პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თანაორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. კონფერენცია სრულად მოიცვა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხებმა. ღონისძიებას სხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ქალთა ფონდი „სოხუმიდან“ ესწრებოდა ლინდა ჩიხლაძე.

ურთიერთდახმარების ჯგუფები ათ მუნიციპალიტეტშია შექმნილი. ამ ჯგუფებმა ხელი უნდა შეუწყონ ინფორმაციის გაცვლას ძალადობისგან დაზარალებულთათვის ქვეყანაში არსებული სერვისების შესახებ. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ჯგუფის წევრების ციფრული წიგნიერების კომპეტენციის ამაღლება.

სწორედ ამ მიზნით დაიწყო ციფრული წიგნიერების კურსები.

კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა ქრისტი ქუთათელაძემ პირველი შეხვედრები ჩაატარა ქობულეთის, თერჯოლის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.

ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს, თუ რა ინფორმაცია ჰქონდათ მათ მუნიციპალური პროგრამების შესახებ. შემდეგ მათ დეტალურად განიხილეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდი - sosfsokhumi.ge.

„გავაცანი, ვებგვერდზე როგორ უნდა მოიძიონ ის ორგანიზაციები თუ პროგრამები, რომლებიც სთავაზობენ მათთვის საჭირო სერვისებს, - აღნიშნა ქრისტი ქუთათელაძემ. - დეტალურად განვიხილეთ SOS ღილაკი, მისი მნიშვნელობა, ინსტალაცია და გამოყენება. ასევე ვასწავლე, როგორ მოიძიონ გუგლში თავიანთი მუნიციპალიტეტი და ისარგებლონ საჭირო სერვისებით. გუგლის სანიშნეებში შევინახეთ აღნიშნული ვებგვერდები, რათა სამომავლოდ გაუმარტივდეთ მათი გამოყენება“.

ქალებთან კიდევ ჩატარდება მუშაობა, კურსის ბოლოს მათი ციფრული წიგნიერება  სერიოზულად გაიზრდება და არაერთი პრობლემის მოგვარებასაც შეძლებენ.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფების მუშაობა თანდათან აქტიურდება. ჩატარდა შეხვედრები ყველა ათივე ჯგუფში. პროექტის ასისტენტი ნინო ჭაბუკიანი ხუთ მუნიციპალიტეტში (წყალტუბო, სამტრედია, ქობულეთი, თერჯოლა, ჩოხატაური) შეხვდა ჯგუფის წევრებს - შეხვედრებზე აქცენტი გაკეთდა ქალების საჭიროებებსა და პრობლემებზე, ადვოკატირებასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობაზე.

ქალებმა იციან, რომ პრობლემების ადვოკატირებისთვის მეტი უნდა ისწავლონ, ამიტომაც შეხვედრებს დაემატა ახალი კომპონენტი - ციფრული წიგნიერების კურსები. კურსები უკვე დაიწყო ქობულეთის, თერჯოლის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრებზე ქალებმა ისწავლეს, როგორ უნდა მოძებნონ საჭირო ინფორმაცია ინტერნეტში და  დეტალურად გაეცნენ უნიკალურ პლატფორმას - sosfsokhumi.ge, სადაც განთავსებულია ძალადობის მსხვერპლთათვის საჭირო მასალები. ეს მუშაობა ხელს უწყობს ჯგუფის წევრების ციფრული წიგნიერების კომპეტენციის ამაღლებას.

ურთიერთდახმარების ერთ-ერთი ჯგუფის წევრი ახლა ქალთა ფონდი „სოხუმის“  სარეაბილიტაციო ცენტრში გადის ფსიქორეაბილიტაციას, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდეს სახლში და მეტი აქტიურობით იმუშაოს ჯგუფში.

პროექტით გათვალისწინებულია მობილური ტელეფონების გადაცემა SOS აპლიკაციით, რაც გაუადვილებს ქალებს საკუთარი თავის და შვილების დაცვას. ივლისში ტელეფონები გადაეცათ თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს. თანადგომის აქციაში მონაწილეობა მიიღეს თერჯოლის მერმა მანუჩარ რობაქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ - დავით გოგბერაშვილმა.

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

მანდატურის სამსახურის ინიციატივით მორიგი ახალი ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე მანდატურის სამსახურმა გაწეული ნახევარი წლის შედეგები შეაჯამა და სიახლეები გააზიარა. ღონისძიებას ესწრებოდა ჩვენი წარმომადგენელი - ნინო კორინთელი, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა მონიტორინგის ახალი ანგარიშის - „მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის  შეფასება“ მიგნებები და გამოწვევები, სადაც მანდატურის სამსახურის როლი იკვეთება. 

ჩოხატაურში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი რეფერირების სუბიექტებთან (მერიის სამსახურები: ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილება, უწყებათაშორისი კომისია, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე ბაღის და სკოლის პედაგოგები, ოჯახის ექიმები). შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ გზამკვლევს „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“, რომელშიც ასახულია WAVE-ს ქსელის 6 პარტნიორი ორგანიზაციის გამოცდილება.

ყურადღება გამახვილდა ფონდი „სოხუმის“ გამოცდილებაზე, რომელიც ეხება გაჭიანურებული კონფლიქტის, „არც ომის და არც მშვიდობის“ პირობებში,  ძალადობრივი ქცევის გარემოს, როდესაც იზრდება ოჯახური კონფლიქტები და ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობა.

ფონდ „სოხუმს“ გააჩნია წარმატებული პრაქტიკა, რომლის აღიარება მოხდა საერთაშორისო დონეზე: საზოგადოების ინფორმირება ძალადობის საკითხებზე და გენდერულად მგრძნობიარე ადრეული გაფრთხილების სისტემის (GREWS) დანერგვა, შემთხვევების იდენტიფიცირება და სერვისების მოწოდება, ქალებისა და გოგონების გაძლიერება და ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების კოორდინირებული  ქმედების ხელშეწყობა, არსებული მხარდაჭერა/დახმარების სერვისების შესახებ ძალადობის ციფრული რესურცენტრის პლატფორმის ამოქმედება, გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება მუნიციპალურ დონეზე.    

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ გაჭიანურებულმა კონფლიქტმა თავისი კვალი დაატყო საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს. მათი აზრით, სამთავრობო ორგანოები, საჯარო დაწესებულებები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არიან ომის დროს და ომის შემდეგ ქალებისა და გოგონების დაცვაზე პასუხისმგებელი ძირითადი აქტორები.

მოხდა აზრთა გაცვლა ყველაზე მწვავე გამოწვევებზე ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრევენციის და ეფექტიანი რეაგირების კუთხით.

გზამკვლევზე დეტალური ინფორმაციისთვის მონაწილეებს მიეწოდა ბმული https://wave-network.org/wp.../uploads/Toolkit-Georgian.pdf

პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დასკვნითი ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა წარადგინა პრეზენტაცია, რომლითაც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია კამპანიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე. შეხვედრას ჩვენი წარმომადგენლები - ლინდა ჩიხლაძე და ნინო კორინთელი ესწრებოდნენ.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ევროპის საბჭოს ორგანიზებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ზომების შეფასების შესახებ მონიტორინგის ინსტრუმენტის პრეზენტაცია გაიმართა.

მონიტორინგის ინსტრუმენტი დაფუძნებულია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და მის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის საბჭოს კონვენციაზე და მისი მიზანია, შეაფასოს სახელმწიფოს პრევენციის მექანიზმის გავლენა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, გამოავლინოს კონკრეტული მიღწევები და გამოწვევები. დოკუმენტი ხელს შეუწყობს სახელმწიფო უწყებებს სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  ჩვენი წარმომადგენლები - ლინდა ჩიხლაძე და ნინო კორინთელი.

ფსიქოლოგმა მანანა გოცირიძემ ივნისში მუშაობა სამი მიმართულებით წარმართა:

- ხვდებოდა დღის სარეაბილიტაციო ცენტრის 5 ბენეფიციარს, რომლებიც პოლიმერულ თიხაზე მუშაობას სწავლობენ. მათთან ჩაატარა გარკვეული სამუშაო ნეგატიური ემოციებისგან განთავისუფლების, პრიორიტეტების გადაფასების და თვითშეფასების ამაღლებისთვის.

- ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა სარეაბილიტაციო ცენტრში მყოფ ქალებთან.  მათთან მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა ტრავმებზე, წყენაზე სხვადასხვა მეთოდებით: არტთერაპიის, კოგნიტურ-საკორექციო ფსიქოლოგიის ელემენტებით, ფსიქოლოგიური სავარჯიშოებით და ასოციაციური ბარათებით.

- ჩაატარა 12 ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული სესია ონლაინ და 15 სესია ქუთაისში მცხოვრებ ქალებთან. სამი ახალი იყო, დანარჩენებთან კი გრძელდებოდა ადრე დაწყებული მუშაობა.

35 წლის ხათუნა 6 თვეზე მეტხანს გადიოდა ფსიქორეაბილიტაციას. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლე არ უნდოდა, ქალიშვილიც კი აღიზიანებდა, არაფერი ახარებდა.არც სჯეროდა, რომ რაიმე სასიკეთო ცვლილება მოხდებოდა ფსიქოლოგის სეანსების შემდეგ. მაგრამ სხვადასხვა მეთოდით მუშაობამ შედეგი გამოიღო: ნელ-ნელა წავიდა შიში, გაღიზიანება, გაჩნდა ახალი პრიორიტეტები, ახალი მიზნები და მათი მიღწევის სურვილი. ის მადლობა უხდის ფსიქოლოგს ადამიანურობისა და პროფესიონალიზმისთვის, მოთმინებისა და ფასდაუდებელი დახმარებისთვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჯგუფებს ახალი წევრები დაემატა და დაკომპლექტდა ქალებით, რომლებიც აქტიური მუშაობისთვის არიან მზად. ისინი გაეცნენ მუნიციპალიტეტში არსებულ პროგრამებს სოციალური თუ ჯანდაცვის კუთხით. შეხვედრებზე ისაუბრეს იმ სერვისებზე, რაც არსებობს და რაც თვითონაც გამოუყენებიათ. ყველა ჯგუფში გამოიკვეთა პრობლემები, რომელთა ადვოკატირებასაც დაიწყებენ.

უკვე არის პირველი შედეგები: ერთ ქალს მედიკამენტებით დაეხმარნენ, მეორეს -  საბინაო პრობლემის მოგვარებაში.

ყოველი შედეგი სტიმულია შემდეგი წარმატებისთვის.

ვანში და სენაკში შექმნილ ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფებს შეხვდა პროექტის ასისტენტი ნინო ჭაბუკიანი. ხოლო ჩოხატაურის, თერჯოლის, ქობულეთის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში შეხვედრები ჯგუფების ლიდერებმა, ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები