1 მაისი - წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში იურისტმა ჩაატარა იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა.
3 მაისი - ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა მოაწყო შეხვედრა იურისტთან სოფელ განმუხურის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) სკოლაში.
5 მაისი - შეხვედრა გაიმართა ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.
11 მაისი - ქალები იურისტს შეხვდნენ სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.
15 მაისი - ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ინიციატივით შეხვედრა ორგანიზებულ იქნა მე-17 ბიბლიოთეკაში.
16 მაისი - ქალები იურიდიულ შეხვედრას დაესწრნენ ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.
შეხვედრებზე განიხილეს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, საოჯახო სამართალი, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციის, მემკვიდრეობის მიღების, შრომითი მიგრაციის და სხვა საკითხებზე.
ფოთის, ქუთაისის, ხონის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა მორიგი ფსიქოლოგიური საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს.
საუბრისთვის შეთავაზებული იყო აქტუალური თემა - მსხვერპლის კომპლექსი, მიზეზები, გამოვლენა და მისი დაძლევა ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის.
როგორც აღინიშნა, არიან ადამიანები, რომლებიც, კეთილდღეობის მიუხედავად, თავს უბედურად გრძნობენ. თითქოს ყველაფერი აქვთ - ოჯახი, შვილები, სამსახური, მაგრამ მუდმივად წუწუნებენ და ბედს ემდურიან. არიან ადამიანები, რომლებიც იზიდავენ უსიამოვნებებს. ასეთ ადამიანებს მსხვერპლის კომპლექსი აერთიანებთ. ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა მონაწილეებთან მნიშვნელოვანი მუშაობა ჩაატარა ამ კომპლექსის დაძლევის მიზნით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფსიქოლოგის შეხვედრებს წყალტუბოში, ფოთში და ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში 30 ადამიანი დაესწრო.
შეხვედრების ძირითადი თემა იყო სუიციდის რისკი ძალადობრივ გარემოში, ფსიქოლოგიური ტრავმების კვალი და სუიციდის პრევენცია. მიზანი კი - ქალთა ინფორმირებულობა ძალადობის ფატალური შედეგების თავიდან აცილებისთვის.
ფრაზები „დავიღალე, ცხოვრება აღარ მინდა, ახლა თავს მოვიკლავ და მერე შენ ნახე, რა მოგივა!“ – პასიური აზრებია, რომლებიც, შველისკენ მიმართული, გაუცნობიერებელი სიგნალებია და ამიტომ გარშემომყოფებმა უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ.
შეხვედრები ინტერაქტიულად წარიმართა და თემა კონსულტაციის ყველა მონაწილისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. განსაკუთრებით დიდი რეზონანსი გამოიწვია სოფელ ივანდიდში, რადგან სოფელს ახლო წარსულში ჰქონდა სამწუხარო გამოცდილება თანასოფლელის სუიციდის გამო.
სენაკის, ქუთაისის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში იანვარში გაიმართა ჯგუფური ფსიქოლოგიური კონსულტაციები თემაზე „ნეგატიური ემოციების და სტრესის დაძლევა და კონტროლი“. ეს ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი პრევენციული ზომაა.
სტრესის გამომწვევი მიზეზი ბევრია: წინააღმდეგობები პირად ცხოვრებაში, პრობლემები სამსახურში, კონფლიქტები ახლობელ ადამიანებთან, გადაუხდელი კრედიტი, კომპლექსები და ფობიები... ფსიქოლოგის რჩევით, ამ მიზეზების ანალიზის გარეშე შეუძლებელია სტრესის დაძლევა.
ქუთაისში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში ოქტომბრის განმავლობაში გაიმართა 12 ფსიქოლოგიური ჯგუფური და 3 ინდივიდუალური კონსულტაცია. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 82 ქალმა 20-დან 65 წლამდე. პირველად მონაწილეობდა 9 ქალი. საუბრის თემა იყო - რატომაა ქალებისთვის აუცილებელი საკუთარი ღირსების განცდა.
ღირსებას რამდენიმე შემადგენელი აქვს: საკუთარი თავის მიმართ სიყვარული, თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის მიღება ისეთად, როგორიც ხარ. შეხვედრები გულახდილი, საინტერესო და პრაქტიკული გამოვიდა.
ივნისში ჩატარდა 12 შეხვედრა ფონდი „სოხუმის“ იურისტთან ქუთაისის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრში. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კანონზე და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა“ შესახებ კანონზე.
გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები სპეციალური განცხადების მოსამზადებლად და ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის მისაღებად.
სექტემბერში გაიმართა 12 შეხვედრა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან. შეხვედრებს ესწრებოდა 82 ქალი. მათ მიეწოდათ ინფორმაცია შემდეგ საკითხზე: კონფლიქტის მოგვარება მედიაციის გზით. ასევე გაიცა ორი ინდივიდუალური კონსულტაცია - ერთ-ერთ მონაწილეს დეიდის გადაყვანა სურს მოხუცთა თავშესაფარში. მეორე კი ხელშეკრულების პირობების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისათვის გადამისამართდა საიაში.
მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ უკვე დაკმაყოფილდა მოთხოვნა ერთ-ერთი ბენეფიციარისა, რომელსაც წინა თვეებში გაეწია კონსულტაცია.
ქუთაისში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში მაისში ჩატარდა 12 ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა 84 ქალბატონის მონაწილეობით. აგრეთვე გაიმართა ინდივიდუალური კონსულტაციები საოჯახო ურთიერთობების პრობლემებთან დაკავშირებით.
საუბრების ძირითადი თემა იყო საოჯახო კომუნიკაციის მოდელები და ფორმები. ხალხური სიბრძნე ამბობს: „ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია“. რაც მეტი გვეცოდინება ოჯახურ ურთიერთობებზე, მით ნაკლებ შეცდომას დავუშვებთ ცხოვრებაში. კონსულტაციებს სწორედ ეს მიზანი ჰქონდა.
ნოემბერში ჩატარდა 12 იურიდიული საკონსულტაციო-საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობასთან. შეხვედრის მონაწილეებმა გაიგეს 16-დღიანი კამპანიის შესახებ. მათ ასევე მიეწოდათ ინფორმაციები სამართლებრივ საკითხებზე. იყო ინდივიდუალური კონსულტაციებიც. დაიწერა განცხადება და გაიგზავნა კიდეც ქუთაისის მერის სახელზე. მონიტორინგი ამ საკითხზე გაგრძელდება მომავალში.
დეკემბრის განმავლობაში ქუთაისში ჩატარდა 12 იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობასთან. შეხვედრებს ესწრებოდა 73 ქალი. მათ მიეწოდათ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კანონზე და მასში სამომავლოდ შესატან ცვლილებებზე. გაიცა ერთი ინდივიდუალური კონსულტაცია ალიმენტის შესახებ კანონზე და ადვოკატირებისთვის ბენეფიციარის გადამისამართება მოხდა საიაში.
მონიტორინგის შედეგად ფონდი „სოხუმის“ იურისტმა გაიგო, რომ ორმა ოჯახმა განსახლებასთან დაკავშირებით გაგზავნილ განცხადებაზე მიიღო დადებითი პასუხი და მოხდა მათი ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილება.