ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება, სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.
სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ორ მცირე პროექტს ახორციელებს. ერთი პროექტის ფარგლებში ჩატარდება აქტიური მუშაობა საბავშვო ბაღის პედაგოგებთან და პატარების მშობლებთან ძალადობის საკითხებზე - ეს ხელს შეუწყობს ჯანსაღი თაობის ჩამოყალიბებას. მეორე პროექტი მიმართულია ახალგაზრდების ინფორმირებაზე კონფლიქტის თემაზე. პროექტების ფარგლებში უკვე ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები, გაიმართა ფონდი „სოხუმის“ იურისტისა და ფსიქოლოგის შეხვედრები ბენეფიციარებთან.
ლანჩხუთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი აგრძელებს პროექტის „ძალადობის პრევენცია - ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“ განხორციელებას. პროექტის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 22 საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და აღსაზრდელთა მშობლებს მიეწოდათ ინფორმაცია ძალადობისა და ბულინგის თემაზე, ჩატარდა შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი და იურისტი შეხვდნენ შრომისუბნის ბაღის თანამშრომლებს. მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია, როგორ უნდა გამოავლინონ ძალადობის რისკ-ფაქტორის ქვეშ მყოფი ბავშვები და რა კუთხით ევალებათ რეაგირება კანონის ფარგლებში.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ორგანიზებით კონფლიქტოლოგი და ფსიქოლოგი ივლისში ოთხ ოჯახურ წყვილს შეხვდნენ - ქობულეთის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში. გამოყენებული იყო როგორც ონლაინ, ასევე ცოცხალი შეხვედრის ფორმატი. წყვილებმა ინფორმაცია მიიღეს კონფლიქტების მართვის საკითხებზე. პროცესში გამოიკვეთა იურისტის ჩართვის აუცილებლობაც, რადგან წყვილს შორის არსებული უთანხმოება უკავშირდებოდა სამართლებრივი საკითხების არცოდნას. ერთ-ერთი წყვილი გადამისამართდა ფონდი „სოხუმის“ იურისტთან კომპეტენტური ინფორმაციის მისაღებად.
„ქალის უფლება - თავის-უფლება“ - ასე ჰქვია მცირე პროექტს, რომელზეც ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი მუშაობს. „გალერეა 34-ში“ შედგა პროექტის პრეზენტაცია „ქალთა კლუბის“ წევრების ჩართულობით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადრეული ქორწინების და ოჯახში ძალადობის საკითხს. პრეზენტაციის შესახებ სიუჟეტი მოამზადა სამაუწყებლო კომპანია „მე-9 ტალღამ“. პროექტი ითვალისწინებს ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირებას ოჯახში ძალადობის თემაზე.
.be
ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ახორციელებს მცირე პროექტს „ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“. მუშაობა მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორ საბავშვო ბაღში და მისი მიზანია - პედაგოგების, აღმზრდელებისა და აღსაზრდელთა მშობლების ჩართვა ძალადობისა და ბულინგის პრევენციაში. უკვე ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ბაღების გაერთიანებისა და სამიზნე ბაღების ხელმძღვანელებთან და სამართალდამცავებთან. პროექტის მონაწილეები ასევე შეხვდნენ ფონდი „სოხუმის“ იურისტს, კონფლიქტოლოგს და ფსიქოლოგს.
+
შფოთვა და განგაში იყო ივლისში ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრების ძირითადი თემა, რადგან ეს ქალების ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. როგორ ავირიდოთ თავიდან მღელვარება, როგორ დავიმშვიდოთ თავი, რომ ოჯახშიც სიმშვიდემ დაისადგუროს – ამაზე საუბრობდნენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ ორგანიზებულ ჯგუფურ შეხვედრებზე სენაკში, ქობულეთში, ლანჩხუთში, ფახულანში, ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი). მონაწილეთა რაოდენობა ცოტა არ იყო – 42 ბენეფიციარი 16-დან 67 წლამდე.
თვის განმავლობაში ფსიქოლოგმა დისტანციურადაც იმუშავა - მისი ტელეფონის ნომერზე შევიდა ზარები სხვადასხვა რეგიონიდან. ქალებმა მიიღეს ინდივიდუალური კონსულტაციები და მხარდაჭერა.
იურისტის შეხვედრები ივნისში კომბინირებული ფორმატით გაიმართა - იყო დისტანციური, ონლაინ კონსულტაციებიც და უშუალო შეხვედრებიც რეგიონებში, სხვადასხვა ჯგუფთან. ბენეფიციარების საჭიროებების მიხედვით შეხვედრების ორგანიზება გააკეთეს ხონის, სენაკის, ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), წყალტუბოს, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა.
პირველად გაიმართა იურისტის შეხვედრა ქობულეთში, რადგან აქ ახლა გაიხსნა ქალთა მხარდაჭერის ცენტრი და დაიწყო პირველი აქტივობები.
იურისტმა უპასუხა შეხვედრების მონაწილეთა შეკითხვებს, ასევე გასცა ინდივიდუალური რჩევები.
ივნისში კონფლიქტის მართვის საკითხებზე ოთხ ოჯახურ წყვილთან გაიმართა შეხვედრები: ქობულეთში, ქუთაისში, თერჯოლასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში. გამოყენებული იყო როგორც დისტანციური, ასევე პირისპირ შეხვედრის ფორმატი.
განხილვის თემები იყო: ვინ რა სტრატეგიას იყენებს ურთიერთობის დასარეგულირებლად; თანამშრომლობა - როგორც კონფლიქტის მართვის ეფექტიანი მექანიზმი.
შეხვედრა, ძირითადად, პრევენციულ ხასიათს ატარებდა, თუმცა მათ შორის იყო კრიზისული ოჯახი, რომელიც სიტუაციის შეფასების შემდეგ იურისტთან გადამისამართდა. ამ ოჯახთან მუშაობა მომდევნო თვეშიც გაგრძელდება.
კოვიდ-19-ის პანდემიამ ბევრი სიძნელე შეუქმნა ადამიანებს. ფონდი „სოხუმი“ ეცადა, ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა მათთვის პრობლემები და 10 მუნიციპალიტეტში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა საჭირო პროდუქტების ნაკრები გადასცა 400-მდე ოჯახს (სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანი დედები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, შშმ პირები).
ამ დღეებში საქველმოქმედო აქციის მეორე ეტაპი განხორციელდა და დამატებით კიდევ სამ-სამ ოჯახს (სულ 30 ოჯახს) გაეწია დახმარება ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა დაასრულეს მცირე პროექტების ერთი ციკლი. ახლა ისინი ახალი სამუშაოს დაწყებისთვის ემზადებიან. ამიტომაც მათთვის ცენტრების მობილიზატორებისთვის ჩატარდა ტრადიციული ტრენინგი თემაზე „პროექტის წერა და დიზაინი“. დისტანციური მუშაობის გამო საამისოდ ზუმის ინტერნეტ პლატფორმა გამოიყენეს.
მონაწილეებმა განიხილეს ქვეგრანტების გაცემის დებულება, რომლის მიხედვით მათ თავიანთი პროექტები უნდა შეიმუშავონ. ტრენინგზე მობილიზატორებმა მუნიციპალიტეტების მიხედვით შეარჩიეს პრობლემები და პროექტების სამუშაო ვერსიები მოამზადეს.