ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება, სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.
ორი მიმართულებით დაიწყო მუშაობა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა.
პროექტი „ადგილობრივი თანამშრომლობა - ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენცია და მსხვერპლის დაცვა“ მოიაზრებს ხონის მუნიციპალიტეტის 12 ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლების გადამზადებას ოჯახში ძალადობის საკითხებზე. შედეგად - თორმეტივე ერთეულში შეიქმნება რეაგირების ჯგუფები.
პროექტი „ოჯახი ძალადობის გარეშე“ ხელს შეუწყობს ხონის მუნიციპალიტეტის ორი სკოლის (სოფელ ნამაშევის და მე-4 საჯარო სკოლის) პედაგოგების, მოსწავლეების და მშობლების სამოქალაქო განათლების დონის ამაღლებას გენდერისა და ძალადობის საკითხებზე - საინფორმაციო შეხვედრებითა და ფორუმ-თეატრის წარმოდგენებით.
იანვარში პროექტების ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სამიზნე აუდიტორიასთან. მუშაობა აქტიურ ეტაპზეა.
ზუგდიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა პროექტების განხორციელება დაიწყო. პროექტი „ბულინგი და მისგან დაცვის მექანიზმები“ მოიაზრებს მუშაობას კონფლიქტის გამყოფ ზოლთან განლაგებულ სოფლებში - კოკი, ორსანტია, ახალკახათი. მისი მიზანია ბულინგის შემთხვევების შემცირება რეაგირების ჯგუფების შექმნის გზით. მეორე პროექტი „ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის გზები“ განხორციელდება ხურჩაში, კოკსა და კახათში და ხელს შეუწყობს ოჯახში ძალადობის შემთხვევების შემცირებას სამართლებრივი დონის ამაღლების გზით.
უკვე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები სამიზნე სოფლების დეპუტატებთან, მერის წარმომადგენლებთან, სკოლების პედაგოგებთან. ასევე მოეწყო იურისტისა და ფსიქოლოგის საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივ ქალებთან.
ძალადობის რისკ ჯგუფის ქალთა გაძლიერებას შეუწყობს ხელს თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი „იპოვე საკუთარი თავი“. დაგეგმილია კვლევის ჩატარება მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ქალთა დასაქმების კუთხით არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის სიტუაციის შესწავლისათვის. შემდეგ ეტაპზე მოხდება ბენეფიციარების ინფორმირებისა და თვითშეფასების დონის ამაღლება და დასაქმებისათვის საჭირო უნარებით აღჭურვა. პროექტის განხორციელებაში ჩაერთვება თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ბაზაზე შექმნილი ქალთა კლუბი, რომლის წევრებმაც უკვე შეიმუშავეს კითხვარი და კვლევის სტრატეგია.
სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა დაიწყო ორი პროექტის განხორციელება - „არაძალადობრივი გარემო მომავალი თაობისათვის“ და „მომავალი ბულინგის გარეშე“. პირველი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მუშაობა სენაკის მუნიციპალიტეტის ორ ბაღში, სადაც მოხდება მშობლების და პედაგოგების ინფორმირება არაძალადობრივ მიდგომებზე, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი თაობის ჩამოყალიბებას. მეორე პროექტი ითვალისწინებს ორი სკოლის ახალგაზრდების ინფორმირებას კონფლიქტების მართვის საკითხებზე.
უკვე დაიწყო მოსამზადებელი შეხვედრები სამიზნე სკოლების პედკოლექტივთან, ბაღების გაერთიანების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ახორციელებს ახალ მცირე პროექტს „გზა ჯანსაღი მომავლისაკენ“. პროექტი ხელს შეუწყობს ნარკომანიის, ლუდომანიისა და ალკოჰოლიზმის სტატისტიკის შემცირებას ფოთის მუნიციპალიტეტში. ეს შესაძლებელი გახდება პროექტში ჩართული ექსპერტების, ფსიქიატრების, ნარკოლოგების, უფლებადამცველების, სასულიერო პირების, სამთავრობო და არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლების კოორდინირებული მუშაობით. зროექტის პრეზენტაცია საკრებულოს დარბაზში შედგა და გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიით.
„არაძალადობრივი მომავალი თაობა“ - ასე ჰქვია ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტს, რომელიც სულ ახლახან დაიწყო. პროექტი შესრულების არეალია ქუთაისის მე-5 და მე-17 საჯარო სკოლები. მიზანი კი - უფროსკლასელი მოსწავლეების აღჭურვა კონფლიქტის მოგვარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით.
იანვარში ჩატარდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები ორივე სკოლის ადმინისტრაციასთან და პედკოლექტივთან. პროექტის ასიტენტი შეხვდა მშობლებსაც, რომელთაც მიეწოდათ ინფორმაცია ადგილობრივ სახელმწიფო სერვისებზე.
სენაკის, ქუთაისის, ხონის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა მასშტაბური სამობილიზაციო შეხვედრები ჩაატარეს. შეხვედრების მიზანი იყო ინფორმაციის გავრცელება საერთაშორისო კამპანიაზე „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ და პრობლემაზე დისკუსიების წარმართვა, რათა საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებმა გაიაზრონ თავიანთი როლი პრობლემის პრევენციაში. შეხვედრები ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, პედაგოგებთან, სამედიცინო პერსონალთან, დევნილ და ადგილობრივ ქალებთან.
წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ახალგაზრდები გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში წყალტუბოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს და წყალტუბოს ახალგაზრდული საკრებულოს წევრები, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოვლენის, მასზე რეაგირებისა და რეფერირების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაზე, განიხილეს კონკრეტული შემთხვევები და იმსჯელეს პრობლემათა გადაჭრის გზებზე.
თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში ჩატარდა ფილმების „შინ“ და „ხმა ამოიღეთ“ ჩვენება. ფილმები ქალთა მიმართ ძალადობაზეა და რეალურ ამბებს მოგვითხრობს. ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე საბჭოს წევრებთან ერთად დაესწრო. აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები და აქტიური დისკუსიები აუცილებელია, თვითმმართველობის ჩართვა კი - ეფექტიანობის გარანტი.
დასრულდა ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის 6-თვიანი პროექტი „ძალადობის ჯაჭვი.“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა პროექტის დასკვნითი ნაწილი, ნაჩვენები იყო პროექტის ფარგლებში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მე დავიკარგე საკუთარ სახლში“, შეჯამდა მიღწეული შედეგები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის მიმდინარეობისას ჩამოყალიბებული ქალთა კლუბის წევრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც მზად არიან, პროექტის დასრულების შემდეგაც განაგრძონ მუშაობა ძალადობის პრევენციის კუთხით.
.be