ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება, სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.
წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა დაიწყო მცირე პროექტის „ახალგაზრდები გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ“ განხორციელება. პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მობილიზებული ჯგუფი აქტიურად ჩაერთვება საკუთარ სოციუმში ძალადობის პრევენციაში. ისინი მოაწყობენ დისკუსიებს, რაც ხელს შეუწყობს თაობათა შორის გაუცხოების განეიტრალებას და სტერეოტიპების ნგრევას.
ახალგაზრდების ჯგუფთან ფონდი „სოხუმის“ ტრენერებმა ჩაატარეს ტრენინგები თემებზე: „დისკუსიის წარმოების ტექნიკა, ფასილიტაცია, შეხვედრის/ტრენინგის წარმართვის ხელოვნება“ და „გენდერი, გენდერული ძალადობა, ოჯახში ძალადობა და რეფერირების მექანიზმები“.
ტრენინგებზე იყო: მონაწილეების აქტიურობა, ახალი ინფორმაციები, ცოდნის და უნარ-ჩვევების შეძენა, დიდი ინტერესი და დისკუსიების ჩატარების სურვილი.
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ძალადობის ჯაჭვის“ მიზანია, მედიასაშუალებების აქტიური ჩართულობა, ღია საუბრები ძალადობასა და ტაბუდადებულ თემებზე. ივნისში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, ჩამოყალიბდა ქალთა კლუბი ერთობლივი კოორდინირებული მუშაობისთვის ძალადობის პრევენციის კუთხით, პრობლემების ადვოკატირება. ქალთა კლუბის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „გენდერი, გენდერული ძალადობა, ოჯახში ძალადობა და რეფერირების გზები“.
.be
აქტიურ ფაზაშია თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი „ძალადობის ჯაჭვი“. პროექტის ფარგლებში გადაიღეს ფილმი „შინ?!“ ფილმი მიგრაციის მწვავე პრობლემას ეხება, მაყურებელს მოუთხრობს მიგრანტებზე, რომლებიც გაუცნობიერებლად ხდებიან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლნი. იგეგმება ფილმის ჩვენება და დისკუსიები ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით.
სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა დაიწყო მცირე პროექტის „მშობლები ჯანსაღი თაობისთვის“ განხორციელება. პროექტის მიზანია არაძალადობრივი მიდგომის თემაზე მშობლების ინფორმირება, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი თაობის ჩამოყალიბებას.
პროექტის ბენეფიციარები არიან სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბათარიისა და მენჯის ბაღების აღსაზრდელთა მშობლები.
პროექტის გაცნობისა და მის განხორციელებაში ჩართვის მიზნით შეხვედრები ჩატარდა ბათარიას საბავშვო ბაღის გამგესთან, სოფლის დეპუტატთან და მერის წარმომადგენელთან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ძალადობის ჯაჭვის“ პრეზენტაცია გახდა ადგილობრივი ტელევიზიის „მეცხრე ტალღის“ სიუჟეტის თემა.
პრეზენტაცია გაიმართა საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში მომუშავე აქტიური და წარმატებული ქალების ჩართულობით.
პროექტის მიზანია: ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა, ძალადობის დაფარული ფორმების პრევენცია, პრობლემების ადვოკატირება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ძალადობის ბორბალი“ ფარგლებში კიდევ ორი აქტივობა განხორციელდა. მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბა ყველა თაობის წარმომადგენელი. მთავარი ხაზი იყო აქტუალური თემა: „სიყვარული, ძალადობა, სუიციდი“. გულისტკივილით საუბრობდნენ პრობლემაზე შეხვედრის მონაწილეები: მოზარდები, პედაგოგები, მოძღვარი, სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები, ჟურნალისტი. არა მხოლოდ რეალობის შეფასება, არამედ გამოსავლის ძიება, პრევენცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება - ეს იყო უმთავრესი მიზანი.
ჩატარდა მეორე აქტივობაც - ტრენინგი პროექტის ფარგლებში შექმნილი ქალთა კლუბის წევრებისთვის თემაზე: „ოჯახში ძალადობა, მისი ფორმები და ეროვნული რეფერალური მექანიზმები“. კლუბი პრობლემაზე აქტიურ მუშაობას აპირებს და ეს ტრენინგი ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.
ივნისში ქალთა მხარდაჭერის ცენტრების სამობილიზაციო შეხვედრების თემა იყო ბავშვთა დაცვა. შეხვედრებში მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები ახალგაზრდები, პედაგოგები და მშობლები. ისაუბრეს ბავშვთა საერთაშორისო დღეზე, ბავშვთა უფლებების კონვენციაზე.
შეხვედრებმა აქტიური დისკუსიების ფონზე ჩაიარა. თემა საინტერესო და აქტუალური გამოდგა მონაწილეებისთვის. ბენეფიცარებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია მუნიციპალიტეტების ახალგაზრდულ პროექტებზე. გამოვლინდა ახალგაზრდული ჯგუფების საჭიროებები, რათა რეკომენდაციებად მიეწოდოს ადგილობრივ თვითმმართველობას.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა ორგანიზება გაუკეთეს ფონდი „სოხუმის“ იურისტის ჯგუფურ და ინდივიდუალურ შეხვედრებს ხონში (3 ივნისი), ოზურგეთში (4 ივნისი), წყალტუბოში (5 ივნისი), თერჯოლაში (11 ივნისი), სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში (10 ივნისი). შეხვედრების თემა ტრადიციული იყო - ოჯახში ძალადობა და მსხვერპლის დაცვის მექანიზმები. დაისვა შეკითხვები და შეხვედრების მონაწილეებმა მიიღეს პასუხები თავიანთ კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით.
ხონის, სენაკის, ოზურგეთის, თერჯოლის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრები, სადაც ესწრებოდა 58 ბენეფიციარი, მათ შორის 17 მამაკაცი. წყალტუბოს, ხონის და სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მუშაობა დასრულდა ოჯახურ წყვილებთან, რომელთაც ოჯახში შეძლეს კონფლიქტური სიტუაციის დაძლევა, ნეგატიური ემოციების კონტროლირება და მართვა.
ქუთაისში ფსიქოთერაპიულ კონსულტირებას განაგრძობს 10 ბენეფიციარი. შვიდმა ადამიანმა კი ინდივიდუალური კონსულტაცია გაიარა. დასრულდა ერთი ქალბატონის ფსიქოლოგიური თერაპია. ის უსაზღვროდ მადლიერია დახმარებისა და მხარდაჭერისათვის.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელზეც შეჯამდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის შედეგები. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლების დირექტორები, მოსწავლეები, ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები. მონაწილეებმა ისაუბრეს ოჯახში ძალადობაზე, ბულინგზე, ნაადრევ ქორწინებასა და გენდერულ თანასწორობაზე. ასევე განიხილეს სასწავლო გარემოს ადაპტირების საკითხი, გენდერულად მიუკერძოებელი სწავლების პრაქტიკა და სასწავლო მასალები. აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელების შედეგად სკოლებში საკმაოდ ამაღლდა ახალგაზრდების, მშობლების და პედკოლექტივის ინფორმირების დონე ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე.