




მაისში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა პედაგოგებთან და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან თერჯოლის, წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის, ბაღდათის და ვანის მუნიციპალიტეტებში.
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ ახალ პროექტზე„ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლის მხარდაჭერის და მოძალადესთან თერაპიული მუშაობის სისტემის გაძლიერება“.
პროექტის ფარგლებში ფონდი „სოხუმი“ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოვლენის, მასზე რეაგირების და რეფერირების საკითხებზე მოამზადებს 50 პედაგოგს, 40 სამედიცინო მუშაკს და 50 პოლიციელს.
პედაგოგებმა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა შეავსეს ტრენინგის მონაწილის შესარჩევი ანკეტები და გამოხატეს მზადყოფნა თანამშრომლობისთვის.
14-17 მაისს ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა, ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო ევროპისა და ევრაზიის რეგიონში პროექტების განმახორციელებელთა შეხვედრაში, რომელიც ჩატარდა სარაევოში, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში. სამუშაო შეხვედრას ორგანიზება გაუწიეს და ჩაატარეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, Vital Voice-ის გლობალური პარტნიორობის და GuideHouse წარმომადგენლებმა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელშეწყობით განხორციელებული პროექტების შემსრულებელმა, სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორებმა ერთმანეთს გაუზიარეს სამუშაო გამოცდილება, მიღწევები და გამოწვევები. მათ განიხილეს აქტუალური საკითხები: გენდერული ძალადობის რეგიონალური ტენდენციები - გამოწვევები და შესაძლებლობები პოსტკონფლიქტურ სივრცეში, მარგინალური თემების ეკონომიკური გაძლიერება და ჩართულობის ხელშეწყობა, საპროექტო წინადადებების შემუშავების საუკეთესო პრაქტიკები და ფონდების მოძიების ინოვაციური მიდგომები, ციფრული უსაფრთხოება და პრაქტიკული აპლიკაციები და ა.შ. სამუშაო შეხვედრისას შეიქმნა პარტნიორებთან სოციალიზაციის, ინფორმაციის გაცვლის, სამომავლო თანამშრომლობის დასახვის შესაძლებლობები.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაეროს რეზოლუცია 1325-ის ლოკალიზაციის სამუშაო ჯგუფმა საინფორმაციო შეხვედრები დაასრულა. სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ: დევნილი ქალები და გოგონები, ახალგაზრდები, კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეები. წალენჯიხის გარდა, შეხვედრების ციკლი გაიმართა სოფლებში: ლია, ჯგალი, ფახულანი, წყოუში.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტზე, რომელიც ემსახურება სამიზნე ჯგუფის საჭიროებების გამოვლენას და მათზე დაფუძნებული ინიციატივების ადვოკატირებას; ისაუბრეს საკუთარ პრობლემებზე.
სამუშაო ჯგუფის ინიციატივით განხორციელდა შემეცნებითი, სპორტული და კულტურული ღონისძიებები ახალგაზრდებისათვის, რომელიც მათ ინფორმირებას და სოციალურ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. საინტერესოდ წარიმართა დიალოგი თვითმმართველობასთან, შეხვედრები პრობლემათა ადვოკატირების მიზნით.
კანონის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მონიტორინგის ფარგლებში მაისში კვლევის ობიექტი იყო ძალადობის მსხვერპლი 6 ქალი. ჩაღრმავებული ინტერვიუ მიზნად ისახავდა ინფორმაციის შეგროვებას: რამდენად ენდობიან ქალები სამართალდამცავ სტრუქტურებს, ეფექტურია თუ არა მათთან თანამშრომლობა უსაფრთხოების თვალსაზრისით, გამოკითხვის პროცესში რამდენად არის დაცული გენდერული ასპექტები, როგორია რეფერალურ სუბიექტებთან თანამშრომლობა.
ირკვევა, რომ მსხვერპლი ქალები ძალადობის შემთხვევაში, ძირითადად, სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართავენ. აღნიშნავენ მათ პროფესიონალიზს, თუმცა მიანიშნებენ დაკითხვის პროცესში ქალი-გამომძიებლების აუცილებლობაზე.