აინტერესებთ: როდის ჩატარდება შემდეგი ტრენინგი. მოეწონათ და იმიტომ. მათი უკუკავშირი ასეთია:

- საინტერესო და საჭიროა  კონფლიქტის და ძალადობის თემაზე ტრენინგების ჩატარება.

- სულ სხვაა ცოცხლად ჩატარებული ტრენინგი!

- კარგია პატარა სცენების გათამაშება, თემაც უკეთ გავიგეთ და ვიხალისეთ კიდეც...

- ახალი და სასარგებლო ინფორმაცია გავიგე დღეს.

ტრენინგები ტყიბულის, თერჯოლის და ქობულეთის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში წარიმართა -  ცოცხლად, როლური თამაშებით, სავარჯიშოებით და დისკუსიებით.

არანაკლებ საინტერესო იყო ჩოხატაურის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ონლაინ ჩატარებული ტრენინგებიც.

მონაწილეები გამოირჩეოდნენ აქტიურობით, ერთვებოდნენ  დისკუსიაში,  გულახდილად უზიარებდნენ ერთმანეთს თავიანთ მოსაზრებებს და გამოცდილებას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ძალადობის ფაქტებზე რეაგირება და მსხვერპლთა დახმარება უფრო ეფექტიანი რომ იყოს, პროცესში რეფერირების სხვა სუბიექტებიც უნდა იყვნენ ჩართული - ამ მიზნით მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩატარდა სენაკის, ქობულეთის, თერჯოლის, ჩოხატაურის, ბაღდათის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

- მსხვერპლი არცერთ ეტაპზე არ უნდა იყოს მარტო. მას სჭირდება მხარდაჭერა, რათა დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, - ასეთი იყო შეხვედრის მონაწილეთა საერთო პოზიცია. ძალადობაგამოვლილმა ქალებმა ხაზი გაუსვეს ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აუცილებლობას.

შეხვედრების მონაწილეებმა აღინიშნეს, რომ ქალთა ფონდი „სოხუმის“ შექმნილი ვებგვერდი „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ სერიოზულ დახმარებას გაუწევს ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რათა სრულფასოვან ინფორმაციებს ფლობდნენ არსებულ სერვისებზე.

 

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგის მუშაობა მიმდინარეობს რეგიონებში, სადაც ქალთა მხარდაჭერის ცენტრები მოქმედებს და ასევე ქუთაისში, ქალთა ფონდი „სოხუმის“ სათავო ოფისიდან.

აპრილში იყო გასვლები თერჯოლის, ქობულეთის, სენაკის და ზუგდიდის (სოფელი ხურჩა) მუნიციპალიტეტებში. ქალებთან გაიმართა ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები - ესწრებოდა 21 მონაწილე. ასეთ შეხვედრებზე ხშირად გამოვლინდება ხოლმე ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომლებთანაც სპეციფიკური ურთიერთობა იწყება. ასე იყო აპრილშიც – იდენტიფიცირებულია ოჯახში ძალადობის 4 მსხვერპლი. ფსიქოლოგმა მათ მისცა პირველი რეკომენდაციები და გააგრძელა ფსიქოთერაპიული სესიები.

ცოცხალი შეხვედრების შესაძლებლობის მიუხედავად, ისევ გრძელდება ონლაინ ინდივიდუალური სესიები - თვის მანძილზე ფსიქოლოგს ინტერნეტით დაუკავშირდა 15  ბენეფიციარი. 

მაკა ჯიშკარიანმა პოლიმერულ თიხაზე მუშაობის ერთ-ერთი კურსი დაამთავრა ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში. მანამდე არასოდეს ჰქონია შეხება ამ საქმესთან. ყველასგან გამოირჩეოდა. რამდენიმე თვეში მისი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო და მეტი სტიმული მიეცა. მერე კურსის მასწავლებლობა შესთავაზეს. ახლა თავის ცოდნას და გამოცდილებას გადასცემს ბენეფიციარებს.

ახლანდელი ჯგუფი განსაკუთრებული მყავსო, - სიხარულით ამბობს - მონდომებულები, ნიჭიერები, დაუზარებლები, საოცარი იდეები აქვთ, გულით აკეთებენ საქმეს. ნახევარ სიტყვაში იგებენ ყველაფერს. იმდენად კრეატიულები არიან, რომ ხელოვნების ნიმუშებს ქმნიან...

ისინი ჩამოიყვანეს დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდან, სადაც  ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრი მოქმედებს.

ი. 37 წლის ოჯახში ყველაზე უფროსი იყო. მამას ეხმარებოდა დების და ძმების მოვლაში მას შემდეგ, რაც დედამ ოჯახი მიატოვა. ბავშვობიდან გამოიარა განსაცდელი და მიიღო ტრავმები. ორჯერ გათხოვდა. ძალადობის მსხვერპლია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დისშვილის მეურვეა. თავადაც მეორე შვილი პრობლემური ჰყავს - სამშობიარო ტრავმებით. ეს არის ოჯახი, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში სამ ბავშვთან ერთად ის 10 დღე იმყოფებოდა. ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობდა კომპლექსური ყოველდღიური  ფსიქორეაბილიტაცია. ძალადობის მსხვერპლთან აქტიურად მუშაობდნენ ფსიქოლოგი, იურისტი და სოციალური მუშაკი. პირველად ჩაერთო პედაგოგი, რომელიც ბავშვებით იყო დაკავებული  – თამაშობდა მათთან, ატარებდა სხვადასხვა აქტივობას.

როგორც იქნა - დაიწყო ცოცხალი ურთიერთობები მაყურებელთან!

აპრილმა განსაკუთრებით აქტიურად ჩაიარა ფორუმ-თეატრისთვის. ოთხი წარმოდგენა ჩატარდა: დიდი ნეძის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში და ქუთაისის ცენტრალურ პარკში.

ფორუმ-თეატრის მსახიობებისთვის სტიმულის მომცემი იყო მაყურებლების წინაშე ცოცხლად თამაში. აუდიტორია აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში. ახალგაზრდები გულწრფელად საუბრობდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართვა ძალადობის პრევენციაში. აღინიშნა, რომ მსგავსი რეალური სცენები აძლევს მაყურებელს, განსაკუთრებით მოზარდებს, დაფიქრების და გამოსავლის ძიების შესაძლებლობას.

თეკლა გენელიძე - სოფელ ფერსათიდან (ბაღდათის მუნიციპალიტეტი) 17 წლის მეწარმე გოგოა. ის ადრეული ასაკიდანაა დაინტერესებული მეღვინეობით და აქტიურადაა ჩართული ამ საქმიანობაში.

ქალთა ფონდი „სოხუმი“ აგრძელებს გენდერული სტერეოტიპების ნგრევის კამპანიას - თანასწორობის, ტოლერანტული და არაძალადობრივი კულტურის დასამკვიდრებლად ჩვენს საზოგადოებაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სალომე ორი შვილის დედაა, ცხოვრობს ვანის მუნიციპალიტეტში. მის ცხოვრებაზე ძალადობის კვალი შავ ლაქად აისახა.

სასიამოვნო მომენტების გახსენება ძალიან უჭირს, ვერც იმას იხსენებს, კონკრეტულად რა მიზეზით ან რა სიტუაციაში დაიწყო ძალადობა. სამაგიეროდ, კარგად ახსოვს პირველი სიტყვიერი შეურაცხყოფა სულ მალე როგორ გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში. ფსიქოლოგიურად დაუძლურებულს მხოლოდ დუმილი შეეძლო. იტანდა, ითმენდა.

ხუთი წელი იცხოვრეს ერთად, არაფერი შეცვლილა სასიკეთოდ. მეუღლე სისტემატურად ძალადობდა. ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. სალომე ორი  ბავშვით დედასთან გადავიდა საცხოვრებლად. სტრესმა თავისი კვალი დაატყო. დეპრესია გაუძლიერდა. ერთი წელი არ ამხელდა, რომ განქორწინებული იყო. განიცდიდა,  სახლიდან არ გადიოდა,  არავისთან ამ თემაზე არ საუბრობდა.

მეგობარმა ფონდი „სოხუმის“ ერთ-ერთ საინფორმაციო შეხვედრაზე მოიწვია. ვერ წარმოიდგენდა, რომ ამდენი ხნის შემდეგ დუმილს დაარღვევდა. პირველად ისაუბრა საკუთარ პრობლემაზე, პირველად მოუნდა თავისი სატკივარის გაზიარება. როგორც თვითონ ყვება, იგრძნო, რომ ყველა მისი მხარდამჭერი იყო.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების ჯგუფმა საინფორმაციო შეხვედრების ციკლის მეორე შეხვედრა  თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართა. მონაწილეთა შორის იყვნენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალები, თერჯოლის მერიის და შსს-ს წარმომადგენლები, ა(ა)იპის ხელმძღვანელები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორ კვლევაზე: „ბავშვთა მოვლის სერვისების განვითარება - ქალთა დასაქმების ხელშეწყობის და ოჯახში ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირებისთვის“ და „ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო გამოცდილება“.

მოკლე პრეზენტაციამ მონაწილეებს გააცნო ქალთა ფონდი „სოხუმის“ შექმნილი  ვებგვერდი „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“. შეხვედრაზე დარიგდა საინფორმაციო ფლაერები. დასასრულს კი გაიმართა აქტიური დისკუსია, რომელზეც ისაუბრეს ოჯახში ძალადობის და მსხვერპლთა დახმარების კუთხით მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კიდევ ერთი ექვსთვიანი მუშაობის ციკლი დასრულდა. სამტრედიის, ვანის, სენაკის, წალენჯიხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ახალი ჯგუფები ჩამოყალიბდა და პირველი შეხვედრებიც გაიმართა. კონფლიქტების მართვა და ძალადობის პრევენცია -  ამ თემებს ეცნობოდნენ ახალგაზრდები, მსჯელობდნენ, თავიანთ შეხედულებებს გამოხატავდნენ.

ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში წარმატებით წარიმართა სატრენინგო პროცესი. იყო დისკუსიები, როლური თამაშები, ინტერაქციული მუშაობა.

- მსგავსი ტიპის ტრენინგები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვეცნობით აქტიურ თანატოლებს, განვიხილავთ ახალ თემებს, გვაქვს საინტერესო დისკუსიები, რაც გვიყალიბებს არგუმენტირებულ მსჯელობას და გვაძლევს ინფორმირებულობის მეტ შესაძლებლობას, - შეხვედრების ბოლოს აღნიშნავდნენ ახალგაზრდები.

ტრენერებმა ყველა ჯგუფს გაცნეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ შექმნილი ვებგვერდი „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ - http://gbvdigitalresourcecenter.ge/ ამის ცოდნა ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია, რათა დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მათ, ვისაც ეს სჭირდება...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები