დევნილთა და ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა მრგვალი მაგიდა ფონდი „სოხუმის“ ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. შეხვედრის მიზანი იყო დევნილთა ინფორმირებულობის გაზრდა ადგილობრივ მუნიციპალურ სერვისებზე და პროგრამებზე. შეხვედრაზე მოწვეული იყო ფოთის მერიის ჯანდაცვის და სოციალური განყოფილების ხელმძღვანელი მაია მაკალათია და ისაუბრეს მუნიციპალურ პროგრამებზე.
ქალთა სოლიდარობის კვირეულისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა ჩატარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მასწავლებლები, სკოლის დირექტორი, ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტი ქალბატონები.
მრგვალი მაგიდის დროს მონაწილეებმა ბევრი რამ გაიგეს: ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის კვირეულის შესახებ, სოლიდარობის წარმატებული მაგალითები, ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობის შედეგები და გეგმები.




ქალთა სოლიდარობის კვირეულისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა ჩატარდა სენაკის საკრებულოში. მონაწილეთა შორის იყვნენ საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქალთა სოლიდაობის კვირეულთან და სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით. გაიმართა დისკუსია ქალთა როლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ასევე ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის კუთხით.
როგორ უნდა იქნეს მიწოდებული ასაკობრივი ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის, სქესობრივი განათლების საკითხები, რომლებიც მოზარდებს აინტერესებთ და რომელსაც ყველა - მშობელი, მასწავლებელი, ექიმი - ცდილობს ერთმანეთს „მიუგდოს“; რას მოიცავს გენდერული განათლება; რა განაპირობებს საკითხებისადმი გენდერულ მიდგომას - ანუ - გამოკვეთილად ჰარმონიულ ადამიანურ ურთიერთობებს მრავალრიცხოვან ოჯახებში, მოვალეობებისა და როლების ოპტიმალურ და სამართლიან განაწილებას; რა საფრთხეებს შეიცავს არსებული ხარვეზები მოზარდების აღზრდა-განათლებაში და როგორ უნდა ითანამშრომლონ ამ კუთხით სკოლამ, ოჯახმა, საზოგადოებამ...
ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ამ თემებზე სასაუბროდ ფონდი „სოხუმისა“ და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე რამდენიმე თაობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ღონისძიებას სიუჟეტი მიუძღვნა ტელეკომპანია „აჭარამ“.
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
ბათუმის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ და გაერთიანება „სამოქალაქო ინიციატივების ჯგუფმა“ საკრებულოს სხდომათა დარბაზში მრგვალ მაგიდაზე ფონდი „სოხუმის“ მიერ დაფინანსებული პროექტის „თაობათა კულტურული დიალოგი - როგორც პოზიტიური გამოცდილების ციკლი“ შედეგების პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას საბჭოს წევრების გარდა პროექტის მონაწილეები, ბენეფიციარები, თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო ინტელიგენციის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რა საქმიანობა განახორციელა პროექტის განმავლობაში ბათუმის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ, რასაც უკვე ბათუმის საკრებულოში ოფიციალურად ფორმირებული გენდერული საბჭო გააგრძელებს; რომელი საკითხების წარმატებული ადვოკატირება მოახერხა ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა; როგორ აფასებენ ახალგაზრდებთან ჩატარებულ საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობას პედაგოგები და მოზარდები - შეხვედრის მონაწილეებმა პროექტი შეაფასეს, როგორც ძალიან სასარგებლო და პროდუქტიული და სამომავლოდ ამ მიმართულებით საქმიანობის მხარდაჭერის აუცილებლობა დაასაბუთეს. მაღალი შეფასება მიეცა ფონდი „სოხუმის“ როლს ბათუმში გენდერული პოლიტიკის ხელშეწყობის კუთხით.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია პროექტის ფარგლებში პროფესორ რამაზ სურმანიძის ავტორობით გამოცემულმა მეთოდურმა სახელმძღვანელომ „ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივ-სქესობრივი აღზრდის საფუძვლები“, რომლის ოფიციალური პრეზენტაცია ბათუმის აკაკი წერეთლის საჯარო ბიბლიოთეკამ უკვე დააანონსა.
მრგვალი მაგიდა საინტერესო დისკუსიებით წარიმართა. ღონისძიება გაშუქდა ტელეკომპანია „აჭარას“, „ტვ-25“-ის, რადიო „თავისუფლების“ ეთერში.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის თემაზე გრძელდება მრგვალი მაგიდების ციკლი. სენაკის და წყალტუბოს შემდეგ მრგვალი მაგიდა გაიმართა ზუგდიდში, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის სააქტო დარბაზში.
შეხვედრა მიეძღვნა კვლევას „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, კონფლიქტის მოგვარების მიმართ მიდგომების ხელახლა გააზრება და ახალი ვექტორები მისი ტრანსფორმაციისთვის“. კვლევის ძირითადი საკითხების პრეზენტაციის შემდეგ მონაწილეებმა ისაუბრეს მოლაპარაკებათა პროცესზე, ჩამოაყალიბეს საზოგადოების სხვადასხვა ფენის, განსაკუთრებით კი ქალთა ჯგუფების პოზიციები - კონფლიქტის მოგვარების გზები და ახლებური ხედვა.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ ოფისში გამართული მრგვალი მაგიდის მონაწილეები გაეცნენ კვლევას „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, კონფლიქტის მოგვარების მიმართ მიდგომების ხელახლა გააზრება და ახალი ვექტორები მისი ტრანსფორმაციისთვის“.
პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრაზე აღინიშნა სამოქალაქო დიპლომატიის გააქტიურების მნიშვნელობა: ეს უნდა იყოს ის ხელმოსაჭიდი, რომელიც კონფლიქტის მოგვარებას შეუწყობს ხელს. აქცენტი გაკეთდა ახალგაზრდებთან მუშაობის აუცილებლობაზეც.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა
ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ხონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „ადამიანური უსაფრთხოების ინკლუზიური მიდგომები: ქალთა საინიციატივო ჯგუფების მუშაობა, თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან“.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და ლოკალური თემის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, აქტივისტები.
მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაციები ადამიანური უსაფრთხოების ინკლუზიურ მიდგომებზე, გამოწვევებზე, იმაზე, როგორ მუშაობენ ქალთა საინიციატივო ჯგუფები, როგორ ხდება პრობლემათა ადვოკატირება.
დისკუსიისას გარკვეული რეკომენდაციებიც შემუშავდა. საერთო მოსაზრებით, ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის ასამაღლებად აუცილებელია საზოგადოების გააქტიურება, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და იმ პრობლემების ადვოკატირება, რომელთა გადაწყვეტა ადგილობრივ დონეზე შესაძლებელია.