ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრები შეუერთდნენ ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ საყოველთაო კამპანიას. ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და აქტიურ ქალბატონებთან. შეხვედრებზე საუბარი იყო ქალთა უფლებების დაცვაზე, მათი სტატუსის გაზრდაზე ოჯახსა და საზოგადოებაში, ადგილობრივ პროგრამებზე, ეკონომიკურ ხელშეწყობაზე.
მონაწილეების აქტიური ჩართულობის ფონზე ჩაიარა ვორკშოპებმა თემაზე „სქესობრივი განათლების მნიშვნელობა მოზარდებში“. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ამ კუთხით არაფორმალური განათლების მიღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვორკშოპების ბოლოს შეიქმნა ახალგაზრდული ჯგუფები, რომლებიც განაგრძობენ თანატოლთა ინფორმირებას.
მუშაობა ჩატარდა გოჩა ჯიხაიშისა და ნახახულევის სკოლებში ხონის ქალთა მხარდაჭერის მცირე პროექტის ფარგლებში.
სამ კრიზისულ ოჯახთან გაიმართა ფსიქოლოგისა და კონფლიქტოლოგის შეხვედრა ქუთაისში, ხონსა და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). ოჯახში შექმნილი კრიზისული სიტუაციების დასაძლევად მუშაობა ინდივიდუალური სქემით გაიმართა. კონსულტაციები შეეხო კომუნიკაციის გაუმჯობესებას, ქცევის კორექციას.
კრიზისის დასაძლევად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად მუშაობა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.
თებერვალში შვიდმა ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა ჩაატარა ძალადობის ფაქტების მონიტორინგი - იდენტიფიცირებულ იქნა 7 შემთხვევა.
ქეისების უმრავლესობაში აღწერილია ისეთი ფაქტები, რომლებსაც აშეივსო შესაბამისი დოკუმენტები, რომელთა საფუძველზე, მსხვერპლთა ნებართვით, ორი გადამისამართდა იურისტთან და ერთი - ფსიქოლოგთან.
ლანჩხუთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა დაიწყო მცირე პროექტის „მედპერსონალი - ძალადობის წინააღმდეგ“ განხორციელება. პროექტის მიზანია ქალაქისა და მუნიციპალიტეტის 16-ვე თემის ამბულატორიის ოჯახის ექიმებისა და ექთნების აქტიური ჩართვა ოჯახში ძალადობის გამოვლენასა და ადგილობრივ კოორდინაციაში. რეფერალური მექანიზმის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით მოხდება მედპერსონალის განათლება კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებში და საჭირო უნარების შეძენა-გამყარება, რაც ხელს შეუწყობს ოჯახური ძალადობის ფაქტების გამოვლენას.
თებერვალში ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები - საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მათი აქტიური ჩართვისთვის საპროექტო ღონისძებებში.
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „გოგონების რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვა“ ფარგლებში ორ სოფელში - გოჩა ჯიხაიშსა და ნახახულევში ჩატარდება საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობა გოგონების და ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
თებერვალში ორივე სოფლის სკოლაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები რეპროდუქტოლოგის ჩართულობით. შეხვედრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მოსწავლეებში, ასევე პედაგოგებში.
დაიწყო წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი „გენდერული ცნობიერება ახალგაზრდებში.“ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, განათლების რესურს ცენტრის ხელმძღვანელთან და სამიზნე სკოლების დირექტორებთან.
იგეგმება აქტიური მუშაობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ორ სკოლაში ახალგაზრდებში გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კუთხით. პროექტში მოაზრებულია ასევე შეხვედრები მშობლებთან, პედაგოგებთან. აქტივობებში ჩაერთვებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რათა მათ უკეთ დაინახონ გენდერული მიმართულებით მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პროექტების შემუშავების და დანერგვის საჭიროება.
სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა ახორციელებს ახალ მცირე პროექტს „ჯანსაღი ახალგაზრდები უკეთესი მომავლისათვის“. აქტივობები გაიმართება ნოსირისა და თეკლათის საჯარო სკოლებში. პროექტის მიზანია მოზარდების ინფორმირება ალკოჰოლის დიდი რაოდენობით გამოყენების საზიანო შედეგებზე, ასევე ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების დანერგვის ხელშეწყობა. ამისთვის ორივე სამიზნე სოფელში ჩამოყალიბდება ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები მუშაობის გაგრძელების მიზნით.
დაგეგმილი ღონისძიებების გასაცნობად პროექტის ხელმძღვანელი შეხვდა ორი სოფლის - ნოსირისა და თეკლათის დეპუტატებს, ასევე სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელს.
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა მცირე პროექტის „ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“ ფარგლებში განაგრძო მუშაობა საბავშვო ბაღებში. პროექტი მოიაზრებს მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღის პედაგოგების, აღმზრდელებისა და აღსაზრდელთა მშობლების ჩართვას ძალადობისა და ბულინგის პრევენციაში. ამისთვის იგეგმება ძალადობაზე რეაგირების ჯგუფების შექმნა სამიზნე საბავშვო ბაღებში. პროექტის აქტივობებში ჩაერებიან სოციალური მუშაკები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამართალდამცავები.
თებერვალში პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები განხორციელდა. გაიმართა შეხვედრები ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან, ფოთის 1-ლი, მე-2 და 3 ბაგა-ბაღის გამგეებთან. შეხვედრების მიზანი იყო ერთობლივი მუშაობის დაგეგმვა.
ხურჩის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) სოფელში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა თემაზე „კონფლიქტების ადრეული პრევენცია“.
შეკრებილებმა ისაუბრეს, მათ თემში რა ტიპის პრობლემებია უფრო აქტუალური, რამდენად ხშირია კონფლიქტები ამის ნიადაგზე.
მონაწილეთა აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ სოფლის მამაკაცების დიდი ნაწილი სამუშაოდ სხვადასხვა ქვეყანაშია გასული. მეზობლებს შორის ურთიერთობა ნაკლებია. კონფლიქტები ნაკლებადაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარებულია. პირიქით ხალხს ინფორმაცია სჭირდება, ვის რა მოსთხოვონ, არ იციან.
პრობლემების იდენტიფიკაციისას მონაწილეებმა სოფელში სანიაღვრე არხების არარსებობაზე გააკეთეს აქცენტი. მათი აზრით, ეს პრობლემა დასახლებებს შორის კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის. საინიციატივო ჯგუფი ამ პრობლემის ადვოკატირებაზე იმსჯელებს.