გრძელდება სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი. მაისში ჩატარდა სამი ღონისძიება:
სოფლის ადმინისტრაციის შენობაში სოფელ თეკლათში მცხოვრებ ქალებთან გაიმართა ვორკშოპი თემაზე „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, პრევენცია და არსებული სტერეოტიპული მიდგომები“.
ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის წარმომადგენლობაში. მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს კრიზისული ოჯახების მხარდაჭერის პროგრამები და ქალთა მხარდაჭერის ცენტრის საკონსულტაციო სერვისები.
ასევე მოეწყო შეხვედრა იურისტ-კონსულტანტთან, სადაც ისაუბრეს კანონზე „ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ და დამცავ მექანიზმებზე.
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა აფხაზეთის #29 საშუალო სკოლაში. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ფსიქოლოგი და კონფლიქტოლოგი, რომლებმაც ახალგაზრდებთან ისაუბრეს სხვადახვა თემაზე: ჯანსაღი ცხოვრების წესი, კონფლიქტები ახალგაზრდებს შორის, ბულინგი. შეკრებილებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესეო კითხვებზე.
გენდერული ძალადობა, დისკრიმინაცია - ამ საკითხებზე გაიმართა დისკუსიები ახალგაზრდებთან ჩატარებულ ვორკშოპებზე ფოთში, ლანჩხუთსა და ხონში გაიმართა.
მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორია ქართული ოჯახის მოდელი, როდის ირღვევა თანასწორობა და როდის არის ქალი ძალადობის ობიექტი.
ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპების მიხედვით მამაკაცი დომინანტია, რაც ხელს უწყობს ოჯახში კონფლიქტების განვითარებას.
მათი აზრით, ინფორმირება პრობლემის დაძლევის ერთ-ერთი მექანიზმია და შეხვედრას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.
კონფლიქტების მართვა ეფექტური კომუნიკაციის მეთოდების გამოყენებით - ეს საკითხები განიხილებოდა წყალტუბოში, ქუთაისსა და თერჯოლაში ჩატარებულ ვორკშოპებზე. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია, რამდენად მნიშვნელოვანი ელემენტია კომუნიკაცია კონფლიქტურ სიტუაციებში. საკუთარი პოზიციებიც დააფიქსირეს - რა გვეხმარება და რა გვიშლის ხელს ეფექტურ კომუნიკაციაში. ვორკშოპები საინტერესოდ წარიმართა, რაც მონაწილეთა ჩართულობით და აქტიურობით გამოიხატა.
დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში მოქმედ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ყოველთვიურად ტარდება ძალადობის მონიტორინგი. შემდგომ ხდება მიღებული ინფორმაციის გადამისამართება ფონდი „სოხუმის“ იურისტთან და ფსიქოლოგთან.
აპრილში იდენტიფიცირებული იყო ძალადობის 11 ქეისი - ძირითადად, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა, აგრეთვე ფიზიკური ძალადობის 2 შემთხვევა. 1 ქალს მიენიჭა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსი, სამმა ქალმა მუშაობა განაგრძო ფსიქოლოგთან და ამდენივემ - იურისტთან.
ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის იურიდიული მომსახურებით აპრილში სამმა ადამიანმა ისარგებლა. ერთმა ოზურგეთში და ორმა - ქუთაისში.
მომართვა იყო ოჯახურ დავებსა და ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე. იურისტ კონსულტანტებმა მოამზადეს შესაბამისი დოკუმენტები და გაუწიეს კონსულტაციები. ისინი რეგულარულ მონიტორინგს აწარმოებენ ყველა შემთხვევაზე.
კრიზისულ ოჯახებთან თანამშრომლობა კომპლექსურია და ფსიქოლოგთან ერთად კონფლიქტოლოგიც ერთვება. თვის განმავლობაში სამ ოჯახთან წარიმართა მუშაობა. მიზეზი სხვადასხვა: ალკოჰოლი, უშვილობა, ხასიათის შეუთავსებლობა... თითოეული შეხვედრის შემდეგ იქმნება ინდივიდუალური გრაფიკი კრიზისული სიტუაციის დასაძლევად.
სიტუაციის ანალიზიდან გამომდინარე, სეანსი შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს.
შეხვედრიდან შეხვედრამდე წყვილებს საშუალება აქვთ, ონლაინ-კონსულტაციით ისარგებლონ. აღსანიშნავია, რომ მამაკაცები მზად არიან ითანამშრომლონ ფსიქოლოგთან და დაძლიონ კრიზისი.
აპრილი აქტიური თვე იყო ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის მუშაობაში. სხვადასხვა პრობლემაზე ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული კონსულტირება მიიღო ექვმა ადამიანმა, ხოლო 14-მა – ტელეფონითა და სკაიპით. ფსიქოთერაპია გაიარეს ოჯახურმა წყვილებმა, იყო ასევე მუშაობა ტრავმებთან დაკავშირებით.



ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა მცირე პროექტის „ჯანსაღი ცხოვრების წესის კულტურის დანერგვა მოსწავლე ახალგაზრდებში“ ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე: მავნე ჩვევები და მისი დაძლევის მექანიზმები.
- ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, აზარტული თამაშები, სიგარეტზე დამოკიდებულება - აქტუალური მავნე ჩვევები. როგორია საზოგადოების დამოკიდებულება და რა მექანიზმები არსებობს მათ წინააღმდეგ - დისკუსია, ძირითადად, ამ საკითხებზე გაიმართა.
შეხვედრას მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. მათი აზრით, ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია მავნე ჩვევებსა და მათ ნეგატიურ შედეგებზე, რაც პრობლემის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია.
სოფელ ნახახულევში (ხონის მუნიციპალიტეტი) ვორკშოპი გაიმართა. ეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტით „არაძალადობრივი მომავალი თაობა“ იყო დაგეგმილი. ვორკშოპი მიეძღვნა ბულინგს, როგორც ძალადობის ერთ-ერთ სახეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, საბავშვო ბაღის გამგე, ლოგოპედი, ბიბლიოთეკარი. განხილულ იქნა ბულინგის არსი და სახეები: სიტყვიერი, ემოციური, ფიზიკური, კიბერბულინგი. მონაწილეებმა ბევრი აუცილებელი ინფორმაცია შეიტყვეს.