ფონდი „სოხუმის“, ულტიპროფილური კლინიკა „უნიქალ მედის“ და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის მონაწილეობით, 31 მარტს ხონში დევნილთა დასახლებაში კლინიკა „უნიქალ მედიმ“ უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარა. აქციის მონაწილეებს და „უნიქალ მედის“ დამფუძნებლებს შეხვდა ქალაქ ხონის მერი ლადო ჯურხაძე.
აქციაში ათობით დევნილმა მიიღო სამედიცინო მომსახურება - ექიმების კონსულტაცია თუ ექოსკოპიური კვლევა.
28-30 მარტს ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „პროექტის წერა და დიზაინი“. მასში მონაწილეობდნენ თერჯოლის, ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, ქუთაისის, ზუგდიდის და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორები. ტრენინგი ორგანიზებული იყო ფონდი „სოხუმის“ მიერ ხონის, წყალტუბოს და თერჯოლის მერიების თანადაფინანსებით. სამდღიანი მუშაობის შედეგად თითოეულმა მონაწილემ შეიმუშავა ინდივიდულური პროექტი. ტრენინგზე მიღებული ცოდნა დაეხმარება მონაწილეებს, მოიზიდონ დამატებითი ფინანსები პროექტების განხორციელებისთვის.
გრძელდება ფონდი „სოხუმის“ წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია ჯანსაღი კლიმატის ხელშეწყობა ოჯახსა და სკოლამდელ დაწესებულებში.
31 მარტს დაგეგმილი მეორე ტრენინგი ჩატარდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გვიშტიბის, ფარცხანაყანევის, მუხიანის, კოპიტნარის, მესხეთისა და მაღლაკის თემში მოქმედი საბავშვო ბაღების მენეჯერებისა და პედაგოგებისთვის. მათ მიიღეს საჭირო ინფორმაცია გენდერულ საკითხებზე, ძალადობის პრევენციაზე, ბულინგზე.
ფონდი „სოხუმის“ იურისტებმა მარტში 6 ინდივიდუალური კონსულტაცია ჩაატარეს. კონსულტაციები, ძირითადად, ეხებოდა ოჯახში ძალადობის და ოჯახურ კონფლიქტებს. მომართვა მოხდა ოზურგეთის, ლანჩხუთის, სენაკის და ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებიდან.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ძალადობის ერთ მსხვერპლს დახმარება გაეწია მსხვერპლის სტატუსის მოპოვებაში, რასაც შემდგომ სასამართლო პროცესზე გამოიყენებს.
ფონდი „სოხუმის“ მობილიზატორები აქტიურად არიან ჩართულნი მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში. თვის განმავლობაში ისინი ესწრებოდნენ საკრებულოს სხდომებს, ეცნობოდნენ მუნიციპალიტეტში მიმდინარე სიახლეებს და შემდეგ აცნობდნენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ბენეფიციარებს. მათ 9 ქალაქში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი და ლანჩხუთი) საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან და ესაუბრნენ ცენტრის სერვისებსა და აქტივობებზე.
27 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში - დევნილთა დასახლებებში, სოფლებსა და ქალაქებში. შეხვედრების თემა იყო გენდერული თანასწორობა, ქალთა უფლებები და ოჯახური ძალადობა. საინფორმაციო შეხვედრები ქალთა სოლიდარობის კვირეულს მიეძღვნა.
გრძელდება ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი. მარტში პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები მერის წარმომადგენლებთან ნახახულევსა და გოჩა ჯიხაიშში. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეების ინფორმირებულობას კონფლიქტებისა და ბულინგის პრევენციისათვის.
სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სოფელ თეკლათის სამედიცინო პერსონალთან, სკოლის დირექტორთან და პედაგოგებთან. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის მიზანსა და აქტივობებზე. შეხვედრების დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემას და ყოველი ჩვენგანის როლს პრევენციის პროცესში.
ფონდი „სოხუმის“ წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრი მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ჰარმონიული გარემოს შექმნა პატარებისათვის. პირველი ტრენინგი ჩაუტარდა საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, საბავშვო ბაღების მენეჯერებს და პედაგოგებს. მონაწილეებმა საინტერესო ინფორმაცია მიიღეს გენდერულ საკითხებზე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან მუშაობის კუთხით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ სამი ტრენინგი.
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი მეორე თვეა, ახორციელებს მცირე პროექტს, რომელიც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები მე-7 და 21-ე სკოლის დირექტორებთან, განათლების რესურს ცენტრის ხელმძღვანელობასთან. ამას გარდა, მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა 21-ე სკოლის მოსწავლეებთან თემაზე: მავნე ჩვევები და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა.