ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით კიდევ ერთი პრობლემა გადაიჭრა. ადვოკატირების შედეგად, სოფელ კახათის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) დევნილთა დასახლებაში საკანალიზაციო სისტემა ამოიწმინდა. ამ პრობლემის იდენტიფიცირება საინფორმაციო შეხვედრაზე მოხდა.
ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ადვოკატირების პროცესი ოპერატიულად გაგრძელდა და პრობლემა, რომელმაც მოქალაქეთა დაინფიცირების რისკები წარმოშვა, მოგვარდა.
ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფები აქტიურად აგრძელებენ იმ პრობლემების ადვოკატირებას, რომლებიც კონფლიქტის გამყოფი ხაზის სოფლებში საინფორმაციო შეხვედრების და მოკვლევების შედეგად იქნა იდენტიფიცირებული. სამუშაო შეხვედრები ონლაინ ფორმატით უკვე ჩატარდა ჯგუფების მოდერატორებთან და განისაზღვრა პრობლემების პრიორიტეტები. პრობლემების ადვოკატირების გეგმის განხილვაში თემის წევრებიც ჩაერთვებიან. ჩამონათვალში გრძელვადიანი პრობლემებიც ჩაინიშნა, შესაბამისად - ადვოკატირება მუნიციპალიტეტებისა და სამინისტროების დონეზე გაგრძელდება.
- პრობლემები, რომლებიც განსაკუთრებით აწუხებთ კონფლიქტის გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ ქალებს - ეს იყო ონლაინ შეხვედრის მთავარი თემა სოფელ შამგონის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) თემის ქალებთან. მონაწილეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ მიერ გაკეთებული სწრაფი მოკვლევის შესახებ, რომელშიც გამოიკვეთა კორონავირუსით გამოწვეული იზოლაციის გავლენა ქალებზე.
მსჯელობისას მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ არსებულმა სიტუაციამ კიდევ უფრო დაამძიმა ქალის ტვირთი ოჯახში. მიუხედავად ამისა, მზად არიან, აქტიურად იმუშაონ იმ პრობლემების დასაძლევად, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამო შეექმნა მათ ოჯახებს.
- ჩვენთვის არ არსებობს დიდი და პატარა პრობლემა, ყველა პრობლემა მნიშვნელოვანია და გვინდა, ვიაქტიუროთ მათ გადასაჭრელად, - ასეთი მოსაზრებები ჰქონდათ ქალებს ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიის თემში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ისინი თვლიან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით შესაძლებელია მათი გადაწყვეტა.
სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ონლაინ ფორმატით. მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებულ სწრაფი მოკვლევის შედეგებს: რა საფრთხე შეუქმნა ქალებს კორონავირუსით გამოწვეულმა პრობლემებმა. აღინიშნა, რომ კონფლიქტის გამყოფი ხაზის სოფლებში კიდევ უფრო დამძიმდა ფსიქოლოგიური ფონი. მათ ისაუბრეს თემში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების აუცილებლობაზე.
ფონდი „სოხუმი“ აქტიურად აგრძელებს მუშაობას კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, თემში არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით. ერთ-ერთი შეხვედრა სოფელ კახათის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) აქტივისტი ქალების ჯგუფთან გაიმართა.
სოციალური პრობლემები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, დევნილთა უზრუნველყოფა ბინით - შეხვედრის მონაწილეებმა, ძირითადად, ამ საკითხებზე გააკეთეს ფოკუსი. მუშაობა წამოჭრილი პრობლემების ადვოკატირებით გაგრძელდება.
ონლაინ შეხვედრა ჩატარდა სოფელ წყოუშის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) დასახლების ქალებთან. ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე აფხაზეთში, სოფელ საბერიოში მცხოვრები ქალებიც, რომლებმაც იქ არსებულ პრობლემებზე გააკეთეს აქცენტი. მათი თქმით, პანდემიის პირობებში გაიზარდა სტრესი და დაძაბულობა, რაც უკავშირდება არაინფორმირებულობას კორონავირუსზე, წამლების, საკვები პროდუქტების დეფიციტს, მოძრაობის შეზღუდვას. განსაკუთრებული სირთულე შეექმნათ სკოლის მოსწავლეებს, რომელთაც ინტერნეტის არარსებობის გამო არა აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ სასწავლო პროგრამაში.
ფონდი „სოხუმის“ მიერ გამართულ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე პრობლემებზე საუბრისას სოფელ ხურჩის თემში დაასახელეს ის, რომ ადრე სოფელში ჩამოდიოდნენ ექიმები, ახლა კი არავინ ატარებს კონსულტაციებს. შეხვედრის შემდეგ პრობლემის ადვოკატირება დაიწყო. ადვოკატირების პროცესში ჩაერთო ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატი და მერის წარმომადგენელი სოფელში ირუზა კაკავა.
შედეგად: სოფელს სამედიცინო პერსონალი ეწვია, რომელმაც ყველა რეკომენდაციის დაცვით გაუწია მოსახლეობას კონსულტაცია. ამასთანავე ადამიანებმა მიიღეს ინფორმაცია, სად დარეკონ, ვის მიმართონ ტემპერატურის აწევის ან რაიმე საეჭვო შემთხვევის დროს.
დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში. ლოკაციად სოფელ კახათის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის) თემი შეირჩა.
- რა პრობლემის წინაშე დგას მოსახლეობა, რა არის მათთვის პრიორიტეტული, რა მიმართულებით საჭიროებენ დახმარებას და თანამშრომლობას - ამ საკითხებზე გაიმართა მსჯელობა ონლაინ შექმნილ ჯგუფებში.
- სურსათის მომარაგების საკითხი, საგაზაფხული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ორგანიზება, იზოლაციით შექმნილი ფსიქოლოგიური პრობლემები, - შეკრებილებმა, ძირითად, ამ საკითხებზე გააკეთეს აქცენტი.
პრობლემების იდენტიფიცირების შემდგომი პროცესი ამ საკითხების ადვოკატირებაა, რაც ასევე ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.
განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ონლაინ შეხვედრა ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) თემის აქტივისტებთან. აღინიშნა, რომ ხურჩის თემში, ძირითადად, ასაკოვანი ადამიანები ცხოვრობენ, მთელი სოფელი რისკის ზონას წარმოადგენს და ეს ამძაფრებს მათ შიშსა და ფორიაქს.
შეხვედრისას არაერთხელ გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ მოსახლეობა ძალიან დარდობს გალის ტერიტორიაზე დაჩენილ ოჯახის წევრებზე და ახლობლებზე, რომლებიც ურთულეს სიტუაციაში ცხოვრობენ.
პანდემიასთან დაკავშირებული ემოციური ფონის მიუხედავად, მოსახლეობა ცდილობს სტაბილურობის შენარჩუნებას და ზოგადი რეკომენდაციების გათვალისწინებას.