ხონის ქალთა ქსელი ორ სამოქალაქო ინიციატივას ახორციელებს. პირველი ინიციატივის ფარგლებში გადაიჭრება დევნილთა დასახლებაში არსებული №10 კორპუსში მცხოვრები 40 ოჯახის პრობლემა, რაც უკავშირდება წვიმის დროს სარდაფების დატბორვას.
მეორე ინიციატივის განხორციელება №15 კორპუსში მცხოვრებ 40 ოჯახს მოუგვარებს უხვ ნალექთან დაკავშირებულ პრობლემას.
ორივე კორპუსის მცხოვრებლებს წვიმის დროს უჭირთ სადარბაზოებიდან გასვლა - შესასვლელები იტბორებადა წყალი სარდაფებში ჩაედინება.
ქალთა ქსელის წევრებმა კონსულტაციები გაიარეს სპეციალისტებთან. მათი რეკომენდაციაა - ფეხით მოსიარულეთა ბილიკის მხარეს ბარიერის გაკეთება წყლისთვის.
ქალთა ქსელის წევრებმა საჭირო მასალები და ინვენტარი უკვე შეიძინეს და ახლა მიმდინარეობს კონკრეტული სამუშაოების დაგეგმვა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
სამოქალაქო ინიციატივების ფარგლებში პირველი ეტაპი - შესყიდვების პროცესი დასრულებულია!
ქუთაისის ქალთა ქსელის წევრები მუნიციპალიტეტის ოთხ დასახლებას წარმოადგენენ.
ყოფილ სამუსიკო სკოლა-ინტერნატში (ილია ჭავჭავაძის 58) მცხოვრებმა დევნილებმა ბალახის სათიბი ელექტროცელი, ელექტროსაწამლი მანქანა და წყლის მილი შეიძინეს.
გურამ გაბესკირიას ქუჩაზე, მე-2 კოტეჯში მცხოვრებლებმაც ელექტროცელის და წყლის მილის შეძენა ჩათვალეს პრიორიტეტულად და კიდევ დაამატეს: სეკატორი და ხერხი ელემენტზე და სხვა წვრილმანი მასალები.
დევნილთა მესამე დასახლებაში (სერგო ზაქარიაძის 21) ჭიშკრის დასამონტაჟებლად და სადარბაზოს მოსაწესრიგებლად საინიციატივო ჯგუფმა შეიძინა საჭირო მასალები (ცემენტი, ბადე, ელექტროდი, საღებავები...).
მეოთხე თემში (ლესელიძის 3) შექმნილმა ჯგუფმა კი დატბორილი სარდაფის პრობლემის მოგვარებაზე იზრუნა - შეძენილია: წყლის სატუმბი, ელექტროსადენი, დამცველი ავტომატი, ზეთი და სხვ.
სამოქალაქო ინიციატივების განხორციელება ხელს შეუწყობს დევნილთა ოთხ თემში მცხოვრებთა უსაფრთხოებას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
სენაკის ქალთა ქსელის წევრებმა „სამოქალაქო ინიციატივის მხარდაჭერის“ ფარგლებში წყლის საქაჩი ექვსი ტუმბო შეიძინეს. ტუმბოები 12 კორპუსს მოემსახურება და მოსახლეობას სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვას გაუადვილებს საჭიროების შემთხვევაში.
ჯგუფის წევრებმა მეორე ინიციატივის ფარგლებში ხუთი სათიბი ცელი შეიძინეს. მათი გამოყენება შეამცირებს სარეველა ბალახებისგან შექმნილ საფრთხეებს.
სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები ლიდერი ქალები, აქტივისტები, თემის მცხოვრებლები.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა თემში, რათა რაც შეიძლება მეტი ინფორმირებული ქალი გვყავდეს საზოგადოებაში. მსხვერპლთა დახმარების სერვისების გაცნობა ხელს უწყობს ქალების გაძლიერებას და ოჯახური ძალადობის პრევენციას.
პრობლემების იდენტიფიცირების და მსხვერპლთა დახმარების პარალელურად, მობილიზატორები აქტიურად მუშაობენ ქალთა საჭიროებების შესწავლაზე, რათა გაგრძელდეს არსებული პრობლემების ადვოკატირების პროცესი.
სექტემბერში ათივე ცენტრში (ხონი, წყალტუბო, თერჯოლა, ვანი, სამტრედია, ზუგდიდი, ხობი, სენაკი, წალენჯიხა, ჩოხატაური) 150-ზე მეტი ქალის ინფორმირება მოხდა, რვა ადამიანმა ისარგებლა სარეაბილიტაციო ცენტრის მომსახურებით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფორუმ-თეატრმა ქუთაისის ცენტრალურ ადგილებში გამართა ჩვენება. ახალგაზრდა მსახიობებმა წარმოადგინეს ძალადობის პრობლემასთან დაკავშირებული სცენები. ქალაქში სტუმრად მყოფმა უცხოელებმა დიდი ინტერესი გამოხატეს წარმოდგენების მიმართ. ახალგაზრდებმა ინგლისურ ენაზე უამბეს მათ ფორუმ-თეატრის სპეციფიკასა და მნიშვნელობაზე, ქალთა ფონდი „სოხუმის“ მუშაობაზე და გააცნეს ორგანიზაცის ვებგვერდი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფმა განაგრძო საინფორმაციო შეხვედრების ციკლი მოწყვლად ჯგუფებთან. შეხვედრები ჩატარდა ხონის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.
შეხვედრის მონაწილეებს გავაცანით მექანიზმები, რომლებიც არსებობს ქვეყანაში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების და გაძლიერების კუთხით.
მათთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ინფორმაცია მუნიციპალურ და ცენტრალურ დონეზე არსებული პროგრამების, განსაკუთრებით კი ოჯახების გაძლიერების პროგრამის შესახებ, ასევე ძალადობის მსხვერპლთა იმ სერვისების შესახებ, რომელთაც არასამთავრობო ორგანიზაციები სთავაზობენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისში, ფონდი „სოხუმის“ ოფისში ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებთან ტრენინგი გაიმართა. სამუშაო ფორმატი მიზნად ისახავდა ცენტრების მუშაობის სტრატეგიის შემუშავებას.
- ქალთა მხარდაჭერა და გაძლიერება, ოჯახში ძალადობის შემთხვევების მონიტორინგი, პრობლემების იდენტიფიცირება და ადვოკატირება - მონაწილეებმა იმსჯელეს, რა სიახლეები შეიძლება დაინერგოს, როგორ გაიზარდოს პროდუქტიულობა ამ მიმართულებით, რათა რაც შეიძლება მეტმა ქალმა მიიღოს სარგებელი არსებული სერვისებისგან.
მონაწილეთა შეფასებით, სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა და თემებში არსებული პრობლემების ადვოკატირება მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობაში. ფსიქოლოგისა და იურისტის ჩართულობა ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას და გაზრდის მსხვერპლთა დახმარების ეფექტიანობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფი მუშაობს ახალ კვლევაზე, რომლის მიზანია ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა არსებული სერვისების ეფექტიანობის შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება, რათა განისაზღვროს ეფექტიანობის გაზრდისთვის საჭირო სტრატეგიები და ახალი მიდგომები.
შეგროვდა ინფორმაცია არსებული (და/ან დაგეგმილი) სერვისების ღონისძიებების შესახებ. კარგი პრაქტიკის მოძიების მიზნით გავეცანით სერვის პროვაიდერების მუშაობას, შევისწავლეთ სერვისის მიმღებების/ბენეფიციარების დამოკიდებულებები, განწყობები და მოლოდინები.
სექტემბერში ჩატარდა 10 ჩაღრმავებული ინტერვიუ ბენეფიციარებთან, რამაც საშუალება მოგვცა, კონკრეტულ ქეისებზე დაყრდნობით შეგვესწავლა ამ კუთხით არსებული სიტუაცია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდ „სოხუმი“ დასავლეთ საქართველოს 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში 6 თვის მანძილზე წარმატებით ახორციელებდა სატრენინგო კურსს: „კონფლიქტის მართვა და ძალადობის პრევენცია“. პროექტი ახალგაზრდებს თანასწორობის და ტოლერანტობის საკითხებს, კონფლიქტის მოგვარების და ძალადობის პრევენციის გზებს ასწავლიდა.
მეექვსე თვე დაეთმო შეჯამებას. ახალგაზრდა ლიდერებმა პრეზენტაციების საშუალებით წარმოაჩინეს პოზიტიური ცვლილებები:
- ამ გარემოში ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ვუსმენდი, მისმენდნენ და თავდაჯერებულობა მემატებოდა;
- დავძლიე კომპლექსები;
- თანატოლებს ვურჩევ, მიიღონ არაფორმალური განათლება, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას და წარმატებების მიღწევას;
- ვისწავლეთ, როგორ გავხადოთ საზოგადოება ემპათიური ძალადობისა და კონფლიქტის საკითხების მიმართ.
შემაჯამებელი ღონისძიებები ჩატარდა წალენჯიხის, წყალტუბოს, სენაკის, სამტრედიის, ვანის მუნიციპალიტეტებში და სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესებში“. ღონისძიება გახსნეს ალექსანდრე ვინიკოვმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა და მარი-დოჰა ბეზანსენოტმა, სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ (დისტანციურ რეჟიმში). კონფერენციაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: „ქალების როლი მშვიდობის მშენებლობასა და შენარჩუნებაში: საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა და ადგილობრივი გამოცდილება“ და „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელება და ქალთა მონაწილეობის კონტექსტში არსებული პროგრესი და გამოწვევები“.
კონფერენცია მრგვალი მაგიდის დისკუსიით ფორმატით დასრულდა, რომელშიც მოხსენებებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში მოქმედი ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები წარსდგნენ, მათ შორის ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია. დისკუსიის დროს მომხსენებლებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით არსებული გამოწვევები, იმსჯელეს იმ სტრატეგიებზე, რომლებიც გაზრდის „ქალები, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგის გატარებაზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.