ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის „ჰარმონიული გარემო პატარებისათვის“ ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა მე-16 ბაგა-ბაღის პედაგოგებთან და აღსაზრდელთა მშობლებთან. სექტემბერში გაიმართება ტრენინგი. მასზე განხილული იქნება სხვადასხვა აქტუალური საკითხი, რომელიც ბავშვების სწორ აღზრდას და მათთვის ჰარმონიული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.
ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში აგვისტოს თვეში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა მერის წარმომადგენელთან სოფელ კახათში. ასევე საინფორმაციო შეხვედრა სოფელ კახათში და ორსანტიაში მცხოვრებ ქალბატონებთან.
შეხვედრებზე ისაუბრეს ქალთა მიმართ და ოჯახურ ძალადობაზე, გამომწვევ მიზეზებზე, შედეგებზე. შეკრებილები აქტიურად განიხილავდნენ თემას და კონკრეტულ ქეისებს.
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა დაიწყო მცირე პროექტის „ახალგაზრდები არაძალადობრივი გარემოსათვის“ განხორციელება. პროექტის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო ფურცლები და პრეს-რელიზი პროექტის შესახებ. უკვე ჩატარდა პირველი საინფორმაციო შეხვედრა მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარესთან.
აგვისტოში წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა დაიწყო მცირე პროექტი „ოჯახი ძალადობის გარეშე“. პროექტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები თვითმმართველობის წარმომადგენლებთან: მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარესთან, გენდერული საბჭოს მდივანთან, მერის წარმომადგენლებთან ახალ უბანსა და თერნალში.
შეხვედრებზე გავრცელდა ინფორმაცია პროექტზე, განისაზღვრა სამომავლო გეგმები.
ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა საქველმოქმედო აქცია გამართა სოფელ კახათში მცხოვრები დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის. მათ დაურიგდათ სათამაშოები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საოჯახო ნივთები.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა აგვისტოშიც ჩვეული გრაფიკით იმუშავეს. მობილიზატორებმა ჩაატარეს 27 საინფორმაციო შეხვედრა 9 მუნიციპალიტეტში - ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი და ლანჩხუთი.
შეხვედრები ჩატარდა ქალაქებსა და სოფლებში, დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში, სამედიცინო დაწესებულებებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში.
შეხვედრებზე განხილული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამები ძალადობის მსხვერპლის მხარდაჭერისათვის.
ძალადობის მონიტორინგის 7 ანკეტა შეივსო აგვისტოში ქუთაისის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის, ოზურგეთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მობილიზატორებმა ანკეტებში აღწერეს რეალური შემთხვევები - ძალადობა ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი ქმრის მხრიდან. მათ 4 ქალი კონსულტირებისათვის ფსიქოლოგთან გადაამისამართეს, ერთი კი იურისტის კონსულტაციას მიიღებს.
„როცა ჩვენს შიგნით მიმდინარეობს კონფლიქტი, არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. ხშირად აგრესია გარეთ გამოგვაქვს და იმ ადამიანებთან ვაფუჭებთ ურთიერთობას, რომლებიც ჩვენთვის ძალიან ახლობელია, - ასეთი შინაარსის რეპლიკები ჰქონდათ ახალგაზრდებს ვორკშოპებზე, სადაც განიხილეს პიროვნული კონფლიქტები და მისი მართვა.
მონაწილეები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ინფორმირება კონფლიქტების მართვაზე, რადგან პიროვნული კონფლიქტები ნეგატიურად მოქმედებს ადამიანზე და ხელს უწყობს ოჯახში ძალადობის განვითარებას.
ვორკშოპები ჩატარდა წყალტუბოში, თერჯოლაში, ზუგდიდში, ხონსა და ფოთში. მასში 41-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა ახალ მცირე პროექტზე დაიწყო მუშაობა. პროექტის „ჰარმონიული გარემო პატარებისათვის“ ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა მე-16 ბაგა-ბაღის დირექციასთან და ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანთან.
შეხვედრების მიზანია ღონისძიებების დაგეგმვა და სექტემბერში საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის ჩანიშნული ტრენინგის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.
პროექტში ჩართულ ადამიანებს დაურიგდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მომზადებული საინფორმაციო ფურცლები პროექტის შესახებ.
„ნუ მოითმენ, დაარღვიე დუმილი!“ - ასე ჰქვია ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალ მცირე პროექტს. პროექტის ფარგლებში სოფელ ორსანტიაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ქალთა ჯგუფთან. შეხვედრაზე ისაუბრეს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე. შეხვედრა გაიმართა მერის წარმომადგენელთან.