მაისში გაიმართა საკონსულტაციო-საინფორმაციო შეხვედრები იურისტთან ოზურგეთში, სენაკში, კახათში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
შეხვედრას ესწრებოდნენ კომპაქტურად მცხოვრები დევნილები და ადგილობრივი მცხოვრებლები. საუბრის თემა - ოჯახში ძალადობა, ძალადობა ბავშვების მიმართ. მონაწილეებს ჰქონდათ შეკითხვები ალიმენტებისა და მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებით. მათ ყველა კითხვაზე კომპეტენტური პასუხი მიიღეს ფონდი „სოხუმის“ იურისტებისგან.
დასასრულს მიუახლოვდა წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი. ის ხორციელდება საბავშვო ბაღების წარმომადგენლებისთვის ფონდი „სოხუმის“ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერით.
19 მაისს გაიმართა ბოლო, მეოთხე ტრენინგი, რომელზეც მონაწილეებმა განიხილეს ბევრი საკითხი, მათ შორის: ძალადობის ფორმები, ბულინგი, გენდერული სტერეოტიპები, ძალადობის პრევენციული მექანიზმები.
ტრენინგის მიზანია ძალადობის პრევენცია და ჯანსაღი კლიმატის ხელშეწყობა ოჯახსა და სკოლამდელ დაწესებულებაში.
თვის განმავლობაში ფსიქოლოგი და კონფლიქტოლოგი ექვს ოჯახურ წყვილთან მუშაობდა. მათ შორის ერთი ახალი წყვილია, ხოლო დანარჩენებთან მუშაობა წინა თვეებიდან გრძელდება ინდივიდუალური პროგრამით.
შედეგებიდან გამომდინარე, ერთმა ოჯახურმა წყვილმა შეძლო კრიზისული სიტუაციის დაძლევა. პრობლემა ამოწურულია და საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგი ონლაინ ითანამშრომლებს. სხვა კრიზისულ ოჯახებთან კი მუშაობა გრძელდება.
ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცხრა ცენტრის (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ლანჩხუთი) მობილიზატორებმა საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.
ქუთაისის, წყალტუბოს, ლანჩხუთის, ფოთის, ოზურგეთის და სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები არიან და სისტემატურად ესწრებიან საბჭოს სხდომებს.
ისინი რეგულარულად ესწრებიან საკრებულოს სხდომებს, აქტიურად ადევნებენ თვალს ადგილობრივ სიახლეებს, ავრცელებენ ინფორმაციებს შეხვედრების მსვლელობისას.
20-21 მაისს ჩატარდა შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ორსანტიასა და ახალკახათში. შეხვედრების თემა იყო გენდერული და ოჯახური ძალადობა. მონაწილეებს დაურიგდათ ბუკლეტები, ნაჩვენები იყო ორი ვიდეორგოლი. შეხვედრები ჩატარდა ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში - ძალადობის პრევენციის მიზნით.
ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთში, სენაკში და ოზურგეთში ბენეფიციარები აგრძელებენ ფსიქოთერაპიული კონსულტაციების მიღებას სხვადასხვა პრობლემის მიხედვით: პიროვნული კონფლიქტები, სტრესი, ქრონიკული დაღლილობა, პიროვნული კრიზისი, დაბალი თვითშეფასება, აპათია, ახლობლის დაკარგვით გამოწვეული ტრავმა.
სენაკში გაიმართა ჯგუფური შეხვედრა პრობლემური ბავშვების მშობლებთან - მათთან მუშაობა გაგრძელდება. სოფელ კახათშიც (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ჩატარდა შეხვeდრა დევნილთა ჯგუფთან - მათი მთავარი პრობლემა უკავშირდება რთულ სოციალურ და ყოფით პირობებს.
ამას გარდა შედგა 6 სატელეფონო საუბარი და 7 კონსულტირება სკაიპით.
დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში მოქმედ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ყოველთვიურად ტარდება ძალადობის მონიტორინგი. მაისში იდენტიფიცირებული იყო 10 ძალადობის ქეისი და შეივსო შესაბამისი ანკეტები.
იდენტიფიცირებული ქეისების უმეტესობა ფსიქოლოგიური და ფიზიკურ ძალადობას ეხებოდა. 1 ქალი გადამისამართდა ადგილობრივ თვითმმართველობაში ერთჯერადი დახმარების მისაღებად. იურისტებმა კონსულტაცია გაუწიეს - 3 მსხვერპლს, ხოლო ფსიქოლოგების ჯგუფი მუშაობს 3 ახალ იდენტიფიცირებულ მსხვერპლთან.
ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია - არის შეკითხვები, პრობლემების დასმა, რჩევები მობილიზატორებისგან. მთავარი თემებია: ოჯახში/ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახური კონფლიქტების მართვა, კანონის მხარდაჭერა; შემაკავებელი ორდერი, როგორც დამცავი მექანიზმი.
ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცხრა ცენტრის მობილიზატორებმა 27 საინფორმაციო-სამობილიზაციო შეხვედრა ჩაატარეს ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობასთან, ქალებთან, მამაკაცებთან, ახალგაზრდებთან, დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში - ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.
შეხვედრების მონაწილეები ეცნობიან საკანონმდებლო ბაზას და ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერას ძალადობის პრევენციის პროცესში.
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში ჩატარდა ვორკშოპი სოფელ კუხში თემაზე „ბულინგი და ოჯახური ძალადობა“. ვორკშოპის მსვლელობისას განხილული იყო ბულინგის სახეები, ოჯახური ძალადობის სტატისტიკა, ძალადობის სახეები, კონკრეტული მაგალითები. გაიმართა საინტერესო დისკუსია. ვორკშოპს ესწრებოდნენ სოფლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები, სამედიცინო სფეროს წარმომდგენლები და სკოლის მოსწავლეები. მსგავსი შეხვედრები ბულინგისა და ძალადობის პრევენციის მიზნით იმართება.
- რა კავშირშია გენდერული ძალადობა ოჯახურ კონფლიქტებთან. არის თუ არა ქალი დისკრიმინაციის ობიექტი და რა პრევენციული მექანიზმები შეიძლება დაინერგოს, - ამ საკითხებზე გაიმართა დისკუსია წყალტუბოში, ქუთაისსა და თერჯოლაში ახალგაზრდებთან გამართულ ვორკშოპებზე.
სოციალური ვიდეორგოლის მეშვეობით მონაწილეებმა ნახეს, როგორი სურათია საქართველოში გენდერული თანასწორობის მხრივ - ამან მისცა მათ მოტივაცია, აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში და გამოსავალზე ემსჯელათ.