ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება, სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.
ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფი ოჯახური ძალადობის მონიტორინგს ეწევა კონფლიქტის ადრეული გაფრთხილების გენდერულად ორიენტირებული სისტემის (GREWS) გამოყენებით.
საველე მონიტორები უკვე მეორე თვეა, გამოკითხვას ატარებენ წყალტუბოში, ქუთაისსა და კონფლიქტისპირა სოფლებში: ხურჩა, კოკი, განმუხური, ორსანტია, შამგონა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ფახულანი, წყოუში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი).
ანკეტირებით და ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდებით მიღებული ინფორმაციები საშუალებას მოგვცემს, განისაზღვროს, რამდენად აქტუალურია ოჯახური ძალადობის თემა იძულებით გადაადგილებულ პირებში, რამდენად ხელმისაწვდომია ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად არსებული სერვისები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ კონფლიქტის გამყოფ ხაზთან, ან გადაადგილდებიან გალის ტერიტორიაზე.
ფონდი „სოხუმის“ ოფისში გაიმართა ვორკშოპი ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებისთვის - შეჯამდა მიმდინარე მუშაობა, დაიგეგმა ღონისძიებები კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში. შეხვედრაზე მობილიზატორებმა გამოავლინეს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და იმუშავეს საპროექტო იდეებზე. აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლის და სამომავლო გეგმების დასახვის მიზნით.
სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „მშობლები ჯანსაღი თაობისათვის“ ფარგლებში სოფელ მენჯის საბავშვო ბაღში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ოჯახში ძალადობის ტიპები, ნიშნები, რეფერირების გზები და მექანიზმები“. ტრენინგში მონაწილეობდნენ ბაღის გამგე, აღმზრდელები და მშობლები. ღონისძიებაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს თემის დეპუტატმა და გამგებლის წარმომადგენელმა. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოახდინონ ძალადობის ფაქტების გამოვლენა და რეაგირება.
ფოთის მე-11 საბავშვო ბაღის აღმზრდელები და პედაგოგები შეიკრიბნენ ტრენინგზე, რომელზეც განხილული იყო გენდერისა და ოჯახში ძალადობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა რეაგირების მექანიზმებზე და იმაზე, რომ მათ ევალებათ იმ ბავშვების გამოვლენა, რომლებიც ძალადობის რისკ ჯგუფის ოჯახიდან არიან.
გარდა ამისა, მე-3 საბავშვო ბაღში ჩატარდა იურისტის შეხვედრა აღმზრდელებთან, ფსიქოლოგმა კი აღსაზრდელებთან იმუშავა არტთერაპიის მეთოდით. მუშაობის პროცესში ჩაერთნენ აღმზრდელებიც.
ეს აქტივობები ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ნაწილია.
ოზურგეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში გრძელდება შეხვედრები იურისტისა და ფსიქოლოგის ჩართულობით სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებთან. შეხვედრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგანაც ხდება მონაწილეთა ინფორმირება თავიანთ მოვალეობებზე.
ასევე შედგა შეხვედრა იმ ჯგუფის წევრებთან, რომელიც პროექტის ფარგლებში შეიქმნა და პასუხს აგებს ძალადობის ფაქტების გამოვლენასა და რეაგირებაზე.
ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა მრგვალი მაგიდების ციკლი ჩაატარეს დასავლეთს აქართველოს 10 მუნიციპალიტეტში: ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, წალენჯიხა.
შეხვედრები მიეძღვნა საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ დაწყებას. განხილულ იქნა კამპანიის მნიშვნელობა, ძალადობის პრობლემის აქტუალობა, არსებული მექანიზმები და გამოწვევები. შეხვედრებმა აქტიური დისკუსიების ფონზე ჩაიარა, რადგან მონაწილეობდა საკმაოდ ბევრი ადამიანი, რომელსაც გული შესტკივა პრობლემის მოგვარებაზე: ადგილობრივი თვითმმართველობის და შსს წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები, პედაგოგები, ახალგაზრდები, ცენტრების ბენეფიციარები.
დღეს დაიწყო კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ამიტომაც ნოემბერში ჩატარებული სამობილიზაციო შეხვედრები კამპანიას მიეძღვნა. სენაკის, ქუთაისის, ხონის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა შეხვედრებზე ისაუბრეს კამპანიის ისტორიასა და მნიშვნელობაზე, მუნიციპალიტეტში არსებულ სერვისებზე.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კანონმდებლობა, ქვეყნის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო კანონები და კონვენციები კრძალავს დისკრიმინაციას, მაინც ხშირია ქალთა უფლებების დარღვევა და ძალადობა მათ მიმართ. შეხვედრებზე დაისვა საკითხები, რომელთა ადვოკატირებასაც დაიწყებენ.
„როგორ შევქმნათ საკუთარი მცირე ბიზნესი“ - ამ თემაზე გაიმართა ტრენინგები ქალებისთვის თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში. მონაწილეებს მიეწოდათ საჭირო ინფორმაცია, რათა თავად შეძლონ თავიანთი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
ასევე შედგა დიალოგი მოძღვართან. ასეთი შეხვედრები ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, შეიქმნას სივრცე მსჯელობისთვის, რომ დააკვირდნენ მოვლენებს, გამოავლინონ სისუსტეები და დროულად მოხდეს პრობლემაზე რეაგირება.
პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები მშობლებთან და მოსწავლეებთან თერჯოლის მეორე საჯარო და ზედა ალისუბნის სკოლებში ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგისა და ფსიქოლოგის ჩართულობით. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა მიიღეს რჩევები, როგორ მოაგვარონ კონფლიქტური სიტუაციები.
ლანჩხუთის ქალთა მხარდაჭერის მცირე პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის საკითხზე და რეფერირების გზებზე. აღინიშნა, რომ ამ ინფორმაციაზე წვდომა საზოგადოების ფართო სპექტრს უნდა ჰქონდეს, განსაკუთრებით მათ, ვისაც რეაგირება ევალება.
საბავშვო ბაღებში გაგრძელდა შეხვედრების ციკლი იურისტის, ფსიქოლოგისა და კონფლიქტოლოგის ჩართულობით.
დასრულდა პოლიმერული თიხის გაკვეთილები ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში პროექტის „ოჯახში ძალადობის თავიდან აცილების სისტემის მხარდაჭერა“ ფარგლებში. მონაწილეებმა წარმოადგინეს საპროექტო პერიოდის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები. მოკლედ ისაუბრეს თავიანთ თავზე, იმ შედეგებსა და შთაბეჭდილებებზე, რომლებიც დაუგროვდათ მუშაობის დროს როგორც პროფესიული განვითარების, ასევე პირადი ურთიერთობების კუთხით. პრეზენტაცია შთამბეჭდავი იყო და დიდი ინტერესი დაიმსახურა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლების მხრიდან.