ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ მონაწილეობა მიიღო უკრაინის მთავრობისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ 2023 წლის ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 67-ე სესიის მოსამზადებელ კონსულტაციაში თემაზე: „ინოვაცია, ტექნოლოგიური ცვლილებები და განათლება ციფრულ ეპოქაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად და ქალებისა და გოგოების გასაძლიერებლად“.
კონსულტაციებში მონაწილეობდნენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები. შეხვედრის დროს ხაზი გაესვა ომის გენდერულ შედეგებს ქალებსა და გოგონებზე, როგორც უკრაინის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ასევე მათ წამყვან როლს ცვლილებების განხორციელების პროცესში.
პანელური დისკუსიების დროს განხილულ იქნა, თუ რა როლს ასრულებენ ტექნოლოგიები და ციფრული გადაწყვეტილებები ომით დაზარალებული ქალების სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაკმაყოფილებაში მთელს რეგიონში და რამდენად შეუძლია ტექნოლოგიებს და ციფრულ ეკონომიკას გენდერულად ორიენტირებული აღდგენის და განვითარების ხელშეწყობა და არსებული გენდერული ციფრული ხარვეზების შემცირება.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომლის მიმართ მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა გამოხატეს. მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.
ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, მშრომელები და ახალგაზრდები; დახმარება არ გაეწიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, მაღაროელებს, უკანონოდ გათავისუფლებულ, დევნილ, უსახლკარო, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებს; არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც მხოლოდ ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს.
ძალადობის ქეისების სწორი მართვა ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მნიშვნელოვანი მისიაა, რადგან ბენეფიციარებთან ნდობა იზრდება და ხელს უწყობს მომართვიანობის გაზრდას.
სენაკის, თერჯოლის და ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში იდენტიფიცირებული ქეისების ეფექტიანი მართვის მიზნით, უკვე მოხდა მათი ანალიზი და შეფასება. ორი ბენეფიციარი გადამისამართდა სარეაბილიტაციო ცენტრში და ფსიქორეაბილიტაციის კურსს გადის, ხოლო დანარჩენებთან ფსიქოლოგი ინდივიდუალურად განაგრძობს მუშაობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
- რა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს მუშაობა ძალადობის პრობლემის პრევენციისთვის, როგორ დავეხმართ იმ ქალებს, რომლებიც რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, - ამ საკითხებზე მსჯელობენ საინფორმაციო შეხვედრებზე, რომლებიც ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ყოველთვიურად მიმდინარეობს.
ვანის, ზუგდიდის და ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ ინიცირებულ შეხვედრებში მონაწილეებმა გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები, რომლებიც ცენტრების საქმიანობაში აისახება.
- აუცილებელია ყველა საჭირო ინფორმაციის გავრცელება და ადრესატამდე მიტანა, ეს ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას, - ასეთია მონაწილეთა საერთო პოზიცია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა კონფერენცია. ღონისძიებაზე განხილულ იქნა GREVIO-ის (დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს უწევს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) იმპლემენტაციას) და სტამბოლის კონვენციის მხარეთა კომიტეტის მიერ მიღებული რეკომენდაციები.
სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად და GREVIO-ის წევრი და მეორე ვიცე პრეზიდენტის, მარია-ანდრიანი კოსტოპულოს მონაწილეობით, განიხილეს მხარეთა კომიტეტის მიერ 2022 წლის ბოლოს დამტკიცებული 16 რეკომენდაციის შესასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯები. რეკომენდაციები მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, როგორც ეს მითითებულია 2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ საქართველოს შესახებ GREVIO-ის საბაზისო ანგარიშში.
ეს არის ჩვენი ორგანიზაციის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპი ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლობის კიდევ ერთი კარგი მაგალითი:
გაერთიანების მე-17 ფილიალში ქალთა ფონდი „სოხუმის“ ტრენერებმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების უფლებამოსილება და ვალდებულებები. ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება და მართვა, ძალადობის პრევენცია“.
მონაწილეთა შეფასებით, ეს იყო ძალიან საინტერესო, ინტერაქტიული, მნიშვნელოვანი ინფორმაციებით დატვირთული სამუშაო პროცესი.
სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალთან მომდევნო ტრენინგი უახლოეს მომავალში იგეგმება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ბაღდათის დღის სარეაბილიტაციო ცენტრში წარმატებით დასრულდა პროფესიული კურსები. ბოლოს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ბენეფიციარებისთვის ტრენინგი ჩატარდა. მაღალკვალიფიციურმა ტრენერმა, ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორმა ელგუჯა დეისაძემ მონაწილეებს ბიზნეს პროექტების დაწერის სპეციფიკა გააცნო. შემდეგ ეტაპზე კონკურსი გაიმართება და საუკეთესო პროექტების ავტორები მცირე გრანტებს მიიღებენ. ყოველივე ეს ქალებს ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი კარიერის წარმატებით შექმნაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022-2030 წწ.) პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ სამოქმედო გეგმაზე დაიწყო მუშაობა. შეხვედრას საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №143 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო უწყებების, ასევე, საერთაშორისო/დონორი ორგანაზაციებისა და 80-მდე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლობაც ესწრებოდა.
შეხვედრის დასასრულს ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობას და სამოქმედო გეგმის პირველად ვერსიაზე მათი უკუკავშირისათვის კონკრეტულ ვადებზე ისაუბრეს. თუმცა დისკუსიისას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ყურადღება სახელმწიფო უწყებების მხრიდან თანამშრომლობის იმ მთავარ გამოწვევაზე გაამახვილეს, რაც უკვე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, სამოქალაქო საზოგადოებების მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების სახელმწიფო პოლიტიკაში გაუთვალისწინებლობას გულისხმობს. ეს კი, ცხადია თანმშრომლობის მოტივაციას უკარგავს თითოეულ ჩვენგანს.
ჩვენი წარმომადგენელი - ლინდა ჩიხლაძე მონაწილეობდა მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს სამდივნოს საინფორმაციო შეხვედრაში.
შეხვედრაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს ინფორმაცია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობის მექანიზმებთან დაკავშირებით. მათ შორის - მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს საქმიანობის და სტრუქტურის, მასში შემავალი ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფის და მათში ჩართვის შესაძლებლობების და მნიშვნელობის შესახებ. ლინდა ჩიხლაძემ შეხვედრის მონაწილეებს ქალთა ფონდი „სოხუმის“ მუშაობის საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარა.