ვანის მერიის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მუნიციპალური უწყებათაშორისი კომისიის“ წევრებისთვის ჩატარდა ვორკშოპი.
მონაწილეებმა იმსჯელეს თითოული წევრის ვალდებულებებზე, რაც აუცილებელია კომისიის ეფექტიანი მუშაობისთვის. განიხილეს სტრატეგიები, რომლებიც დაეხმარებათ კონკრეტული ქეისების მართვაში.
აღინიშნა, რომ გადასახედია შემადგენლობა და მეტი აქტიურობისთვის დასამატებელია წევრები. ასევე დაფიქსირდა, რომ კომისიამ ხელი უნდა შეუწყოს ძალადობის ფაქტების პრევენციას და დაზარალებულების დროულ დახმარებას.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფები ჩაერთნენ საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ეს კამპანია აძლიერებს ქალებს და ადგილობრივ დონეზე მეტი მხარდამჭერის პოვნაში ეხმარება.
ყველა ჯგუფი ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ცდილობს პრობლემების მოგვარებას. რამდენიმე შეხვედრას ესწრებოდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგიც, რომელმაც მძიმე ქეისებზე დაიწყო მუშაობა.
ჯგუფის წევრები გახსნილად საუბრობენ პრობლემებზე. შეხვედრებს ესწრებოდნენ მერიის, სოციალური სამსახურის, გენდერული საბჭოს წარმომადგენლები, რომლებიც მზად არიან, ჩაერთონ პრობლემათა ადვოკატირების პროცესში და დაეხმარონ ქალებს თავიანთი მიზნების მიღწევაში.
დეკემბრის შეხვედრები გამორჩეული იყო იმით, რომ ჯგუფის წევრებს მადლობის სიგელები გადაეცათ ნდობისა და თანამშრომლობისთვის. ეს დიდი სტიმულია მათთვის.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრების ციკლი ქალებთან. შეხვედრები გაიმართა ქალაქ ჯვარში და სოფლებში: ნაკიფუ, ლია, ფახულანი, საჩინო, ჯგალი.
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მსოფლიოში მიმდინარე კამპანიაზე „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, დარიგდა საგანგებოდ მომზადებული საინფორმაციო ფურცლები. ნარინჯისფერი ბაფთებით შეხვედრების მონაწილეებმა კამპანიის მხარდაჭერა გამოხატეს.
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატმა), ევროკავშირის მხარდაჭერით, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა წარადგინეს.
ღონისძიებას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემებზე მომუშავე არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე შეკრებილები საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის შედეგებს გაეცნენ და იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადაიდგას ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად საკანონმდებლო და პოლიტიკის მიმართულებით.
პრეზენტაციას ჩვენი წარმომადგენელი - ლინდა ჩიხლაძე ესწრებოდა.
ომი ყველაზე სასტიკი ძალადობაა ქალების მიმართ - ეს კარგად ვიცით აფხაზეთიდან დევნილმა და უკრაინიდან ლტოლვილმა ქალებმა. ამიტომაც ჩაერთნენ ჩვენი უკრაინელი სტუმრები კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.
ისინი დაესწრნენ კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებას, მოისმინეს ინფორმაცია ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.
უკრაინელები სამადლობელი სიტყვითაც გამოვიდნენ. აღნიშნეს, რომ განუზომელია ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერა მათი ოჯახებისთვის. ეს გამოიხატება ჰუმანიტარულ დახმარებაში, ფსიქოლოგიურ კონსულტაციებში თუ გადამზადებაში - მაგალითად, რამდენიმემ გაიარა პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსები დღის სარეაბილიტაციო ცენტრში.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებთან და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან გატარებული დღე სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დასრულდა უკრაინელი სტუმრებისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში სპექტაკლ „ლივ შტაინზე“ დასწრება გლობალური კამპანიის ერთ-ერთი შთამბეჭდავი აქტივობა გახდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებისთვის. სპექტაკლის შემდეგ Art Cafe Martini-ს სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მთავარი როლის შემსრულებელ ენდი ძიძავასთან გაიმართა შეხვედრა.
მსახიობმა ენდი ძიძავამ, მისივე იუბილეზე ნათამაშები „ლივ შტაინი“ მიუძღვნა საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, რომლის სლოგანია: „დაარღვიე დუმილი, აღკვეთე ძალადობა“.
დიალოგში „ჩაისთან ერთად“ ესწრებოდნენ მესხიშვილის თეატრის მსახიობები: ნინო ჭოლაძე, მაგდა გერაძე და ირინა გუბელაძე, ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლები და აქტივისტები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.
ქალთა ფონდ „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ დიდი მადლობა გადაუხადა მსახიობებს და ისაუბრა თეატრის მნიშვნელობაზე ფასეულობების პოპულარიზაციისთვის.
შეკრებილები სამომავლო ურთიერთობის სურვილით დაემშვიდობნენ ერთმანეთს.
კამპანია ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, EU4Dialogue პროექტის ფარგლებში.
16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდის დევნილთა დასახლებებში (ლაღიძის და ბარამიას ქუჩებზე) ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ექიმების ჯგუფი ჩაიყვანა. თერაპევტმა, გინეკოლოგმა და მამოლოგმა უფასო კონსულტაციები გაუწიეს ქალებს. აქციაში მონაწილეობა მიიღეს გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებმა ქალებმაც.
შეკრებილებს დაურიგდათ საინფორმაციო ფურცლები, კალენდრები და ბროშურები „ოჯახში ძალადობის პრევენცია“. მათ ყურადღებით მოისმინეს ექიმებთა რჩევები, რომ საჭიროა ზრუნვა საკუთარ თავზე, რომ ძალადობის ფაქტების დამალვა უარყოფითად მოქმედებს ქალების ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე.
სასიამოვნოა აქციაში ჩართული ქალების უკუკავშირი:
„ძალიან საჭირო აქციაა, მადლობა ორგანიზატორებს.“
„მოვედი პროფილაქტიკის მიზნით და მივიღე იმაზე მეტი მომსახურება, ვიდრე ველოდი.“
„ქუთაისში რომ ჩავსულიყავი, ფინანსურად ბევრი დამეხარჯებოდა, აქ კი სრულიად უფასოდ გამიწიეს დახმარება.“
კამპანია ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, EU4Dialogue პროექტის ფარგლებში.
ხონის დევნილთა დასახლებაში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის კვირეულში სამედიცინო აქცია ჩატარდა. ექიმები ქალებს ესაუბრნენ იმაზე, რომ ძალადობრივ გარემოში ცხოვრება იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს. განსაკუთრებით გაესვა ხაზი რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობას.
აქციის ფარგლებში ქალებს უფასოდ ჩაუტარდათ ოჯახის ექიმის, მამოლოგის, გინეკოლოგის კონსულტაციები და სკრინინგი. მათ აღნიშნეს, რომ არ აქვთ შესაძლებლობა, ჯანმრთელობას ყურადღება დროულად მიაქციონ.
სამედიცინო აქციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა რეპროდუქციული კულტურის დანერგვის საჭიროება. ქალთა მობილიზაციაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
კამპანია ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, EU4Dialogue პროექტის ფარგლებში.
ფონდი „სოხუმი“ განაგრძობს სამედიცინო აქციას ქალებისთვის. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კიბოს სკრინინგს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი „ჰერა“ ახორციელებს. უფასო სკრინინგში შედის: ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ქალებისთვის და მამოგრაფიული გამოკვლევა.
ამჯერად აქცია წალენჯიხაში ჩატარდა. ქალებმა გაიარეს უფასო სამედიცინო კონსულტაციები და სკრინინგი.
გამოკვლევების მიმდინარეობას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია აკვირდებოდა და კმაყოფილება გამოხატა ასეთი სასარგებლო აქციისთვის.
კამპანია ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, EU4Dialogue პროექტის ფარგლებში.
