წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი დასრულდა: ჩატარდა 4 ტრენინგი მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების პედაგოგებისა და მენეჯერებისათვის თემაზე „გენდერი, გენდერული ძალადობა და ბულინგი“. პროექტის ბოლოს ჩატარდა ფსიქოლოგის საინფორმაციო შეხვედრა #2 ბაღის პედაგოგებთან. 25 ივნისს კი საკრებულოში გაიმართა ფინალური ღონისძიება - მრგვალი მაგიდა, რომელზეც შეჯამდა პროექტის აქტივობები და მიღებული შედეგები.
პროექტი განხორციელდა ფონდი „სოხუმის“ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერით.
ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა 27 საინფორმაციო-სამობილიზაციო შეხვედრა ჩაატარეს დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ლანჩხუთი). შეხვედრებზე განხილული თემებიდან უმთავრესი იყო ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობა და მისი შედეგები. ამასთან ერთად მობილიზატორებმა შეკრებილებთან ისაუბრეს ერთჯერადი დახმარების პროგრამებზე დევნილთათვის, აფხაზეთის მთავრობის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებსა და მუნიციპალურ სოციალურ პროგრამებზე. ამ ინფორმაციების გაცნობა თავიანთი პრობლემების მოგვარებაში უწყობს ხელს ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს.
ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი დასასრულს მიუახლოვდა. პროექტის ბოლო აქტივობები ივნისში გაიმართა - საინფორმაციო შეხვედრა ორსანტიის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საზოგადოებრივ ცენტრში, სოფელ კოკში, ხურჩასა და ორსანტიაში მცხოვრები ქალების მონაწილეობით თემაზე „ოჯახური ძალადობა და პრევენციული მექანიზმები“. პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა იურისტის და ფსიქოლოგის კონსულტაციები. პროექტის დამაგვირგვინებელი ღონისძიება იყო - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე მცირე ვიდეორგოლების კონკურსი მონაწილე ახალგაზრდების დაჯილდოება.
ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი დასასრულს მიუახლოვდა. პროექტის ბოლო აქტივობები ივნისში გაიმართა - საინფორმაციო შეხვედრა ორსანტიის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საზოგადოებრივ ცენტრში, სოფელ კოკში, ხურჩასა და ორსანტიაში მცხოვრები ქალების მონაწილეობით თემაზე „ოჯახური ძალადობა და პრევენციული მექანიზმები“. პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა იურისტის და ფსიქოლოგის კონსულტაციები. პროექტის დამაგვირგვინებელი ღონისძიება იყო - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე მცირე ვიდეორგოლების კონკურსი მონაწილე ახალგაზრდების დაჯილდოება.
საინტერესო შეჯიბრით დასრულდა ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი. 8 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის #21 სკოლაში გაიმართა შეჯიბრი ჭადრაკში და შაშის თამაში ამავე სკოლის უფროსკლასელებს შორის.
შეჯიბრის ჩატარება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ძალადობის შემცირებას. შეჯიბრის გამარჯვებულმა მონაწილეებმა სიმბოლური საჩუქრები მიიღეს.
16-17 ივნისს ქობულეთში ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებს პროექტების წერის მეთოდოლოგიაზე ტრენინგი ჩაუტარდათ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საკითხებზე - „პრობლემათა ხის“ აგება, იდენტიფიცირებული პრობლემებიდან პრიორიტეტული პრობლემის გამოკვეთა და საპროექტო იდეის განსაზღვრა, პროექტის სტრატეგია, ცვლილებების თეორია, დაინტერესებულ მხარეთა ანალიზი, რისკების შეფასება და მართვა და სხვ. მუშაობის პროცესში გამოიკვეთა საინტერესო საკითხები, მიდგომები, რაც ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის შემცირების კუთხით უმნიშვნელოვანესია.
მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგმა მათ მისცა ახალი უნარები იმისთვის, რომ საპროექტო იდეები პროექტად აქციონ და შეძლონ ბენეფიციარების საჭიროებებზე მორგებული საქმიანობის წარმართვა.
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი, რომელიც ბულინგის პრევენციას ისახავდა მიზნად, დასრულდა. საპროექტო პერიოდის ბოლოს გაიმართა სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში და ვორკშოპები პატარა კუხსა და ნახახულევში. ამ შეხვედრებზე განხილული იყო ბულინგის სახეები, გამომწვევი მიზეზები, შედეგები. მონაწილეებს მოყავდათ კონკრეტული მაგალითები, იმართებოდა დისკუსიები.
პროექტის ფარგლებში გაიმართა ასევე ფონდი „სოხუმის“ ჩრდილების თეატრის წარმოდგენები დევნილთა დასახლებაში და მე-4 ბაღის აღსაზრდელებთან.
პროექტმა ხელს უწყობს ბულინგის პრობლემაზე ინფორმირების გაზრდას და პრევენციულ ღონისძიებებს.
ფონდი „სოხუმის“ მასშტაბური თუ მცირე პროექტები ხელს უწყობს ძალადობის მსხვერპლი და კრიზისული ოჯახების წარმომადგენელი ქალების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ქალთა ხელშეწყობას ემსახურება პროექტი „გზა მომავლისაკენ“, რომლის ფარგლებში ქუთაისში, ფონდის ოფისში შეიქმნა ჭრა-კერვის კურსები. პროექტის მხარდამჭერია ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოში (IWAG). მისი მიზანია, ქალებს დაეხმაროს ახალი პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებში. პროექტის განხორციელების პირველივე თვეს მონაწილეები უკვე დამოუკიდებლად ასრულებენ სხვადასხვა სახის სამუშაოებს.
პროექტის ფარგლებში ივნისის დასაწყისში ცენტრის აქტივისტებმა ჩაატარეს ორი საინფორმაციო შეხვედრა გენდერულ და ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამით დასრულდა სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი.
სოფელ თეკლათის სკოლის უფროსკლასელებთან შეხვედრის დროს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბულინგზე, რომელიც დღეისათვის საკმაოდ აქტუალური პრობლემაა. სოფელ ნოსირის სკოლის მოსწავლეებთან კი გამოიკვეთა ოჯახური ძალადობის თემა.
სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი, როგორც დაგეგმილი იყო, ხელს შეუწყობს აგრესიის შემცირებას ახალგაზრდებში და მათ ჩართვას ძალადობის პრევენციულ ღონისძიებებში.
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში მე-7 სკოლის მოსწავლეებს შორის ჩატარდა შეჯიბრი ველორბოლაში, სიგრძეში ხტომაში, გორგოლაჭებით შეჯიბრში, ასევე მხიარული სტარტები პედაგოგების მონაწილეობით. შეჯიბრის დაგეგმარების და მისი მიმდინარეობის პერიოდში ქალთა მხარდაჭერის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობდა ქალაქის მერიის სპორტის და ახალგაზრდულ სამსახურთან და სკოლის ადმინისტრაციასთან. მონაწილეებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები. პროექტის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და უარი - ძალადობას!