წლის მუშაობის შედეგები

რას გვაძლევს შეხვედრები?  რა შედეგები გვქონდა 2025 წელს? როგორ შეიცვალა  ჩვენი ცხოვრება?

წლიური მუშაობის ერთგვარი შეჯამება გამოვიდა წალენჯიხაში, ხობში, ქობულეთში და სხვა მუნიციპალიტეტებში გამართულ შეხვედრებზე. ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს საპროექტო მუშაობის  გავლენაზე, შედეგებზე, სასიკეთო ცვლილებებზე. 

მათთვის მნიშვნელოვანია ვებგვერდი „ძალადობაგამოვლილ ქალთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ https://sosfsokhumi.ge/, რომელიც ყველა საჭირო ინფორმაცია აძლევს ქალებს.

აქტიურად მუშაობენ შეხვედრიდან შეხვედრამდე. ჯგუფებს ახალი წევრები ემატებიან და ახალი შემართებით ელოდებიან ახალ წელს.

 

პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

შეხვედრები მიგრაციის თემაზე

ზუგდიდის, სენაკის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები მიგრაციის თემაზე ქალებთან და ახალგაზრდებთან. 

მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის კვლევის შესახებ. დაურიგდათ საინფორმაციო გზამკვლევი: იცოდე და დაიცავი შენი თავი!

ასევე მათ მიიღეს ბროშურა - როცა მშობელი საზღვარგარეთ მიდის, როგორ დავეხმაროთ სამშობლოში დარჩენილ ბავშვებს.

ამ საინფორმაციო მასალების მიზანია ქალებს, თემის ლიდერებსა და საზოგადოების აქტიურ წევრებს გააცნოს, სად შეუძლიათ დახმარების მიღება და რა სახის სერვისებია ხელმისაწვდომი.

დისკუსიების დროს ასეთი ფრაზები ისმოდა: 

„ძალადობაგამოვლილი ქალები ცდილობენ, თავი მიგრაციას შეაფარონ. ურჩევნიათ, იქედან აგზავნონ თანხები და არჩინონ ოჯახი და მეტად დაცულად იყვნენ, მოძალადისგან შორს. სამწუხარო რეალობაა, რომ ქალებმა დაცვისთვის მიგრაციას მიმართეს“.

„ყველა ადამიანი ცოდოა, როცა ის ოჯახს ტოვებს და იძულებულია, მიგრაციას მიმართოს, თუმცა ორმაგად რთულია, როცა დედა ტოვებს მცირეწლოვან შვილებს და წლებით მიდის უცხოეთში“.



პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრა „ბებიების კლუბთან“

როგორ ავუხსნათ ბავშვს მშობლის მიგრაციასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ცვლილებები, რამდენად მნიშვნელოვანია ემოციური მხარდაჭერა, რამდენად აუცილებელია  რეგულარული კომუნიკაცია მშობელსა და ბავშვს შორის.

ამ თემებს შეეხო ფსიქოლოგი ჩოხატაურში სამოქალაქო ინიციატივის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ „ბებიების კლუბის“ წევრები - აქტიური და ენერგიული ბებიები, რომლებმაც კარგად იციან, რა გავლენას ახდენს  მშობლების მიგრაცია ბავშვებზე. 

შეხვედრა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. ფსიქოლოგმა ყველა წამოწეულ პრობლემაზე რეკომენდაცია გასცა. შეხვედრამ მიზანს მიაღწია - ბებიები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.



პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ძალიან მოგვწონს ჩვენი: მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ! 

ბოლო წლებში 16-დღიანი აქტიური კამპანიის ერთ-ერთი სლოგანი იყო „სახლში მშვიდობიდან - მსოფლიოში მშვიდობამდე“.

ჩვენ ეს კარგი სურვილი და მოწოდება კიდევ უფრო გავაქართულეთ: მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ! (როგორც დიდებული: „მზე შინა და მზე გარეთა, მზევ, შინ შემოდიო!“).

კამპანიის დღეებში ჩვენს ფეისბუქგვერდზე https://www.facebook.com/WFSukhumi განთავსდა 43 ნიუსი. მკითხველს ვუამბობდით კამპანიის მიზანზე, არსზე, კამპანიის პერიოდში აღსანიშნავ  თარიღებზე, ჩვენს აქტივობებზე. აქ იყო ფოტო და ვიდეომასალები ჩვენი მდიდარი არქივიდან.  ყველა პოსტს ლაიტმოტივად გასდევდა პროტესტი ძალადობის მიმართ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ურთიერთდახმარების ჯგუფებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო  კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ზუგდიდის ჯგუფის ლიდერმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა მოსახლეობასთან. შეხვედრები ჩატარდა ხობში და სხვა მუნიციპალიტეტებში, გავრცელდა ჩვენი ორგანიზაციის მომზადებული საინფორმაციო მასალები.

შეკრებილებმა ისაუბრეს კამპანიის მნიშვნელობაზე, ძალადობის პრევენციაზე, მსხვერპლის მხარდაჭერის აუცილებლობაზე.

ჯგუფის წევრების აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს მუშაობის ისეთ ორგანიზებას, როგორც ამას ქალთა ფონდი „სოხუმი“ აკეთებს. ქალების ინფორმირებულობა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება ხელს უწყობს ძალადობის ფაქტების შემცირებას.

 

პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ქუთაისის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, ქალთა ფონდმა „სოხუმი“ გამართა რეგიონული კონფერენცია „16 აქტიური დღე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში. ღონისძიების მიზანი იყო ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მრავალწლიანი გამოცდილების შეჯამება და 2025 წლის შედეგების გაზიარება.

კონფერენციას ესწრებოდა 70-მდე მონაწილე იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აჭარის 10 მუნიციპალიტეტიდან — ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები, სოციალურ მუშაობის პარასპეციალისტები, ახალგაზრდები, სამოქალაქო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები.

მონაწილეებმა განიხილეს ძალადობის პრევენცია როგორც ინდივიდუალური შემთხვევების, ასევე სისტემური და სტრუქტურული გამოწვევების ჭრილში.

კონფერენცია მოიცავდა სამ თემატურ პანელს:

ქალთა ჯგუფებთან ადგილზე მუშაობა
პრაქტიკული გამოცდილება: რისკების იდენტიფიცირება, პირველადი დახმარება, ტრავმაზე რეაგირება, თემის მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერება.

ახალგაზრდების ინიციატივები
ახალგაზრდებმა წარმოადგინეს კამპანიები და მცირე თემობრივი პროექტები, სადაც გამოიკვეთა ახალგაზრდების მზარდი როლი თემების პოზიტიურ ცვლილებაში.

ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მუშაობა
ფოკუსი: ფსიქოლოგიური დახმარება, ეკონომიკური გაძლიერება, სარეაბილიტაციო ცენტრები, მედიაწიგნიერება და ციფრული უსაფრთხოება.

ღონისძიების დასასრულს განსაკუთრებულად გამოიკვეთა, რომ 2025 წელს ყველაზე სწრაფად მზარდი საფრთხე არის ტექნოლოგიებით ხელშეწყობილი ძალადობა — ონლაინ თვალთვალი, კიბერბულინგი, ანგარიშებზე უნებართვო წვდომა და ციფრული მანიპულაცია.

პროექტი ხორციელდება Brot für die Welt-ის მხარდაჭერით.

ერთმანეთის დახმარებას, ერთმანეთისთვის სტიმულის მიცემას და გაძლიერებას ემსახურება ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფები. განსაკუთრებით საინტერესოა, როცა შეკრებილები წარმატებული ქალების ისტორიას ისმენენ და ფსიქოლოგიც თვითშეფასების ამაღლებისკენ მოუწოდებს.

ქუთაისის ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფს წარმატებული სტუმარი ჰყავდა. ასე იყო წყალტუბოს და თერჯოლის შეხვედრებზე. ეს კარგი მოტივაცია იყო ჯგუფის წევრებისთვის.

ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა ხურჩაში, ქობულეთში.  ქალებმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერის შესახებ. თერჯოლაში ჯგუფის წევრების წინაშე გამოვიდა ჩვენი ფორუმ-თეატრი და წარმოდგენებს გულახდილი, ემოციური დისკუსია მოჰყვა...

ნოემბერში შეხვედრები ჩატარდა ყველა ჯგუფში. ყოველი ახალი შეხვედრა იმის დასტურია, რომ  ჩვენი ორგანიზაცია ზრუნავს რეგიონებში მცხოვრები ქალების გაძლიერებისთვის. 

 

პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის შეხვედრებზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჩვენი ორგანიზაციის ვებგვერდზე „ძალადობაგამოვლილ ქალთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ https://sosfsokhumi.ge/, რომელიც ყველა საჭირო ინფორმაცია აძლევს ქალებს.

ასევე ყველა მონაწილეს მიეწოდა ინფორმაცია კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ შესახებ.

მონაწილეებს ჰქონდათ არაერთი შეკითხვა კამპანიის შესახებ, მუნიციპალურ პროგრამებზე, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებაზე და სათანადო პასუხებიც მიიღეს.

ყველა ჯგუფი აქტიურად ჩაერთვება 16-დღიან კამპანიაში, რადგან ეს კამპანია სწორედ მათნაირი ქალების მხარდასაჭერად იმართება მთელ მსოფლიოში.

 

პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

უჩვეულოდ ჩატარდა ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფების შეხვედრები. ყველამ დაინახა გაწეული მუშაობის შედეგი და სარგებელი. ისაუბრეს გამარჯვებულ ან დაუფინანსებელ ინიციატივებზე და სამომავლო გეგმებზე.

სენაკში დაიწყო ინიციატივის განხორციელება - ქათმის ფერმა კიდევ უფრო გაიზრდება. ხობში მოხდა სატუმბი ძრავების შესყიდვა, რაც საჭიროა დევნილთა თემისთვის. წალენჯიხაში ქალებს გადაეცათ საკერავი მანქანა და საყინულე მაცივარი - ის, რისი სურვილიც  ჰქონდათ სამოქალაქო ინიციატივებში. 

თერჯოლაში ორ გამარჯვებულს გადაეცა მიკრობიზნესისთვის საჭირო ხელსაწყოები და მასალები. მათ მონაწილეობა მიიღეს თერჯოლობის დღესასწაულზე, სადაც წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები: ჩანთები, ბროშები, საყელოები, სხვადასხვა აქსესუარი...

ინიციატივების დაფინანსება დიდი სტიმულია ურთიერთდახმარების ჯგუფის წევრებისთვის. მეორე  ეტაპზე ყველა აპირებს ჩართვას, რადგან დაინახეს, რომ ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფები მართლაც ერთმანეთის დახმარებისა და გაძლიერებისთვისაა შექმნილი

 

პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები