ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება, სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.
არსებული სიტუაციის მიუხედავად, ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურ მუშაობას განაგრძობენ. ონლაინ შეხვედრებში ჩართულია ორგანიზაციის სპეციალისტთა რესურსი: ფსიქოლოგი, იურისტი, კონფლიქტოლოგი.
ბენეფიციარების მხრიდან ფიქსირდება ამ შეხვედრების განსაკუთრებულობა. იზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია ონლაინ კონსულტაციები, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში უწყვეტ რეჟიმში იღებენ.
300 ოჯახი გაახარა ფონდმა „სოხუმმა“ აპრილში, კარანტინის დროს.
ჩვენმა დონორმა - გერმანულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ Brot für die Welt საქველმოქმედო აქციის განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში - 30-30 ოჯახს გადასცეს ჰუმანიტარული პაკეტები. აქცია ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობების ტექნიკური დახმარებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ბენეფიციარებმა განსაკუთრებით რთულ დღეებში საჭირო მხარდაჭერა იგრძნეს.
დისტანციურად გაგრძელდა იურისტის შეხვედრები აპრილში. ონლაინ შეხვედრები გაიმართა ბენეფიციარებთან, რომლებიც ცხოვრობენ ხონში, სენაკში, ოზურგეთში, ლიაში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი).
შეხვედრებში მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები და დიასახლისები. შეკითხვებიც სხვადასხვაგვარი იყო (პანდემიის პირობები, მთავრობის დადგენილებები, ოჯახში ძალადობა კარანტინის დროს და ა.შ.) და ყველამ მიიღო კომპეტენტური კონსულტაცია. შეხვედრების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ იურისტის რჩევები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ამ რთულ დროში.
ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე მესენჯერით ესაუბრა ბენეფიციარებს ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), სენაკში, წყალტუბოში. ამას გარდა იყო ინდივიდუალური დიალოგებიც. რეკავდნენ ყოფილი კლიენტებიც, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან.
დისტანციის მიუხედავად, ყველა შეხვედრა ემოციური იყო - ქალები თავიანთ პრობლემებსა და განცდებს უზიარებდნენ ფსიქოლოგს და კონსულტაციებიც მიიღეს, როგორ დაალაგონ ურთიერთობები კარანტინის დროს, როგორ აიცილონ თავიდან კონფლიქტები და შეინარჩუნონ სიმშვიდე.
ამ თემებზე ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზეც დაიბეჭდა ფსიქოლოგის რჩევები. ქალები მადლიერებას გამოხატავდნენ ყურადღებისთვის, რომ ამ რთულ პირობებში ეხმარებიან და ზრუნავენ მათ სულიერ მდგომარეობაზე.
თვითიზოლაციის პერიოდში საკმაოდ ხშირია ოჯახური კონფლიქტები, რასაც ადასტურებს შსს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა. ამ ფონზე ფონდი „სოხუმი“ აქტიურად განაგრძობს ონლაინ შეხვედრებს ოჯახურ წყვილებთან კონფლიქტების მართვის თემაზე. მომზადდა ვიდეომიმართვა „თვითიზოლაცია და კონფლიქტების მართვა“. გამოხმაურებიდან გამომდინარე, მსგავსი შეხვედრები მომდევნო თვეშიც ასეთ რეჟიმში გაგრძელდება.
მარტში ჩატარდა იურისტის ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები. 4 მარტს ფონდი „სოხუმის“ ოფისში შედგა შეხვედრა ძალადობის მსხვერპლთან. 9 მარტს სოფელ წყალტუბოში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) გაიმართა ჯგუფური შეხვედრა. იურისტი შეხვდა აგრეთვე ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრის ჭრა-კერვის კურსების ბენეფიციარებს. შემდეგ დაიწყო დისტანციური შეხვედრები - იურისტმა ონლაინკონსულტაციები და რჩევები მისცა ბენეფიციარებს, რომლებიც ცხოვრობენ სენაკში, ხონში, ოზურგეთში.
საკითხები სხვადასხვა იყო, მათ შორის - დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით, მაგრამ საუბარი, ძირითადად, შეეხებოდა კანონს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, მსხვერპლის სტატუსის მინიჭების და ძალადობისაგან დაცვის მექანიზმებს.
თვის განმავლობაში ბევრი ადამიანი დაუკავშირდა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგს - ზოგმა ტელეფონზე დაურეკა, ზოგმა - მესენჯერში, სკაიპში... ქუთაისიდან და ხურჩიდან (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) დარეკა ხუთ-ხუთმა ბენეფიციარმა, ფოთიდან - სამმა, ხონიდანაც - სამმა, წყალტუბოდან - ექვსმა, სენაკიდან - შვიდმა. რეკავდნენ ყოფილი კლიენტები იტალიიდან, დუბაიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან.
სულ 54 ზარი იყო. ადამიანები გამოხატავდნენ შეშფოთებას, გაურკვევლობას, შიშს, ისტერიკას, ითხოვდნენ გარკვევას ამ არაორდინალურ სიტუაციაში. ფსიქოლოგმა ყველას მისცა კონკრეტული რჩევა. კლიენტებთან ურთიერთობისთვის მან ასევე აქტიურად გამოიყენა ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდი - გაკეთდა პუბლიკაციები დეპრესიის და პანიკის შესახებ, დაიწერა პრაქტიკული რჩევები, რომ სულით არ დავეცეთ. ყოველივე ამან ხელი შეუწყო ჩვენი ბენეფიციარების ფსიქოლოგიური განწყობის გაუმჯობესებას.
მიუხედავად ქვეყანაში არსებული სიტუაციისა, ფონდი „სოხუმის“ 10 ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა მარტის თვეში აქტიური მუშაობა ჩაატარეს. მათ შეძლეს ბენეფიციართა მობილიზება და ონლაინ აქციის გამართვა ფემიციდის წინააღმდეგ. წელს ფემიციდი ყოველდღიურობად გვექცა: 2 თვეში 8 ქალი მოკლეს. დამნაშავეს ყველა სხვაში ხედავს. ფემიციდი სოციალურ პრობლემად იქცა და დროა, პასუხისმგებლობა თითოეულმა ჩვენგანმა იგრძნოს. აქციაში აქტიურად ჩაერთნენ ქალები, მამაკაცები და განსაკუთრებით - ახალგაზრდები.
საინფორმაციო შეხვედრები ერთ-ერთი მთავარი აქტივობაა წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტში „მედპერსონალი ძალადობის წინააღმდეგ“. თებერვალში შეხვედრები ჩატარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის წყალტუბოს ცენტრის ხელმძღვანელთან და დევნილთა პოლიკლინიკის პერსონალთან. ფონდი „სოხუმის“ იურისტი და ფსიქოლოგი მათ ესაუბრნენ სამედიცინო პერსონალის ჩართულობის მნიშვნელობაზე ოჯახში ძალადობის გამოვლენასა და ადგილობრივ კოორდინაციაში - ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის.
ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „არაძალადობრივი მომავალი თაობა“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები მე-5 და მე-17 საჯარო სკოლებში. ახალგაზრდულ ჯგუფებს მიეწოდა ინფორმაცია კონფლიქტების გამოვლენისა და ადრეული პრევენციის თემაზე. მათი მხრიდან დაფიქსირდა ინტერესი, ამ კუთხით აქტიურად იმუშაონ თანატოლებთან და ისწავლონ კონფლიქტური სიტუაციების მართვა.
საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა სამიზნე სკოლების მშობლებთანაც. მათ მიიღეს ინფორმაცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პროგრამებზე.