„ქალები და ახალგაზრდები სამშვიდობო მოძრაობაში, გაეროს რეზოლუცია 1325 და 2250-ის იმპლემენტაციის ხელშეწყობა“-ამ თემაზე ჩატარდა ტრენინგი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან . მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე,როგორიცაა სამშვიდობო ინიციატივები და ქალის როლი.

ტრენინგის მეორე ნაწილი 1325 რეზოლუციის განხილვას დაეთმო.

მონაწილეებმა იმუშავეს და იმსჯელეს იმ საკითხებზე, რომელიც მუნიციპალურ დონეზე 1325 რეზოლუციის დანერგვას შეუწყობს ხელს.

შეხვედრა გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მეორე საჯარო სკოლაშიც. მოსწავლეებმა ისაუბრეს ბულინგზე, კონფლიქტსა და მის პრევენციაზე, გადაჭრის გზებზე.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით და „ქალთა ეროვნული ლიგის" მოხალისებრივი ჩართულობით, პროექტის - „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ლოკალიზაციის“ ფარგლებში, ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში“ 18-19 დეკემბერს ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ოჯახების მომზადება საომარი და საგანგებო სიტუაციებისთვის“.

ტრენინგს ესწრებოდნენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები.

ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. პირველი დღე დაეთმო პირველადი სამედიცინო დახმარების ბაზისებს და ევაკუაციის საკითხს, ხოლო მეორე - სამოქალაქო მზადყოფნისა და უსაფრთხოების მნიშვნელობისა და პრინციპების განხილვას.

ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ომისდროინდელი ისტორიები, ისაუბრეს სირთულეებისა და გამოწვევების შესახებ.

ტრენინგს ესწრებოდნენ აშშ-ის არმიის სამოქალაქოთა დახმარების სამხედრო ჯგუფის წარმომადგენლები.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია ბავშვებისა და მოზრდილებისთვის. უკრაინელები დიდი ხანია წმინდა ნიკოლოზს ჩვეულებრივი ხალხის მფარველ წმინდანად მიიჩნევს. ის ყოველთვის მიიჩქარის იმათ დასახმარებლად, ვისაც ეს სჭირდება. ამის გამო წმინდანს „სწრაფშემსმენელსაც“ უწოდებენ. წმინდა ნიკოლოზი ბავშვების მფარველად ითვლება - დღესასწაულის წინა დღეს ბავშვები წერილებს უწერენ სურვილებით და საჩუქრებსაც იღებენ.

ამ ტრადიციის მიხედვით, ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ უკრაინელი ბავშვებისთვის ზეიმი მოაწყო ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო გუნდმა შეასრულა უკრაინული სიმღერები, უკრაინის და საქართველოს ჰიმნი.

ნიკოლოზობის ერთ-ერთი „კეთილი ჯადოქარი“ იყო მიკოლა ვასილჩუკი, ქართულ-უკრაინული კომპანიის დირექტორი, რომელმაც ტკბილი საჩუქრები მოამზადა პატარებისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და უკრაინელებს მიესალმნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.

- ჩვენ დავბრუნდებით უკრაინაში და ქუთაისში გატარებული დღეებიდან ეს ერთ-ერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის, - აღნიშნეს უკრაინელმა დედებმა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გეგმურ ონლაინ შეხვედრაზე ადვოკატირების პროცესის დინამიკა შეაფასეს. მოისმინეს ახალი ინფორმაციები, რომელიც ადვოკატირების პროცესში დაგროვდა.  

მომდევნო ნაწილში ჯგუფის წევრები გაეცნენ ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ რეზოლუცია 1325-ის ადგილზე იმპლემენტაციის მიზნით შემუშავებულ სტრატეგიას.

ქალთა ჯგუფი აქტიურად გააგრძელებს ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობას სტრატეგიაში გაწერილი ძირითადი ამოცანების შესასრულებლად.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ორი კვლევის პრეზენტაცია გამართა: „ორმხრივი გამოტოვების ადგილები - უფლებრივი და სოციალური გამოწვევები გალსა და ახალგორში“ და „გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები ქალების გამოწვევები და საჭიროებები“. ღონისძიებას საერთაშორისო, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელიც ესწრებოდა. ეკატერინე გამახარიამ თავის გამოსვლაში ყურადღება იმ გამოწვევებზე გაამახვილა, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად აწუხებთ კომფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ქალებს, მათ შორის მძიმე ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა, უმუშევრობა და ეკონომიკურ საქმიანობაზე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ბარიერები, გამყოფი ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების პრობლემები, ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხები  და ა.შ.

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ქუთაისში დაესწრო ქალთა ფონდი „სოხუმის“ პროექტის პრეზენტაციას. შეხვედრა გაიმართა პროექტის პარტნიორის - ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ ოფისში USAID-ისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლების მონაწილეობით.

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ და „მშვიდობიანმა და საქმიანმა კავკასიამ“ წარმოადგინეს USAID-ის პროექტის ფარგლებში ორი წლის მანძილზე მიღწეული შედეგები.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა პროექტის წარმომადგენლებს კარგი და მნიშვნელოვანი მუშაობისთვის სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერების, ეკონომიკური და სამედიცინო მიმართულებების განვითარების, ნდობის აღდგენისა და მდგრადი მშვიდობის დამყარების ხელშეწყობისთვის.

შეხვედრაზე ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა მადლიერება გამოხატეს აშშ-ის საელჩოს ორგანიზაციის პრაქტიკულად პირველი სერიოზული მხარდაჭერის გამო, რამაც გააძლიერა ორგანიზაცია და შექმნა კარგი ბექგრაუნდი. შემდგომში საელჩომ არაერთხელ დააფინანსა ფონდი „სოხუმის“ მნიშვნელოვანი საპროექტო წინადადებები ქალთა მხარდაჭერის და დაცვის კუთხით.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სტრატეგიის ამოცანებზე მუშაობა

ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან გაიმართა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა. მონაწილეები სტრატეგიიდან გაეცნენ იმ ამოცანებს, რომლებიც  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობით შემუშავდა ქუთაისში ჩატარებულ ვორკშოპზე.

შეხვედრაზე ასევე შეფასდა ადვოკატირების პროცესის დინამიკა. პრობლემების მოგვარება, რასაც ცდილობს ჯგუფი, სიკეთის მომტანი იქნება თემისთვის. არა მარტო  დევნილი ქალებისა და ახალგაზრდებისათვის, არამედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები  თითოეული მოქალაქისთვის.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

და-ძმა, ექიმები უკრაინიდან. სასწაულებრივად გადაურჩნენ ომის საშინელებებს.  ხარკოვიდან ქუთაისში სექტემბერში ჩამოვიდნენ. მათი მშობლები აქ მუშაობდნენ სამხედრო ექიმებად, სკოლა ქუთაისში დაამთავრეს, აქ ჰყავთ მეგობრები და ნაცნობები.

როგორც ფსიქოლოგ მანანა გოცირიძეს უთხრეს, ჯერ კიდევ სიკვდილის მომასწავებელი სირენის ხმებისგან იღვიძებენ.

„ძნელი წარმოსადგენია, დაიბრუნებს თუ არა ჩვენი ქალაქი თავის სილამაზეს. ხარკოვში თითქმის ყველა საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა. ყველგან ქვების გროვაა, მინა, რკინა... მოსახლეობაში ფსიქოზის მეორე ტალღა მაშინ დაიწყო, როცა მიხვდნენ, რომ ომი მალე არ დასრულდებოდა. ომი ჩვენთვის არის შიში, რომ შეიძლება გაგაუპატიურონ, მოგკლან. ეს არის უიმედობის და სასოწარკვეთის მდგომარეობა. რომ დამთავრდება, მერეც დიდხანს იმოქმედებს ადამიანების ფსიქიკაზე“.

ეს ჩვენი ბენეფიციარების სიტყვებია.

პრობლემები ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების და უსაფრთხოების კუთხით, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ინტერნეტის ხელმიუწვდომობლობა - ეს ის საკითხებია, რომლებიც დევნილებს აწუხებთ და რომელთა მოგვარება სამთავრობო სტრუქტურებს ხელეწიფება.

აფხაზეთიდან დევნილ და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თეონა აქუბარდია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტი მაკო ავალიანი შეხვდნენ.

ზუგდიდში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ზუგდიდის და სენაკის საინიციატივო ჯგუფების ხუთი წარმომადგენელი. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი კოალიციურ  პროექტში „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“.

შეხვედრის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ და ასოციაცია „თანხმობამ“.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები