ძალიან მოგვწონს ჩვენი: მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ! 

ბოლო წლებში 16-დღიანი აქტიური კამპანიის ერთ-ერთი სლოგანი იყო „სახლში მშვიდობიდან - მსოფლიოში მშვიდობამდე“.

ჩვენ ეს კარგი სურვილი და მოწოდება კიდევ უფრო გავაქართულეთ: მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ! (როგორც დიდებული: „მზე შინა და მზე გარეთა, მზევ, შინ შემოდიო!“).

კამპანიის დღეებში ჩვენს ფეისბუქგვერდზე https://www.facebook.com/WFSukhumi განთავსდა 43 ნიუსი. მკითხველს ვუამბობდით კამპანიის მიზანზე, არსზე, კამპანიის პერიოდში აღსანიშნავ  თარიღებზე, ჩვენს აქტივობებზე. აქ იყო ფოტო და ვიდეომასალები ჩვენი მდიდარი არქივიდან.  ყველა პოსტს ლაიტმოტივად გასდევდა პროტესტი ძალადობის მიმართ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ურთიერთდახმარების ჯგუფებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო  კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ზუგდიდის ჯგუფის ლიდერმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა მოსახლეობასთან. შეხვედრები ჩატარდა ხობში და სხვა მუნიციპალიტეტებში, გავრცელდა ჩვენი ორგანიზაციის მომზადებული საინფორმაციო მასალები.

შეკრებილებმა ისაუბრეს კამპანიის მნიშვნელობაზე, ძალადობის პრევენციაზე, მსხვერპლის მხარდაჭერის აუცილებლობაზე.

ჯგუფის წევრების აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს მუშაობის ისეთ ორგანიზებას, როგორც ამას ქალთა ფონდი „სოხუმი“ აკეთებს. ქალების ინფორმირებულობა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება ხელს უწყობს ძალადობის ფაქტების შემცირებას.

 

პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ქუთაისის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, ქალთა ფონდმა „სოხუმი“ გამართა რეგიონული კონფერენცია „16 აქტიური დღე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში. ღონისძიების მიზანი იყო ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მრავალწლიანი გამოცდილების შეჯამება და 2025 წლის შედეგების გაზიარება.

კონფერენციას ესწრებოდა 70-მდე მონაწილე იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აჭარის 10 მუნიციპალიტეტიდან — ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები, სოციალურ მუშაობის პარასპეციალისტები, ახალგაზრდები, სამოქალაქო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები.

მონაწილეებმა განიხილეს ძალადობის პრევენცია როგორც ინდივიდუალური შემთხვევების, ასევე სისტემური და სტრუქტურული გამოწვევების ჭრილში.

კონფერენცია მოიცავდა სამ თემატურ პანელს:

ქალთა ჯგუფებთან ადგილზე მუშაობა
პრაქტიკული გამოცდილება: რისკების იდენტიფიცირება, პირველადი დახმარება, ტრავმაზე რეაგირება, თემის მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერება.

ახალგაზრდების ინიციატივები
ახალგაზრდებმა წარმოადგინეს კამპანიები და მცირე თემობრივი პროექტები, სადაც გამოიკვეთა ახალგაზრდების მზარდი როლი თემების პოზიტიურ ცვლილებაში.

ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მუშაობა
ფოკუსი: ფსიქოლოგიური დახმარება, ეკონომიკური გაძლიერება, სარეაბილიტაციო ცენტრები, მედიაწიგნიერება და ციფრული უსაფრთხოება.

ღონისძიების დასასრულს განსაკუთრებულად გამოიკვეთა, რომ 2025 წელს ყველაზე სწრაფად მზარდი საფრთხე არის ტექნოლოგიებით ხელშეწყობილი ძალადობა — ონლაინ თვალთვალი, კიბერბულინგი, ანგარიშებზე უნებართვო წვდომა და ციფრული მანიპულაცია.

პროექტი ხორციელდება Brot für die Welt-ის მხარდაჭერით.

ერთმანეთის დახმარებას, ერთმანეთისთვის სტიმულის მიცემას და გაძლიერებას ემსახურება ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფები. განსაკუთრებით საინტერესოა, როცა შეკრებილები წარმატებული ქალების ისტორიას ისმენენ და ფსიქოლოგიც თვითშეფასების ამაღლებისკენ მოუწოდებს.

ქუთაისის ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფს წარმატებული სტუმარი ჰყავდა. ასე იყო წყალტუბოს და თერჯოლის შეხვედრებზე. ეს კარგი მოტივაცია იყო ჯგუფის წევრებისთვის.

ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა ხურჩაში, ქობულეთში.  ქალებმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერის შესახებ. თერჯოლაში ჯგუფის წევრების წინაშე გამოვიდა ჩვენი ფორუმ-თეატრი და წარმოდგენებს გულახდილი, ემოციური დისკუსია მოჰყვა...

ნოემბერში შეხვედრები ჩატარდა ყველა ჯგუფში. ყოველი ახალი შეხვედრა იმის დასტურია, რომ  ჩვენი ორგანიზაცია ზრუნავს რეგიონებში მცხოვრები ქალების გაძლიერებისთვის. 

 

პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის შეხვედრებზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჩვენი ორგანიზაციის ვებგვერდზე „ძალადობაგამოვლილ ქალთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ https://sosfsokhumi.ge/, რომელიც ყველა საჭირო ინფორმაცია აძლევს ქალებს.

ასევე ყველა მონაწილეს მიეწოდა ინფორმაცია კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ შესახებ.

მონაწილეებს ჰქონდათ არაერთი შეკითხვა კამპანიის შესახებ, მუნიციპალურ პროგრამებზე, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებაზე და სათანადო პასუხებიც მიიღეს.

ყველა ჯგუფი აქტიურად ჩაერთვება 16-დღიან კამპანიაში, რადგან ეს კამპანია სწორედ მათნაირი ქალების მხარდასაჭერად იმართება მთელ მსოფლიოში.

 

პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

უჩვეულოდ ჩატარდა ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფების შეხვედრები. ყველამ დაინახა გაწეული მუშაობის შედეგი და სარგებელი. ისაუბრეს გამარჯვებულ ან დაუფინანსებელ ინიციატივებზე და სამომავლო გეგმებზე.

სენაკში დაიწყო ინიციატივის განხორციელება - ქათმის ფერმა კიდევ უფრო გაიზრდება. ხობში მოხდა სატუმბი ძრავების შესყიდვა, რაც საჭიროა დევნილთა თემისთვის. წალენჯიხაში ქალებს გადაეცათ საკერავი მანქანა და საყინულე მაცივარი - ის, რისი სურვილიც  ჰქონდათ სამოქალაქო ინიციატივებში. 

თერჯოლაში ორ გამარჯვებულს გადაეცა მიკრობიზნესისთვის საჭირო ხელსაწყოები და მასალები. მათ მონაწილეობა მიიღეს თერჯოლობის დღესასწაულზე, სადაც წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები: ჩანთები, ბროშები, საყელოები, სხვადასხვა აქსესუარი...

ინიციატივების დაფინანსება დიდი სტიმულია ურთიერთდახმარების ჯგუფის წევრებისთვის. მეორე  ეტაპზე ყველა აპირებს ჩართვას, რადგან დაინახეს, რომ ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფები მართლაც ერთმანეთის დახმარებისა და გაძლიერებისთვისაა შექმნილი

 

პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ჩვენი ორგანიზაცია საქველმოქმედო და ჰუმანიტარულ მისიას ატარებს და, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სახის მხარდაჭერას და დახმარებას უწევს ქალებს. ერთ-ერთია მობილური ტელეფონების გადაცემა ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის წევრებისთვის. სმარტფონი დღეს აუცილებელია ყველასთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალება და ინფორმაციის მიღების წყარო. 

ამიტომ ოქტომბერში ქალებს, რომელთაც უჭირდათ ამ მიზნით თავიანთი ტელეფონების გამოყენება, ორგანიზაციამ ახალი სმარტფონები გადასცა - სენაკში, ქუთაისსა და თერჯოლაში. ეს ნიშნავს, რომ  გაუმჯობესდება მათი კომუნიკაციის და ინფორმირებულობის ხარისხი.

 

პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფებში დაიწყო ინიციატივების განხორციელების პროცესი. ჯგუფებმა 18 ინიციატივა წარმოადგინეს და მათგან 8 დააფინანსა ჩვენმა ორგანიზაციამ.

ოქტომბრის დასაწყისში ინიციატივების ავტორებს გადაეცათ მასალები, ხელსაწყოები და ისინი შეუდგებიან თავიანთ საქმეებს.

პროექტის ასისტენტი ნინო ჭაბუკიანი აღნიშნავს: - ინიციატივების განხორციელება დიდი მხარდაჭერაა მოწყვლადი ჯგუფების ადამიანებისთვის. ეს ხელს უწყობს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, სერიოზული სტიმულია მათთვის და მათი ოჯახებისთვის. ამიტომ ყველა, ვინც დაფინანსება მიიღო, მადლობას უხდის ჩვენს ორგანიზაციას. ჯგუფები კიდევ უფრო გაზრდილი მოტივაციით ჩაერთნენ მუშაობაში. ისინი, ვისაც ახლა არ მიუღია დაფინანსება, მოემზადებიან მეორე ეტაპისთვის.


პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

დიალოგი მიგრაციის საკითხებზე

საინტერესო ფორმატით წარიმართა დიალოგი სამოქალაქო განათლების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებთან. ონლაინ შეხვედრის თემა - „მიგრაციის ფსიქოსოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი, სტრუქტურული ასპექტები და მისი პრევენციის ღონისძიებები“.

მონაწილებს გავაცანით ფონდი „სოხუმის“ კვლევის მიგნებები, ციფრული რესურსი www.sosfsokhumi.ge, ვისაუბრეთ ქალთა მიგრაციის ძირითად ფაქტორებზე,  უკონტროლო მიგრაციის ფსიქოსოციალურ შედეგებსა და შემცირების მნიშვნელობაზე. 

გაიმართა საინტერესო დიალოგი მიგრაციის პრევენციის   მექანიზმებზე, მიგრაციული ტენდენციის ჯგუფებზე. შეხვედრის მონაწილეებმა გაგვიზიარეს საკუთარი დაკვირვება, რომ თუ წინა წლებში მიგრაცია უფრო ქალაქის მოსახლეობას შეეხებოდა, უკვე სოფლებიც იცლება, რადგან სოფლის მეურნეობაში ძალიან რთულად შემოდის ინოვაციები, ნიადაგი გამოიფიტა, შემოსავალმა მნიშვნელოვნად იკლო.  ნაკლებად ხდება წარმატებული ადგილობრივი მეწარმეების პოპულარიზაცია. 

ითქვა, რომ უკონტროლო მიგრაციის შემცირება რთულია შესაბამისი პოზიტიური სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გარეშე, მაგრამ ამის პარალელურად, აუცილებელია, საზოგადოებამ გაიაზროს, რა ნეგატიური ფსიქოემოციური შედეგები მოსდევს მიგრაციას ოჯახებისთვის: გაუცხოება, მშობლების სითბოს მოკლებული ბავშვები, ზედმეტად მძიმე ზრუნვის ტვირთი ხანდაზმულებისთვის, რომ არაფერი ვთქვათ „ტვინების გადინებაზე“, დემოგრაფიული სურათის შეცვლაზე. ამიტომ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ საზოგადოებრივი დიალოგი მიგრაციის საკითხებზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები