხვა სახის შეხვედრები ახალგაზრდების მონაწილეობით.
ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ფონდი „სოხუმი“ აქტიურად გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე. ონლაინ მუშაობა მიმდინარეობს ვაჟებთანაც. ფონდის ტრენერი აქტიურად დაუკავშირდა იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჩართულები არიან ექვსთვიან კურსში - თერჯოლის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ქუთაისის, სენაკის, ფოთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებიდან. ჩართვა მოხდა როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად. სამწუხაროდ, ჭირს ინტერნეტით საუბარი, ამიტომ ტრენერი ზოგიერთს ტელეფონით დაეკონტაქტა.
მარტის თემა იყო გენდერული როლები. საუბრის დროს აქტიურად განიხილეს საზოგადოებაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და თავად ბიჭების როლი.
მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი), ღვანკითის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) და ნაბაკევის (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში ახალგაზრდული კლუბების ონლაინ შეხვედრები გაიმართა.
განხილული იქნა მსოფლიოში Сovid-19-თან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია და პრობლემები, რომლებიც ხშირად ოჯახურ ძალადობას იწვევს.
ახალგაზრდებმა ცხოვრებისეული მაგალითები მოიყვანეს და საინტერესო დისკუსიაც გაჩაღდა. გამოვლინდა მონაწილეთა დიდი სურვილი - მალე ადგილებზე ცოცხალი შეხვედრები ჩატარდეს.
ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგის პირველი აქტივობა - კორონოვირუსთან დაკავშირებული პანდემიის რთულ პირობებში - იყო 16 მარტს ფონდის ფეისბუქგვერდზე ვიდეოგაკვეთილის ატვირთვა. ვიდეოგაკვეთილს მოჰყვა ბევრი გამოხმაურება.
აზიარებდნენ და აკომენტარებდნენ მოსწავლეები და მათი მშობლები, ასევე პედაგოგები, სკოლების დირექტორები და უბრალოდ - ფეისბუქმკითხველები.
მოსწავლეებმა და პედაგოგებმა პირად საუბრებსა და მიმოწერებში აღნიშნეს, რომ მოეწონათ ვიდეოგაკვეთილი. მათი თქმით, ფონდმა „სოხუმმა“ რთულ ვითარებაში ეფექტიანი გამოსავალი იპოვა და მოზარდებს, იზოლაციის პირობების მიუხედავად, მისცა არაფორმალური განათლების მიღების, ინფორმირების და გააქტიურების საშუალება.
გრძელდება ონლაინ შეხვედრები. ამჯერად - ძევრის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), თეკლათის (სენაკის მუნიციპალიტეტი) და ანაკლიის(ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლის კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან. მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ მუშაობაში. მათ ნახეს და მოეწონათ ვიდეოგაკვეთილი, დატოვეს კომენტარები, გააზიარეს თავიანთ ფეისბუქგვერდებზე. მოსწავლეებმა ასევე დაწერეს ესეები, რომლებიც განთავსდა ფონდი „სოხუმის“ ფესიბუქგვერდზე.
მათი თქმით, კარგია, რომ მუშაობა გრძელდება - ახლა განსაკუთრებით უნდა ვიზრუნოთ კონფლიქტების მართვაზე, რადგან რთულ დღეებში ხშირია კონფლიქტური სიტუაცია. მოსწავლეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ვითარება მალე სასიკეთოდ შეიცვლება და კონფლიქტოლოგიის ვორკშოპებიც განახლდება.
სენაკის, ქუთაისის და განმუხურის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდულ კლუბებთან ონლაინ შეხვედრები გაიმართა. ეს საინტერესო ფორმატია, რადგანაც ახალია და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე... შეხვედრებზე პროექტის მოდერატორმა მოსწავლეებთან ერთად განიხილა როგორც ოჯახში ძალადობის თემა, ასევე დღევანდელი სიტუაცია ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით.
რაც მთავარია, ახალგაზრდებში პანიკა არ არის. ისინი სწავლის განახლების მოლოდინში არიან და ჩვენი ინიციატივით ახალგაზრდული კლუბის წევრები უერთდებიან ახალგაზრდულ აქციას სოციალურ ქსელში „ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ გავიმარჯვებთ!“
„ასეთი შეხვედრები საჭიროა კონფლიქტური სიტუაციების შესამცირებლად“, „უფრო მეტი საგანმანათლებლო შეხვედრა უნდა ჩატარდეს, რათა ბავშვებმა ბევრი რამ შეიტყონ“, „ბავშვებთან აქტიური მუშაობაა საჭირო, რომ მათ კონფლიქტის მართვა შეძლონ“, „ვსწავლობთ ერთმანეთის აზრის პატივისცემას“, ეს თემა სკოლებში აუცილებელია“, „დღეს გავიგე, რას ნიშნავს სიტყვა „მედიატორი“, „ამ შეხვედრას 10-დან 10 ქულას დავუწერდი“, „მინდა რომ მუშაობა გაგრძელდეს“...
მასწავლებლებისა და მოსწავლეების ეს შეფასებები კარგად ასახავს ვორკშოპების მნიშვნელობას, საჭიროებას, ინტერესს, გავლენას და ცვლილებებს. ვორკშოპები მშვიდობისა და კონფლიქტის თემაზე ჩატარდა სოფელ თეკლათის (სენაკის მუნიციპალიტეტი) და ქუთაისის №13 საჯარო სკოლებში და ფოთის შპს „გიმნაზიაში“.
თებერვლიდან განახლდა მუშაობა ვაჟებთან, დაიწყო შეხვედრების ახალი ციკლი. პირველი შეხვედრები გაიმართა ქუთაისის (3 თებერვალი), სენაკის (5 თებერვალი) და ფოთის (7 თებერვალი) მუნიციპალიტეტებში. განხილული იყო აქტუალური საკითხები: „ძალადობის მავნებლობა“ და „ვაჟკაცობის ცნების გააზრება“. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ვაჟების ინფორმირება და მოტივირება, რათა შემდეგ მათ გაავრცელონ ინფორმაცია.
შეხვედრებზე გამოყენებული იყო სხვადასხვა მეთოდი: მინი ლექცია, როლური თამაშები, დისკუსია, ჯგუფური სავარჯიშოები. ყოველივე ეს ვაჟებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ისინი აქტიურად ჩაერთნენ მუშაობაში და გამოხატეს საკუთარი აზრი. ბიჭების აზრით, ძალადობას ჯერ კიდევ არ მიიჩნევს საზოგადოება მნიშვნელოვან პრობლემად და ამიტომაც საჭიროა მეტი მუშაობა.
ხუთი თვის მანძილზე იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის 9 სკოლაში ჩატარდა ვორკშოპების ციკლი კონფლიქტის მართვის სწავლების კუთხით. იანვარში კი ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგმა გაწეული მუშაობა შეაჯამა.
მუშაობის გეოგრაფიული მონაცემები ასეთია:
სამი ქალაქი - სენაკის მე-3 საჯარო სკოლა, ფოთის შპს „თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზია და ქუთაისის მე-11 საჯარო სკოლა.
ექვსი სოფელი: გურიანთა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), მელაური (სამტრედიის მუნიციპალიტეტი), განმუხური (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლია (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), ზედა სიმონეთი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) და ლესა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი).
შემაჯამებელ შეხვედრებს პროექტში ჩართულ მოზარდებთან ერთად ესწრებოდნენ სკოლების დირექტორები, პედაგოგები და სხვა კლასის მოსწავლეები. მათი თქმით, კონფლიქტების თემა აქტუალურია და აუცილებელია ახალგაზრდებთან ამ კუთხით მუშაობა. როგორც აღინიშნა, ახალგაზრდები ვორკშოპებზე მიღებულ ცოდნას და უნარებს გამოიყენებენ პირად ცხოვრებაში და გამოცდილებას გაუზიარებენ სხვებსაც.
მოსწავლეებისა და პედაგოგების ფიდბეკიდან:
„ეს იყო დროული, საჭირო და სასარგებლო ვორკშოპები“.
„მადლობა ფონდ „სოხუმს“ ჩვენი სკოლის არჩევისთვის“.
„კარგია, რომ მოსწავლეების აქტიურობა არ დარჩა შეუმჩნეველი და მათ გადაეცათ სერტიფიკატები“...
შემაჯამებელი შეხვედრებით დაიწყო იანვარი ახალგაზრდულ კლუბებში. სასწავლო ხუთთვიანი კურსი შეაჯამეს 9 მუნიციპალიტეტში: სოფელ ოზურგეთის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) და სოფელ ნოსირის (სენაკის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში, სამტრედიის კერძო სკოლაში, ქუთაისის 33-ე და ფოთის 21-ე საჯარო სკოლებში, სოფელ ორსანტიის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), სოფელ ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), სოფელ ნიგვზიანის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და ღვანკითის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში.
ამ სკოლებში ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა სხვადასხვა თემაზე, ბოლოს კი თვით მოსწავლეებმა ჩაატარეს ფინალური საინფორმაციო შეხვედრები.
საინტერესო პრეზენტაციებმა, თემების თავისუფალმა არჩევანმა, დისკუსიებმა წარმოაჩინა ცვლილებები მოზარდებში. ისინი საუბრობდნენ სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის დეფიციტზე. იმაზე, რომ ადამიანთა უმეტესობა საკუთარ კეთილდღეობაზეა მოტივირებული. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს კონფლიქტებს, ძალადობას. აღინიშნა, რომ ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრებზე მოზარდები უკეთ იაზრებენ პრობლემებს, ეძებენ გზებს, რომლებითაც შესაძლებელია ძალადობის პრევენცია. გამოიკვეთა მაქსიმალური ჩართულობა, შეხვედრების ჩატარების ინოვაციური მიდგომები.
აქტიური ჯგუფები თავიანთ სკოლებში გააგრძელებენ დამოუკიდებელ საქმიანობას. დირექტორები და პედაგოგები მზად არიან, ყველა ინიციატივას მხარი დაუჭირონ.
თერჯოლის, სენაკის, ქუთაისის, ფოთის, ოზურგეთის, ზუგდიდის, სამტრედიის, წალენჯიხის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში გაიმართა მორიგი შეხვედრები ვაჟებთან.
მუშაობა - საუბრები თუ როლური თამაშები, ძირითადად, შეეხებოდა ოჯახში ძალადობას და ბულინგს. აღინიშნა, რომ როცა საზოგადოების წევრები ბედნიერები არიან, საზოგადოებაც ბედნიერია. აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ კომუნიკაციის დროს ვაჟებმა არ უნდა გამოხატონ აგრესია, პრობლემები და კონფლიქტები ძალადობის გარეშე უნდა მოაგვარონ.