ონლაინ ფორმატში ორი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ახალგაზრდებთან და ქალებთან (26 აგვისტოს - ახალგაზრდულ ჯგუფთან; 29 აგვისტოს - ქალთა ჯგუფთან). სულ ესწრებოდა 40 მონაწილე.
შეხვედრების მონაწილეები გაეცნენ პუბლიკაციას „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“, რომელიც გამოსცა ქსელმა WAVE-მა.
შეხვედრებზე გავრცელდა ინფორმაცია გზამკვლევში წარმოდგენილი ქალთა ორგანიზაციების მუშაობის პერსპექტიულ პრაქტიკებზე, მათ მიერ გამოყენებულ სტრატეგიებზე ომის და ომის შემდგომ პერიოდში. მთავარი აქცენტი გაკეთდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმატებულ პრაქტიკაზე, რომელიც გზამკვლევში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
დამსწრე საზოგადოებისთვის ეს სიახლე საინტერესო აღმოჩნდა. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სასიხარულოა ფონდი „სოხუმის“ საერთაშორისო აღიარება, რადგანაც ორგანიზაცია დიდ და სასარგებლო მუშაობას ეწევა საზოგადოებაში.
პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით
ურთიერთდახმარების ჯგუფები პრობლემების იდენტიფიცირებას ცდილობენ ყველა მუნიციპალიტეტში. ჯგუფებმა ბაღდათში, ქობულეთში, ჩოხატაურში, სამტრედიაში რამდენიმე პრობლემა გამოავლინეს და ადვოკატირებაც დაიწყეს.
ორ ქეისზე მუშაობს აქტიურად სენაკის ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფი. ჯგუფის წევრები არიან არა მარტო ქალაქში, არამედ სოფლებში მცხოვრები ქალებიც.
ვანის და თერჯოლის მოტივირებული ჯგუფები პრობლემების ადვოკატირებით სხვებს აძლევენ მაგალითს, როგორ შეიძლება საკუთარი პრობლემების მოგვარება.
წყალტუბოს ურთიერთდახმარების ჯგუფი ერთადერთი ჯგუფია, რომელიც დევნილი ქალებით დაკომპლექტდა. ჯგუფის წევრების მიერ იდენტიფიცირებულია სამი პრობლემა და მათი მოგვარებისთვის ისინი ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობენ.
ასე აქტიურად მიილია ზაფხული...
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
წალენჯიხის ურთიერთდახმარების ჯგუფს აქვს იდენტიფიცირებული პრობლემები, აპირებს მათ გადაჭრას და ამისთვის უკვე დაიწყო კომუნიკაცია სოციალურ სააგენტოსთან.
ზუგდიდის ურთიერთდახმარების ჯგუფი სოფელ კოკში იკრიბება და ჯგუფში, ძირითადად, ამ სოფლის ქალები არიან გაერთიანებულები. სექტემბრიდან ჯგუფს სხვადასხვა სოფლიდან შემოუერთდებიან მოწყვლადი ჯგუფები. შეხვედრებს დაესწრება თვითმმართველობის წარმომადგენელი - ეს გააადვილებს სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობას და ადვოკატირების პროცესს.
აგვისტოში შეხვედრები წალენჯიხის და ზუგდიდის ჯგუფებთან ონლაინ გაიმართა. ზუგდიდის ჯგუფთან შეხვედრაში ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგიც მონაწილეობდა.
სექტემბრიდან ორივე ჯგუფში მეტი აქტიურობაა მოსალოდნელი, რაც პრობლემების მოგვარებაზე მუშაობას გულისხმობს.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ბაღების გაერთიანების ხელძღვანელობა, ადმინისტრაცია, ქალაქის ბაღების მენეჯერები, აღმზრდელები, ფსიქოლოგები, მეთოდისტები, გენდერული საბჭოს წევრები და მერიის წარმომადგენლები - 25 მონაწილე ესწრებოდა საინფორმაციო შეხვედრას ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში.
მონაწილეები გაეცნენ გზამკვლევს „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“ https://wave-network. org/wp.../uploads/Toolkit-Georgian.pdf.
ეს სახელმძღვანელო ქალთა ევროპულმა ქსელმა WAVE-მა მოამზადა და მასში წარმოდგენილია ქალთა ორგანიზაციების მუშაობის წარმატებული პრაქტიკები. ამ პრაქტიკებს შორის ერთ-ერთია ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმატებული მუშაობის შედეგები.
პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით
ონლაინფორმატით ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან - სულ 45 ადამიანი.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ WAVE-ის მიერ მომზადებულ გზამკვლევს: „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“ - https://wave-network.org/wp.../uploads/Toolkit-Georgian.pdf
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაციები გზამკვლევში წარმოდგენილი ქალთა ორგანიზაციების მუშაობის პერსპექტიულ პრაქტიკებზე, მათ მიერ გამოყენებულ სტრატეგიებზე ომის და ომის შემდგომ პერიოდში. ყურადღება გამახვილდა ფონდი „სოხუმის“ პრაქტიკაზე, რომელიც აღნიშნულ გზამკვლევში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
შეხვედრის მონაწილეთა შეფასებით, სახელმძღვანელო მნიშვნელოვნად დაეხმარება იმ ძირითად აქტორებს, რომლებიც ქალებისათვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნაზე არიან პასუხისმგებლები.
პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით
ჩვენი წარმომადგენელი - ლინდა ჩიხლაძე მიწვეული იყო დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პროფესიული დღის აღნიშვნის ღონისძიებაზე. შეხვედრაზე მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და სააგენტოს ხელმძღვანელმა ლადო ხელაძემ საქმიანობის შედეგები შეაჯამეს და ასევე, უწყების პრიორიტეტებსა და სააგენტოს განვითარების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს, რაც ითვალისწინებს ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას, დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერებას, ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობას, ინფრასტრუქტურულ განახლებასა და ბენეფიციარების საჭირო სერვისებით უზრუნველყოფას.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი, პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თანაორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. კონფერენცია სრულად მოიცვა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხებმა. ღონისძიებას სხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ქალთა ფონდი „სოხუმიდან“ ესწრებოდა ლინდა ჩიხლაძე.
ურთიერთდახმარების ჯგუფები ათ მუნიციპალიტეტშია შექმნილი. ამ ჯგუფებმა ხელი უნდა შეუწყონ ინფორმაციის გაცვლას ძალადობისგან დაზარალებულთათვის ქვეყანაში არსებული სერვისების შესახებ. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ჯგუფის წევრების ციფრული წიგნიერების კომპეტენციის ამაღლება.
სწორედ ამ მიზნით დაიწყო ციფრული წიგნიერების კურსები.
კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა ქრისტი ქუთათელაძემ პირველი შეხვედრები ჩაატარა ქობულეთის, თერჯოლის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.
ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს, თუ რა ინფორმაცია ჰქონდათ მათ მუნიციპალური პროგრამების შესახებ. შემდეგ მათ დეტალურად განიხილეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდი - sosfsokhumi.ge.
„გავაცანი, ვებგვერდზე როგორ უნდა მოიძიონ ის ორგანიზაციები თუ პროგრამები, რომლებიც სთავაზობენ მათთვის საჭირო სერვისებს, - აღნიშნა ქრისტი ქუთათელაძემ. - დეტალურად განვიხილეთ SOS ღილაკი, მისი მნიშვნელობა, ინსტალაცია და გამოყენება. ასევე ვასწავლე, როგორ მოიძიონ გუგლში თავიანთი მუნიციპალიტეტი და ისარგებლონ საჭირო სერვისებით. გუგლის სანიშნეებში შევინახეთ აღნიშნული ვებგვერდები, რათა სამომავლოდ გაუმარტივდეთ მათი გამოყენება“.
ქალებთან კიდევ ჩატარდება მუშაობა, კურსის ბოლოს მათი ციფრული წიგნიერება სერიოზულად გაიზრდება და არაერთი პრობლემის მოგვარებასაც შეძლებენ.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფების მუშაობა თანდათან აქტიურდება. ჩატარდა შეხვედრები ყველა ათივე ჯგუფში. პროექტის ასისტენტი ნინო ჭაბუკიანი ხუთ მუნიციპალიტეტში (წყალტუბო, სამტრედია, ქობულეთი, თერჯოლა, ჩოხატაური) შეხვდა ჯგუფის წევრებს - შეხვედრებზე აქცენტი გაკეთდა ქალების საჭიროებებსა და პრობლემებზე, ადვოკატირებასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობაზე.
ქალებმა იციან, რომ პრობლემების ადვოკატირებისთვის მეტი უნდა ისწავლონ, ამიტომაც შეხვედრებს დაემატა ახალი კომპონენტი - ციფრული წიგნიერების კურსები. კურსები უკვე დაიწყო ქობულეთის, თერჯოლის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრებზე ქალებმა ისწავლეს, როგორ უნდა მოძებნონ საჭირო ინფორმაცია ინტერნეტში და დეტალურად გაეცნენ უნიკალურ პლატფორმას - sosfsokhumi.ge, სადაც განთავსებულია ძალადობის მსხვერპლთათვის საჭირო მასალები. ეს მუშაობა ხელს უწყობს ჯგუფის წევრების ციფრული წიგნიერების კომპეტენციის ამაღლებას.
ურთიერთდახმარების ერთ-ერთი ჯგუფის წევრი ახლა ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში გადის ფსიქორეაბილიტაციას, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდეს სახლში და მეტი აქტიურობით იმუშაოს ჯგუფში.
პროექტით გათვალისწინებულია მობილური ტელეფონების გადაცემა SOS აპლიკაციით, რაც გაუადვილებს ქალებს საკუთარი თავის და შვილების დაცვას. ივლისში ტელეფონები გადაეცათ თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს. თანადგომის აქციაში მონაწილეობა მიიღეს თერჯოლის მერმა მანუჩარ რობაქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ - დავით გოგბერაშვილმა.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
