„ჰარმონიული გარემო პატარებისათვის“ - ასე ჰქვია წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტს, რომელიც ფონდი „სოხუმის“ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება. 24 აპრილს პროექტით დაგეგმილი მესამე ტრენინგი ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საყულიის, გეგუთის, პატრიკეთის, ტყაჩირის, ოფშკვითის, ახალი საყულიის, გუმბრინის, ოფურჩხეთის, რიონისა და ცხუნკურის საბავშვო ბაღების მენეჯერები და პედაგოგები. ისინი გაეცნენ ინფორმაციებს გენდერზე, ძალადობაზე, ბულინგზე, გენდერულ სტერეოტიპებზე, პრევენციულ მექანიზმებზე. და, როგორც აღნიშნეს, ეს ცვლილებების დასაწყისია მათ აზროვნებაში, მიდგომებში, მოქმედებაში…
ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცხრა ცენტრმა (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ლანჩხუთი) თავის მუნიციპალიტეტში ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობასთან, ქალებთან და ახალგაზრდებთან, დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში, საბავშვო ბაღის და სკოლის პედაგოგებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან.
შეხვედრებზე განხილული იყო შემდეგი თემები: კანონი ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ; შემაკავებელი ორდერი, როგორც დამცავი მექანიზმი; ეროვნული სამოქმედო გეგმა; ძალადობის გავლენა ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე; პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობა.
ასეთი შეხვედრების შედეგად იზრდება მიმართვიანობა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში და მოთხოვნა ფონდი „სოხუმის“ უფასო სერვისებზე - ძალადობის მსხვერპლის მხარდაჭერის კუთხით.
სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში სოფელ ხორშში ჩატარდა ვორკშოპი თემაზე „ქალთა და ოჯახში ძალადობა და მისი გავლენა მომავალ თაობაზე“. ვორკშოპის დროს ისაუბრეს კანონზე, დამცავ მექანიზმებზე. მუშაობაში ჩაერთო სოფლის რწმუნებული, მაჟორიტარი დეპუტატი, სხვადასხვა ასაკის 15-მდე ქალი.
შემდეგ ვორკშოპის მონაწილემ სოფელ ქვედა ხორშში, თავის თემში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრის მონაწილეებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაციები ძალადობის საკითხებზე.
ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში სოფელ ორსანტიაში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე „ქალთა მიმართ ძალადობა და პრევენციული ნაბიჯები“. გაიმართა დისკუსია ძალადობის და მენტალიტეტის გავლენაზე ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, ისაუბრეს მსხვერპლის მხარდაჭერის პროგრამებზე.
ეს იყო ერთ-ერთი აქტივობა ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტში „უთხარი არა ძალადობას - იყავი აქტიური!“
ფონდი „სოხუმის“, ულტიპროფილური კლინიკა „უნიქალ მედის“ და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის მონაწილეობით, 31 მარტს ხონში დევნილთა დასახლებაში კლინიკა „უნიქალ მედიმ“ უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარა. აქციის მონაწილეებს და „უნიქალ მედის“ დამფუძნებლებს შეხვდა ქალაქ ხონის მერი ლადო ჯურხაძე.
აქციაში ათობით დევნილმა მიიღო სამედიცინო მომსახურება - ექიმების კონსულტაცია თუ ექოსკოპიური კვლევა.
28-30 მარტს ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „პროექტის წერა და დიზაინი“. მასში მონაწილეობდნენ თერჯოლის, ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, ქუთაისის, ზუგდიდის და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორები. ტრენინგი ორგანიზებული იყო ფონდი „სოხუმის“ მიერ ხონის, წყალტუბოს და თერჯოლის მერიების თანადაფინანსებით. სამდღიანი მუშაობის შედეგად თითოეულმა მონაწილემ შეიმუშავა ინდივიდულური პროექტი. ტრენინგზე მიღებული ცოდნა დაეხმარება მონაწილეებს, მოიზიდონ დამატებითი ფინანსები პროექტების განხორციელებისთვის.
გრძელდება ფონდი „სოხუმის“ წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია ჯანსაღი კლიმატის ხელშეწყობა ოჯახსა და სკოლამდელ დაწესებულებში.
31 მარტს დაგეგმილი მეორე ტრენინგი ჩატარდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გვიშტიბის, ფარცხანაყანევის, მუხიანის, კოპიტნარის, მესხეთისა და მაღლაკის თემში მოქმედი საბავშვო ბაღების მენეჯერებისა და პედაგოგებისთვის. მათ მიიღეს საჭირო ინფორმაცია გენდერულ საკითხებზე, ძალადობის პრევენციაზე, ბულინგზე.
ფონდი „სოხუმის“ იურისტებმა მარტში 6 ინდივიდუალური კონსულტაცია ჩაატარეს. კონსულტაციები, ძირითადად, ეხებოდა ოჯახში ძალადობის და ოჯახურ კონფლიქტებს. მომართვა მოხდა ოზურგეთის, ლანჩხუთის, სენაკის და ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებიდან.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ძალადობის ერთ მსხვერპლს დახმარება გაეწია მსხვერპლის სტატუსის მოპოვებაში, რასაც შემდგომ სასამართლო პროცესზე გამოიყენებს.
ფონდი „სოხუმის“ მობილიზატორები აქტიურად არიან ჩართულნი მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში. თვის განმავლობაში ისინი ესწრებოდნენ საკრებულოს სხდომებს, ეცნობოდნენ მუნიციპალიტეტში მიმდინარე სიახლეებს და შემდეგ აცნობდნენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ბენეფიციარებს. მათ 9 ქალაქში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი და ლანჩხუთი) საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან და ესაუბრნენ ცენტრის სერვისებსა და აქტივობებზე.
27 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში - დევნილთა დასახლებებში, სოფლებსა და ქალაქებში. შეხვედრების თემა იყო გენდერული თანასწორობა, ქალთა უფლებები და ოჯახური ძალადობა. საინფორმაციო შეხვედრები ქალთა სოლიდარობის კვირეულს მიეძღვნა.